რა გაამყარებს ლარს?

რა გაამყარებს ლარს?

სტატია Forbes Georgia-ს 2021 წლის მაისის ნომრიდან.

2020 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 2 მილიარდი აშშ დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2019 წელთან შედარე­­­ბით, უარყოფითი ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) მილიარდი დოლა­­­რით გაიზარდა. სწორედ ეს იყო ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი.

ტრადიციულად, საქართველო ყვე­­­ლაზე მეტ დოლარს საქონლით საგარეო ვაჭრობაში კარგავს. თუმცა 2020 წლამდე საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალ­­­­­­დოს მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდოთი მნიშვნელოვნად ვაბალანსებ­­­­­­დით. მაგალითად, 2019 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 3.7 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მომ­­­­­­სახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო – 2.2 მილიარდი დოლარი. თუ საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას შევაჯამებთ, უარყოფითი სალდო 1.5 მილიარდ დოლა­­­რამდე მცირდება.

2020 წელს საგარეო ვაჭრობის უარ­­­­­­ყოფითი ბალანსი 3.1 მილიარდი დოლა­­­რი იყო, 2019 წლის უარყოფით ბალანსზე 585 მლნ დოლარით ნაკლები. 2020 წელს იმპორტი მეტად შემცირდა (1,200 მლნ დოლარით), ვიდრე ექსპორტი (615 მლნ დოლარით), რამაც ბალანსის გაუმჯობე­­­სება განაპირობა. თუმცა მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 2 მილიარდი დოლარით შემცირდა და, საბოლოო ჯამ­­­­­­ში, 2019 წელთან შედარებით საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 1.5 მილიარდი დოლარით გაუა­­­რესდა.

მომსახურების საგარეო ბალანსის გა­­უარესება ცალსახად ტურიზმის შეჩერებამ განაპირობა. 2019 წელს ვიზიტორებმა სა­­­ქართველოში 3.3 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს, 2020 წელს კი 542 მლნ დოლა­­­რამდე, შემოსავალი 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა. შემცირდა ქართველების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხაც – 477 მლნ დოლარით. საბოლოო ჯამში, სა­­­ქართველომ ტურიზმის შემცირებით 2020 წელს 2.3 მლნ დოლარი დაკარგა.

ტურიზმთან ერთად, სავალუტო შემო­­­დინებებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია პირდაპირი და პორტფე­­­ლის უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, ჯამში 1.3 მილიარდი დოლარით.

ამასთან ერთად, საქართველოს ეკო­­­ნომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც ლარზე რეალური მოთხოვნაც შეამცირა.

ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემო­­­და, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებუ­­­ლი 1.8 მილიარდ დოლარამდე საგარეო ვალი. ეს თანხა ძირითადად ეროვნული ბანკის უცხოურ სავალუტო რეზერვებში აისახა, საიდანაც 2020 წლის განმავლო­­­ბაში ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე 873 მლნ დოლარი გაყიდა, 2021 წლის იანვარ-აპრილში კი 243 მლნ დოლარი. პანდემიის დაწყები­­­დან დაახლოებით ერთ წელიწადში, ჯამში 1.1 მილიარდი დოლარი გაიყიდა. სწორედ დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინ­­­­­­ტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება.

ლარის კურსის ცვლილება, საგარეო ვაჭრობა და სხვა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ერთობლივად მიმდი­­­ნარე, დინამიკური პროცესია. რომ არა ლარის დოლარის მიმართ გაუფასურე­­­ბა, საქართველოს საგარეო ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) კიდევ უფრო მეტად უარყოფითი იქნებოდა.

პანდემიამ საქართველოში დოლარზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან ეკონომი­­­კურმა აქტივობამ და მოხმარებამ (შიდა მოთხოვნა) იკლო. მოხმარების კლება ამცირებს იმპორტირებული პროდუქციის შეძენას და ქვეყნიდან დოლარის გასვ­­­­­­ლას. შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო შემ­­­­­­ცირდებოდა, რომ არა მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ახალი სო­­­ციალური და სუბსიდირების პროგრამების ამუშავება. ნაწილი ხარჯების ზრდა გამარ­­­­­­თლებული იყო, რადგან უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებ­­­­­­ლად იყო მიმართული, მაგრამ ზოგადად, ხარჯების ზრდას უარყოფითი მხარეც აქვს – ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა და სახელმწიფო ვალის ზრდა.

2020 წელს იყო მოლოდინი, რომ პან­­­­­­დემიას ქვეყანა რამდენიმე თვეში დააღ­­­­­­წევდა თავს და ის 2021 წელს უმნიშვნელო პრობლემა იქნებოდა. ახლა ამ მოლოდინ­­­­­­მა 2022 წლამდე გადაიწია. ამის მთავარი წინაპირობა საქართველოში ვაქცინაციის ჩავარდნილი პროცესია. ვირუსის გავრ­­­­­­ცელების მინიმიზაციამდე დაკარგული შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი, ვერ აღდგება. საქართველო ვერც იმდენ საგარეო დაფინანსებას მიიღებს, რამ­­­­­­დენიც 2020 წელს მიიღო. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის მიმართ უკვე 65%-ს მიაღწია. რადგან კრიზისი ხანგრძლივია და საგა­­­რეო დახმარებები შემცირდა, აღარ არის მიზანშეწონილი, ეროვნულმა ბანკმა ისე­­­თი მოცულობის სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს, როგორიც გასულ წელს.

ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზ­­­­­­მის თუნდაც 2019 წლის დონის სანახევ­­­­­­როდ აღდგენა. უცხოური ვალუტის სხვა ახალი მნიშვნელოვანი ნაკადების მიღე­­­ბის წყარო არ გვაქვს. თუმცა ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო და არ არის გამორიცხული, 2021 წელი ტურიზმის მხრივ 2020-ზე უარესიც იყოს.

პანდემიის მესამე ტალღა საქართვე­­­ლოს მტკივნეული ეკონომიკური დილე­­­მის წინაშე აყენებს: 1. ან მნიშვნელოვნად იზრდება რეფინანსირების განაკვეთი (სესხებზე პროცენტი იზრდება), ეროვნუ­­­ლი ბანკი ამცირებს ერთობლივ მოთხოვ­­­­­­ნას, ყიდის დოლარს და ლარი მყარდება, ფასები სტაბილურდება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მცირდება (თუ საერთოდ კლებით არ დავასრულეთ 2021-იც) ან 2. ლარი კიდევ უფასურდება, ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეკონომიკური აქტივობა არ მცირ­­­­­­დება, ეკონომიკა იზრდება (თუ ვირუსის შესაკავებლად ისევ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დაწესდება).

ამ დილემიდან საუკეთესო გამოსა­­­ვალი რაც შეიძლება სწრაფი ვაქცინაცია და მოსახლეობის მხრიდან ვირუსის გავრ­­­­­­ცელების პრევენციული წესების მაქსიმა­­­ლურად დაცვაა. ეფექტიანი გამოსავალი ეკონომიკური პოლიტიკის სცენარებში არ არის, თუ ვირუსის გავრცელების ტალღებს არ შევეგუებით და ე.წ. ჯგუფურ იმუნიტეტს არ მივენდობით. ეს უკანასკნელი ნაკლე­­­ბად წარმოსადგენია. ასევე ნაკლებად წარმოსადგენია, რომ რამდენიმე თვეში მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება ან მოსახლეობა მინიმუმ სოციალურ დისტან­­­­­­ციას დაიცავს და ხალხმრავალ შეკრებებს მოერიდება.

ერთადერთი, რაც საქართველოს ეკო­­­ნომიკური დილემის შემსუბუქებაში შეიძ­­­­­­ლება დაეხმაროს, საგარეო ფაქტორებია. ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის და­­­მოკიდებული სავაჭრო პარტნიორი ქვეყ­­­­­­ნების (ძირითადად მეზობელი ქვეყნების) ვალუტის კურსის ცვლილებაზე დოლარის მიმართ. ჩვენი შიდა ამბების მიუხედავად, შესაძლოა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნე­­­ბის ვალუტის კურსი გამყარდეს, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის გამყარება­­­საც გამოიწვევს.

პროცესები საერთოდ ხელიდან რომ არ გაგვექცეს, ლარი მნიშვნელოვნად რომ არ გაუფასურდეს, ინფლაცია და ქვეყნის ვალი არ გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა, ვირუსის ნებისმიერი მასშტა­­­ბით გავრცელების პირობებში მთავ­­­­­­რობამ გასული წლის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დააწესოს. ამასთან ერთად, ბიუჯეტის დეფიციტი, თუ არ შემცირდება, მინიმუმ, აღარ უნდა გაიზარდოს. მთავრობამ თავი უნდა დაა­­­ნებოს სუბსიდირების ისეთ პროგრამებს, რომლებიც გარკვეულ დარგებში მოთხოვ­­­­­­ნას ხელოვნურად ზრდის, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას აზი­­ანებს და საბოლოო ჯამში ლარის გაუფა­­­სურებას და ინფლაციის მატებას უწყობს ხელს. ეკონომიკის სტიმულირება საბაზ­­­­­­რო საპროცენტო განაკვეთების შემცირე­­­ბით უნდა მოხდეს და არა სუბსიდირების პროგრამებით.

მოსალოდნელი მკაცრი ეკონომი­­­კური შეზღუდვებიდან ისიც გვაზღვევს, რომ საქართველო დამატებით სახელ­­­­­­მწიფო ვალს ვეღარ აიღებს, თუ აიღებს, ეს ძალიან დიდი შეცდომა და სახიფათო ნაბიჯი იქნება. ეკონომიკური შეზღუდვები ბიუჯეტის შემოსავლებს ამცირებს, ხარ­­­­­­ჯების ზრდის აუცილებლობას იწვევს და საბოლოოდ ბიუჯეტის დეფიციტს და ვალს ზრდის.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ლარს გაამყარებს სწრაფი ვაქცინაცია და ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების სრულად გახსნა. ყველა სხვა გამოსა­­­ვალს აქვს მძიმე ფასი, რომელიც ლარის გაუფასურებისგან მიღებულ ზარალზე არანაკლები ტვირთი იქნება მოსახლეო­­­ბისთვის.