ახალი ლიბერთი | ინტერვიუ ვასილ ხოდელთან

ახალი ლიბერთი | ინტერვიუ ვასილ ხოდელთან

ვასილ ხოდელი თავის გუნდთან ერთად ამბიციურ მიზანს ისახავს, რომელსაც კონკრეტული სახელი აქვს – „ახალი ლიბერთი“.

ვასილ ხოდელს პირისპირ პირველად ვხვდები. „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში მაქვს საყდე ინტერვიუ ჩანიშნული.

მასზე რაც ვიცი, ის არის, რომ სანამ „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი გახდებოდა, საბანკო სექტორში დიდი გამოცდილება დააგროვა. მოლარე­-ოპერატორის პოზიციით დაიწყო და ამ სექტორისთვის ბევრ გადამწყვეტ მომენტში სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც სიახლის შეტანა და რეალური განვითარების შესაძლებლობა ჩნდებოდა. ხშირად – ნულიდან. ჯერ 1998 წელს – ეს EBRD-თან ერთ­-ერთი პირველი თანამშრომლობა იყო; შემდეგ – საქართველოს ბაზარზე კორპორაციული და საინვესტიციო მიმართულების დამკვიდრება; შემდეგ – ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და „საქართველოს ბანკის“ დიდი IPO.

აი, ამ ყველაფერს ვაანალიზებ, სანამ მობილურს ვაჩუმებ და ჩამწერ რეჟიმზე ვაყენებ. პირველ კითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

განათებულ, გამჭვირვალე ოთახში ვხვდებით ერთმანეთს. ცოტა ცხელა, თუმცა დიდხანს არ მალოდინებს. პირბადის მიღმა ღიმილს ვხედავ, როცა მესალმება და პირველი, რასაც მეუბნება, ის არის, რომ შეგვიძლია შენობით მივმართოთ ერთმანეთს. პირბადის მიღმა მეც ღიმილს ვუბრუნებ.

და პირდაპირ ვეკითხები, 19 წლიდან ერთ სექტორში როგორ გაძლო.

თურმე, წამოსვლა უნდოდა, სექტორის შეცვლა და სწორედ მაშინ გამოჩნდა კიდევ ერთი დიდი ტრანსფორმაციის შანსი, კიდევ ერთი დიდი ცვლილების, დიდი სიახლისა და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შანსი. „ასე შემოვბრუნდი ისევ სექტორისკენ“, – მეუბნება და ამატებს: „გამიმართლა. ალბათ ბევრჯერ მიმართლებდა ცხოვრებაში“.

და კიდევ ვეკითხები, ახალი „ლიბერთისთვის“ თვითონ როგორ განიახლებს ხედვებს. „გამოცდილების ანალიზი მეხმარება“, – მეუბნება და ამატებს: “წინა ხაზზე ყოფნა ბიზნესის ხედვას კიდევ სხვანაირად ხვეწს. სიახლეს ადვილად აფიქსირებ და როგორც კი მის გემოს გაიგებ, უკვე თვითონ იწყებ სიახლის ძიებას. ასე აღმოვჩნდი საბანკო ბიზნესის განვითარების ეპიცენტრში“.

ისევ საწყის კითხვას ვუბრუნდები: ამდენ ხანს ერთ სექტორში როგორ გაძლო. ასე მპასუხობს: „ყველაზე მეტად ადამიანთან ურთიერთობა მანთებს. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ბიზნესში პროდუქტის მწარმოებელი და მისი მომხმარებელი ამ პროდუქტის საპირისპირო მხარეს არ დგანან; ყველა ხედვისა და სტრატეგიის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი – თავისი საჭიროებებით; პროდუქტი და მისი მწარმოებლები კი მის გარშემო ტრიალებდნენ. როცა ეს გავიაზრე, ყველა გადაწყვეტილება, ყველა გეგმა ლოგიკურ ჯაჭვად აეწყო. ამას ვეძახი ბიზნესის სწორ ფილოსოფიას. ასეთი მიგნების გარეშე საბანკო ბიზნესის განვითარება ძვირად ღირებული წყლის ნაყვაა“.

მისთვის ამ ბანკის მთავარი კონკურენტული უპირატესობა „ლიბერთის“ გუნდია.

ვასილ ხოდელმა კარიერულ კიბეზე ყველაზე მაღალი საფეხური – გენერალური დირექტორობა – მაშინ შეითავსა, როცა მსოფლიოს თავს პანდემია დაატყდა. მისთვის ესეც საინტერესო გამოწვევაა.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

რო­გო­რი „ლიბერთი“ სჭირ­დე­ბათ დღეს ადა­მი­ა­ნებს?

