როგორი გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონზე | IMF-ის ანგარიში

როგორი გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონზე | IMF-ის ანგარიში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ავრცელებს ახალ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს მსოფლიოზე.

IMF-ის შეფასებით, ომს გავლენა არამარტო ევროპაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე ექნება – მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ინფლაციის დონის ზრდა.

ომის გავლენა, ძირითადად, სამი მიმართულებით იქნება შესამჩნევი. პირველ რიგში, ენერგოპროდუქტებისა და სურსათის გაძვირება ინფლაციურ ზეწოლას გაზრდის, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მსყიდველობითუნარიანობასა და მოთხოვნაზე.

მეორე გამოწვევა უკრაინა-რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს უკავშირდება, მოსალოდნელია, რომ კონფლიქტმა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, ვაჭრობის შეზღუდვა და ფულადი გზავნილების შემცირება გამოიწვიოს.

მესამე საკითხი ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება – გაურკვევლობა და არასტაბილურობა ინვესტორების მხრიდან ნდობის შემცირებას გამოიწვევს, რაც ასახვას პოვებს აქტივების ფასებსა და განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინებაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ნავთობის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებში გაღრმავდება ფისკალური და სავაჭრო დეფიციტი. თუმცა, ნავთობის ექსპორტიორმა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, გაზრდილი ფასების წყალობით მეტი სარგებელი მიიღონ.

საკვები პროდუქტებისა და საწვავის მკვეთრი გაძვირება კი ზოგიერთ რეგიონში არასტაბილურობის ზრდის რისკებს გამოიწვევს, მათ შორის, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

IMF-ის ვარაუდით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგეტიკული ვაჭრობის წესრიგის ცვლილებამ, მიწოდების ჯაჭვების რეკონფიგურაციამ, საგადასახადო სისტემების ფრაგმენტაციამ და ქვეყნების მიერ სარეზერვო ანგარიშების გადახედვამ, შესაძლოა, ფუნდამენტურად შეცვალოს გეოპოლიტიკური წესრიგი და გლობალური ეკონომიკა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთზე დაწესებული სანქციები და ეკონომიკური რეცესია განსაკუთრებით დიდ გავლენას მოახდენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე. მოსალოდნელია: ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების შემოდინებების შემცირება, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციასა და ფისკალურ ანგარიშებზე.

ევროპაში სავალუტო ფონდი მთავარ გამოწვევად ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირებას და მიწოდების პრობლემის გაჩენის რისკების ზრდას ასახელებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევროპაში ლტოლვილთა მოზღვავებული რაოდენობის პრობლემაც გაჩნდეს.

IMF-ის შეფასებით, მსოფლიომ რუსეთ-უკრაინის ომის სრული გავლენა, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ იხილოს, თუმცა პირველი ნიშნები უკვე შესამჩნევია.