სილიკონ-ველის ტექნოლოგიური კომპანიების დიდმა ნაწილმა პანდემიის დაწყებისთანავე მიიღო დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება. ისინი ახლა უკვე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: როდის და რა ფორმით დააბრუნონ მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები ოფისებში, რომლებიც გუნდური მუშაობისთვის შეიქმნა.
კომპანიების მიერ თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას უფრო მეტად კორონავირუსის „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელება უშლის ხელს. ამის მიუხედავად, Microsoft-ი დასაქმებულების ოფისებში დაბრუნებას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, მათ შორის Apple-მა, Google-მა, Facebook-მა და Amazon-მა ოფისებში დაბრუნება მომავალ წლამდე გადაავადეს. კომპანიები თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას კვირაში 2-3 სამუშაო დღით მაინც განიხილავენ, რაც ტრადიციული სამუშაო გარემოსა და კულტურის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, მსგავსი გიგანტების გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს მთლიანად ინდუსტრიაზე და პროფესიული კადრების გადანაწილებაზე.
ფაქტია, რომ იზოლაციის პერიოდის გახანგრძლივება უფრო მეტად გაართულებს თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას. ისეთი კომპანიებიც კი, რომელთა მუშაობის სფეროს ციფრული და ონლაინპროდუქტები წარმოადგენს და რომლებიც დისტანციური მუშობისთვისაა შექმნილი, თვლიან, რომ დასაქმებულები პანდემიის შემდგომ კვირაში 2 ან 3 დღით მაინც უნდა დაუბრუნდნენ საოფისე გარემოს. Bay Area Council-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ პანდემიამდე კომპანიების 70% თანამშრომლების ოფისებში ყოფნას აუცილებლად თვლიდა, ივლისში მათი 2/3 იმედოვნებდა, რომ ოფისში დასაქმებულები 2-3 დღეს გაატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ თვით Zoom-ი და „სილიკონ-ველის“ ვიდეოკონფერენციის სერვისი, რომლებმაც სწორედ პანდემიიდან გამომდინარე არნახული შემოსავლების მიღება შეძლეს, უპირატესობას დროის გარკვეული პერიოდით თანამშრომლების ოფისებში მუშაობას ანიჭებენ.
კომპანიების გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად შესაძლოა ჩაითვალოს ის, რომ, ტექნოლოგიური გიგანტების უმრავლესობის აზრით, ფიზიკურ გარემოში თავმოყრილი თანამშრომლები ინოვაციური იდეების უფრო ეფექტიან წყაროს წარმოადგენენ, ვიდრე იზოლაციაში. სწორედ ამიტომ, კომპანიების უმრავლესობამ მილიონობით დოლარი დახარჯა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და შექმნა მიმზიდველი საერთო ტერიტორიები, რაც დასაქმებულებს ერთმანეთთან კონტაქტისკენ და „ბრეინსტორმინგისკენ“ უბიძგებს. იდეების გაზიარებით კი ინოვაციები იბადება.
აღსანიშნავია, რომ პანდემია და ტექნოლოგიური გიგანტების მიერ დისტანციურ მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა იქცეს საშუალებად მცირე კომპანიებისთვის, უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზებით სხვა ფირმების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მიიზიდონ. ამის მაგალითია პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი RunX-ი, რომელმაც გასულ წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო დისტანციური მუშაობა დაეხმარა ისეთი თანამშრომლების მიზიდვაში, რომელთა დაქირავებაც სხვა სიტუაციაში ბევრად უფრო რთული იქნებოდა. სტარტაპის სამუშაო გრაფიკი კი შემდეგნაირად გამოიყურება: კომპანიის რვა თანამშრომელი კვირაში ერთხელ სან-ფრანცისკოში ქირაობს ოფისს შეხვედრისთვის, თუმცა ის თანამშრომლები, რომლებიც შედარებით შორს ცხოვრობენ, სამ თვეში ერთხელ უერთდებიან გუნდის შეხვედრებს. როგორც კომპანიის დამაარსებელი ანკურ დაჰია აცხადებს, რომელსაც სამუშაო გამოცდილება Facebook-სა და Twitter-ში აქვს დაგროვებული, მსგავსი ტიპის და განრიგის შეხვედრები ბევრად უფრო ეფექტიანია და „ბრეინსტორმინგის“ გაცილებით დიდ რესურსსაც წარმოადგენს.