„ლიბერთის“ ახალი მენეჯმენტი ჰყავს – ჩემი ჩათვლით. ჩვენ ფილოსოფიური საყრდენი გვაერთიანებს და ამით ვართ გამორჩეულები.

რა არის ახა­ლი „ლიბერთის“ ახა­ლი ფი­ლოსო­ფი­ა?

ადამიანი, თავისი ცნობიერებით, გამოცდილებით, ოცნებებით. ჩვენი ყველა საუბარი თუ მსჯელობა ამ განზომილებიდან იწყება.

ადა­მი­ა­ნი – კომ­პა­ნი­ის გა­რეთ თუ შიგ­ნით?

შიგნით და გარეთ. ადამიანებს რაღაც გვსურს, რაღაც გვტკივა და რაღაცას ვესწრაფვით. ბიზნესის ახალი ფილოსოფია დრომოჭმულისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ მხოლოდ მატერიალურ ფაქტორზე არ დავიყვანებით და მართვაც აღარ არის პირწმინდად იერარქიული. ადამიანებს თავიანთი ინდივიდუალიზმი და ღირებულებები აქვთ, რომლებსაც თუ მოისმენ ან ამოიცნობ, შემდეგ კი საერთო ხედვის გარშემო გააერთიანებ, ისეთი პროცესი დაიძვრება, რომლის გაჩერება შეუძლებელია. მეც სწორედ ასეთად წარმომიდგენია „ლიბერთის“ განვითარება.

იერარ­ქი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აზ­რი სა­ინტე­რე­სო იყო, გან­ვავ­რ­ცოთ – დრომ მო­ჭა­მა იერარ­ქი­უ­ლი მიდ­გო­მა?

იერარქია ყოველთვის არსებობდა და რაღაც დოზით ისევ იარსებებს, თუმცა ის სტრუქტურები თუ გუნდები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ, შეძლებისდაგვარად უნდა გრძნობდნენ, რომ არიან დამოუკიდებლები, რომ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ და მათი წვლილი მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია. ადამიანმა თუ დაასკვნა, რომ ის დამოუკიდებელია, თავისუფალი და თვითონაც ქმნის – ეს მისი ბედნიერების საფუძველი გახდება.

რო­გორ ითარ­გ­მ­ნე­ბა ეს ფი­ლო­სო­ფია სტრატე­გი­ა­ში? კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­და­იდ­გას იმის­თ­ვის, რომ ამ ტი­პის ბედ­ნიე­რე­ბა მი­ი­ღოთ, რო­გორც „ლიბერთისთან“ ასო­ცი­რე­ბის მთა­ვა­რი შე­დე­გი? – რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, აქამ­დე მი­ვე­დით.

ახლა რასაც ვიტყვი, „ლიბერთისგან“ გაჟღერებულ სიახლეს არ წარმოადგენს; ეს ბანალური და კარგად გამოცდილი სიმართლეა: ყველა მოწინავე ბიზნესი მთავარ აქცენტს პროდუქტიდან მომხმარებელზე გადაანაცვლებს. ამას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კარგად უნდა იცნობდე შენს მომხმარებელს; იცოდე, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს – და ეს ადამიანები, როგორც აღვნიშნე, არიან „ლიბერთის“ ოჯახის წევრები, და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ჩვენი სერვისებით სარგებლობენ. მთავარია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ, აუცილებლად დააფუძნო კითხვას – სწორედ ეს სჭირდებათ ადამიანებს? ამ საჭიროებებს სულ უნდა იკვლევდე. აი, ეს მიდგომა თუ ხდება პროცესისა და ფიქრის ნაწილი, უფრო სარგებლიან პროდუქტებს და სერვისებს ქმნი, ვიდრე მხოლოდ საკუთარი აზრის გათვალისწინებით შექმნიდი.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ამ მიდ­გო­მას მოაქვს ბან­კის­თ­ვის, გა­სა­გე­ბია – უკე­თე­სი, უფ­რო მიზ­ნობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვისე­ბი – გა­მოწ­ვე­ვე­ბი სად იმა­ლე­ბა?

ყველაზე დიდი გამოწვევაა კორპორაციული კულტურის ცვლილება. სწორედ ახლა ამ საკითხის სერიოზულ ანალიზს ვაკეთებთ. პირველ რიგში ვცვლით მიდგომასა და დამოკიდებულებებს. ნებისმიერი ცვლილება, ყველაზე მოსაწონიც კი, მაინც კვებავს გარკვეულ დისკომფორტს. მთავარი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ ცვლილება ისე მოხდეს, რომ ადამიანებისთვის და, ჯამში, კომპანიისთვის ნაკლებად სტრესული გამოდგეს. გვესმის, რომ ახალმა გუნდმა ისე უნდა წარვმართოთ პროცესი, რომ ამ ცვლილებების მიმართ ინტერესი და მიმღებლობა გავზარდოთ, ცვლილების პროცესი კი ეფექტიანი გავხადოთ.

და რა არის აქ მთა­ვა­რი იარა­ღი – კო­მუ­ნიკა­ცი­ა?

ნამდვილად. მეტი გახსნილობა, მეტი გამჭვირვალობა და ხშირი კომუნიკაცია. პირადად ჩემი დროის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამაზე იხარჯება. სამწუხაროდ, პანდემიამ განვითარების დასახული ტემპი შეანელა, მაგრამ მას ჩვენი მოძრაობის კურსი არ შეუცვლია. მიზნის მიღწევისთვის შეიძლება ოდნავ მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ მას აუცილებლად მივაღწევთ.

რადგან ეს პროცესი გახსნილი და კრეატიულია, შესაბამისად – ჩემი კარი ყოველთვის ღიაა – და ამას ხატოვნად არ ვამბობ – ნებისმიერი პოზიციის ადამიანმა იცის, რომ მას შეუძლია, შემოვიდეს და იდეა გამიზიაროს. მის თანამდებობას მნიშვნელობა არა აქვს. ყველას იდეა ძვირფასია.

დი­დი ტრან­ს­ფორ­მა­ცია ელო­დე­ბა „ლიბერთის“ – მათ შო­რის, იმ იერარ­ქი­უ­ლი მიდ­გო­მის სა­პირ­წო­ნეც, რაც თქვენ ახ­სენეთ, ასე არ არის?

დიახ, ასეა. დავიწყეთ ტრანსფორმაციის პროექტი, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას უზრუნველყოფს; ეს კი – ადამიანების კმაყოფილების ამაღლებაა. ჩვენ აგრეთვე შევუდექით ე.წ. ეჯაილ მოდელის სხვადასხვა მიმართულებაში ადაპტაციას. მიგვაჩნია, რომ ეს გაგვხდის უფრო მოქნილს, უფრო სწრაფს გადაწყვეტილების მიღებაში და იმ სერვისების გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაში, რომლებიც „ლიბერთის“ პროდუქტებისა და სერვისების მიმღებ ადამიანებს სჭირდებათ.

რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ი­დან მო­ვი­და ეს, მოდი, ასე ვთქვათ, ახა­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა გუნ­დუ­რი, უფ­რო ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მუ­შა­ობის, სის­ტე­მე­ბით მარ­თ­ვის – რამ მო­ი­ტა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი?

რაც დრო გადის და თაობები იცვლება, ახალგაზრდა თაობისთვის მოსაწყენი, ერთფეროვანი სამუშაო ნაკლებად მიმზიდველია. „ლიბერთის“ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდები არიან. ჩვენთან საშუალო ასაკი 30-35 წლის ფარგლებში მერყეობს და ბევრი ძალიან ახალგაზრდა ადამიანი მუშაობს ჩვენთან. რამდენადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს სამუშაო ადგილი, თუკი მასში მოღვაწეობა მოსაწყენია, ახალგაზრდები შესაძლოა არც კი დაინტერესდნენ. ჩვენს შემთხვევაში, შემოქმედებითობისა და ნოვატორობის შესაძლებლობაა ის მთავარი მიმზიდველი ფაქტორები, რის გამოც ახალგაზრდები სამუშაო ადგილად გვირჩევენ. ბიზნესი, რომელშიც სამსახურებრივი პროცესები თავისუფლებისა და კრეატიულობის გათვალისწინებით იწერება, ადამიანებისთვის უფრო საინტერესოა. საბანკო სექტორი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

გა­მო­დის, რომ ამ ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას გა­დის არა მხო­ლოდ „ლიბერთი“, მთე­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რი და ეს სრუ­ლად თან­ხ­ვ­დე­ნი­ლია გლო­ბა­ლურ ტრენ­დ­თან – სწო­რად გა­ვი­გე?

დიახ. აქამდე საბანკო სექტორი მონოლითური, იერარქიული სტრუქტურა იყო. ამ თვისებებს ის დღესაც ინარჩუნებს, ნაწილობრივ. თუმცა, თუ მოხერხდა, რომ უფრო მეტი გასაქანი მიეცა შემოქმედებასა და სიახლის ძიებას, ეს სამუშაო პროცესს სახალისოს და კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის.

რად­გან გლო­ბა­ლურ ტრენ­დებს შე­ვე­ხეთ, კი­დევ ერთ ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო ტრენ­დად მი­მაჩ­ნია მომ­ხ­მა­რებ­ლის ცნე­ბის და, შესა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­ფარ­თო­ებაც. რო­გორ არის თქვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­დუქ­ტი­სა და სერ­ვისის დახ­ვე­წას აპი­რებთ, ით­ვა­ლის­წი­ნებთ მხო­ლოდ იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც სა­ბან­კო სექ­ტორ­შია დაგ­რო­ვი­ლი, თუ, ვთქვათ, იმავე რი­ტე­ილ­-­სექ­ტორ­შიც, სა­დაც მომ­ხ­მა­რებე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა?

მე სულ ვცდილობ, გადაწყვეტილების მიღებისას მაგიდასთან ისხდეს ისეთი ხალხი, რომელსაც განსხვავებული აზროვნების სტილი, განსხვავებული განათლება და გამოცდილება აქვს. ეს ის სინთეზია, რომლის წყალობითაც ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და სწორედ ამის შედეგი იყო, მაგალითისთვის, ჩვენს დირექტორატში ჰოსპიტალითი სფეროდან თანამშრომლის აყვანა – რითაც ძალიან ვამაყობთ. ექსპერიმენტის შედეგი კი ასეთია: მომსახურების ბიზნესში არსებულ მოწინავე ცოდნას ვიძენთ და საუკეთესო პრაქტიკას ვამკვიდრებთ. არაორდინარული და თამამი გადაწყვეტილებები – სხვა ბიზნესებში დაგროვილი ცოდნის მოძიება და მისი ბანკზე ადაპტირება; ასე ვუყურებთ ჩვენ კონკურენტულობას.

დღეს რა არის „ლიბერთის“ მთა­ვა­რი კონკუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა და რა არის ამხე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

„ლიბერთის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი გუნდი – ის ადამიანები, ვისზეც ვამბობდი, რომ უკეთ უნდა გვესმოდეს, რა ანთებთ მათ, რა ამოძრავებთ მათ, რა სჭირდებათ მათ. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა. ეს არის კრეატიული, ჭკვიანი, შედეგებზე ორიენტირებული ხალხი. ამის შემდეგ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვნად განახლებული ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ ჩვენს ძირითად პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელზეც ჩვენი ბანკი – და არა მხოლოდ, ზოგადად, საბანკო სისტემა – დგას. 2017 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჩვენი ძირითადი სისტემები სრულად განახლდა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ ყველაზე ფართო ქსელს, ასევე ბანკის შიდა ძალებით შეიქმნა აბსოლუტურად ახალი ელექტრონული არხები – კერძოდ, ახალი მობაილ- და ინტერნეტბანკის პლატფორმები, რომლებიც „ლიბერთის“ შიგნით, ჩვენივე გუნდის მიერ არის შექმნილი. ეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებია. აგრეთვე, უნდა აღვნიშნო მრავალფეროვანი, განახლებული სერვისცენტრები, რომელთა საშუალებითაც გვექნება შეხება ჩვენი სივრცით მოსარგებლე ადამიანებთან.

პან­დე­მია თა­ვის­თა­ვად აღ­მოჩ­ნ­და მსოფლი­ოს და არა მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნის ტრანს­ფორ­მა­ცი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი – ფაქ­ტი­ა, რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ისე დაბ­რუნდეს, რო­გორც კო­ვიდ­-­1­9­-­მ­დე იყო. თქვენ­ზე რა გავ­ლე­ნა იქო­ნია პან­დე­მი­ამ?

რთული წელი იყო. არა მხოლოდ „ლიბერთისთვის“, ზოგადად საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი დადებითი მხარეც. თუ დისკომფორტი არ შეგექმნება, შეიძლება ერთ ადგილზე დარჩე – ეს ეხება ადამიანსაც, კომპანიასაც და ქვეყანასაც – იფიქრო, რომ სადაც ხარ, იქ კარგია. პანდემიამ ჩვენში ის გამოიწვია, რომ „ლიბერთის“ „ყაზარმულ“ რეჟიმზე გადასვლა მოუწია. ბევრი პროცესის გადალაგება მოგვიხდა, თანაც – საკმაოდ მოკლე ვადაში და ამან ბევრი საინტერესო შესაძლებლობაც გამოაჩინა. ადრე რაზეც ნაფიქრი არ გვქონდა, საჭიროებამ მოითხოვა, რომ განგვეხილა და გადაგვეკეთებინა. უხეშად რომ ვთქვათ, ბევრ ნაწილში „ფოკუსები გავასწორეთ“. მეორე დადებითი ცვლილება, რაც კოვიდკრიზისს მოჰყვა არის ის, რომ ჩვენი მომხმარებლები უფრო მეტად ციფრულ არხებზე ორიენტირებულნი გახდნენ, ამ პროცესში კი აქტიურად იყო ჩართული „ლიბერთის“ ყველა თანამშრომელი და სწორედ მათი მხარდაჭერით განხორციელდა ყოველივე. ამ ფაქტმა ასევე მრავალი ახალი შესაძლებლობა გააჩინა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა – კორპორაციული კულტურის ცვლილებაა. სწორედ ახლა ამ საკითხის სერიოზულ ანალიზს ვაკეთებთ“.

ანუ არ­სე­ბობს ქცე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მას შემდე­გაც დარ­ჩე­ბა, რაც პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, არა?

ამ ეტაპზე კონკრეტულად არავინ იცის, პანდემია როდის გადაივლის. მე ამას უკვე როგორც მოცემულობას, ისე აღვიქვამ. მირჩევნია, ასე ვიფიქრო, რადგან ყოველდღე რომ მის დასრულებას ველოდოთ, ალბათ, ბოლოს საღი აზრი გვიმტყუნებს. ამიტომ პანდემიას ვარქმევ მოცემულობას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ქცევას, რომელიც „ლიბერთის“ ოჯახის ადამიანებისთვის უკვე ნორმად იქცა, მეც ნორმად აღვიქვამ. იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ჩვენი სერვისებით სარგებლობენ, ეს მოცემულობა ასევე ნორმა ხდება. ცივილიზაციას წინააღმდეგობისა და სირთულის გადალახვის პროცესი ქმნის. ამიტომ, ისეთი არასასურველი მოვლენაც კი, როგორიც კოვიდია, შეიძლება, საბოლოო ჯამში ჩვენი განმავითარებელი აღმოჩნდეს.

უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­შიც ატყობთ ამ ცვლი­ლე­ბას? ისი­ნი თქვე­ნი მომ­ხ­მა­რებ­ლების უდი­დეს ნა­წილს შე­ად­გე­ნენ.

„ლიბერთი“ დაახლოებით 1.6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლებსაც. ყველა ჩვენს მომხმარებელში შეიმჩნევა ციფრულ არხებზე გადაწყობის სურვილი. ჩვენ არც გვეგონა, ისე სწრაფად ხდება ქცევის ცვლილება ადამიანებში და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

1.6 მი­ლი­ო­ნი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლიო და რო­გორია „ლიბერთის“ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, რო­გო­რი პორ­ტ­რე­ტი და­ი­ხა­ტე­ბა?

„ლიბერთის“ მომხმარებელი არის ადამიანი – ისეთივე, როგორიც ხართ თქვენ და მე. ადამიანები თავიანთი ოცნებებით, სურვილებით და მათ სჭირდებათ მარტივი, სწრაფი და გამართული სერვისი, და გასაგებ ენაზე კომუნიკაცია. აი, ეს არის ჩვენი მომხმარებელი – რომელსაც სჭირდება მეტი კომუნიკაცია და რაც მთავარია – მეტი ზრუნვა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, პრაქ­ტი­კულად, ერ­თ­სა და იმა­ვეს ამ­ბო­ბენ, რომ საქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი უფ­რო სწრა­ფად იზ­რ­დე­ბა, ვიდ­რე ქვეყ­ნის ეკო­ნომი­კა. რო­გო­რი ტრენ­დია ეს და შე­საძ­ლებლო­ბა უფ­რო­ა, თუ გა­მოწ­ვე­ვა?

საქართველოს დღევანდელი სურათი, სამწუხაროდ, არის ის, რომ ჩვენ განვითარებადი, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ. სასურველია, რომ ეს ასე არ იყოს და იდეალურია, რომ ერთი ტემპით ვითარდებოდეს საბანკო სექტორიც და ეკონომიკაც, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა დაეწიოს საბანკო სექტორის ზრდას, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ბიზნესმა შექმნას გარკვეული კონკურენტული პროდუქცია და მომსახურება, რომელიც შემდეგ შეიძლება გავიდეს ექსპორტზეც. ამას სჭირდება პროფესიონალი კადრები, სწორი, წამახალისებელი კანონმდებლობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საკითხი მთლიანად ქვეყნის გადასაჭრელია. საბანკო სექტორის ზრდა დღეს რომ არ ასწრებდეს ეკონომკის ზრდას, მაშინ ეკონომიკა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა. ამიტომ ამ საკითხს ასე ვუყურებ – ვისაც ზრდის შესაძლებლობა აქვს, გაიზარდოს და ვინც წინ მიიწევს, მერე ლოკომოტივის როლი შეითავსოს და დაძრას ის ნაწილიც, რომელიც ჩამორჩება ხოლმე ზრდის ტემპში.

თუმ­ცა, ეს ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რიც ხომ არ­სებობს – რაც უფ­რო მა­ღა­ლია და ინ­კ­ლუ­ზი­ურია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, მით უფ­რო მე­ტად აისა­ხე­ბა ეს თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ვინც შემ­დეგ თქვენ­გან პრო­დუქტს ან სერ­ვისს ყი­დუ­ლობს – ასე არ არის?

რა თქმა უნდა, ადამიანების კეთილდღეობა აისახება ბანკების კეთილდღეობაზე. შარშან, მაგალითად, დღევანდელი რეალობით გამოწვეულ ბანკების პრობლემებს ბევრი მხარე გაგებით მოეკიდა, მათ შორის – მარეგულირებელი, მთავრობის მხრიდანაც იყო გარკვეული ხელშეწყობა იმისთვის, რომ ეს რთული პერიოდი ისე გადაგვევლო, რომ სწორედ ადამიანებისთვის ყოფილიყო ნაკლებად მტკივნეული ამ პროცესის გადავლა და სწორედ მათთვის არ გაუარესებულიყო პირობები – მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში საბანკო სერვისებით მოსარგებლე ადამიანების მნიშვნელოვანი და არა მცირე ნაწილის რისკიანობა გაიზარდა.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

პან­დე­მი­ას, სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბებ­სა და რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზე­ბებს გუ­ლის­ხ­მობთ…

დიახ. საბანკო სექტორი თავად გამოვიდა ინიციატივით და შევძელით ამ ინიციატივის მნიშვნელობის მიტანა როგორც მთავრობასთან, ისე მარეგულირებელთან – საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

ბევ­რი შე­ფა­სე­ბა ის­მის, მათ შო­რის, ფიტჩის, მუ­დი­სის, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რი მზად შეხ­ვ­და ამ კრი­ზისს – ასე­ა?

დიახ, ასეა. თუმცა ამაზე მეტად მომზადებული უნდა შეხვედროდა და თადარიგი უფრო მეტად უნდა დაგვეჭირა თუ უფრო ნაკლებად – ამის განსჯა დღეს ცოტა რთულია. ფაქტი ერთია, რომ სექტორი ამ პანდემიას ნამდვილად მომზადებული შეხვდა და შემდეგაც, ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეფექტიანად წარიმართა.

ახა­ლი გუნ­დი რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ. როგორ მარ­თავთ ამ გუნდს?

„ლიბერთი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ამ ქვეყანაში. ჩვენთან 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. მე ვემხრობი ისეთ მიდგომას, რომელიც ადამიანის ნიჭისა და უნარების გამოვლენაზეა ორიენტირებული – ასე დავარქმევდი. არ უნდა არსებობდეს ისეთი ტაბუდადებული თემები, რომლებიც შეიძლება ბანკში იხილებოდეს. ყველაფერი უნდა იყოს ღია და ამისთვის უნდა შევქმნათ დაცულობის შეგრძნება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად საუბრისა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მოკლედ, ადამიანის თავისუფლებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და, შესაბამისად, აზრის გამოთქმის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება – ჩემთვის მთავარი ღირებულებებია და აი, ამ ღერძის გარშემო ვცდილობ ხოლმე პროცესების მართვას. „ლიბერთის“ ოჯახის წევრებს კი მადლობა მინდა გადავუხადო გულწრფელობისთვის, მხარდაჭერისთვის და კომპანიის ღირებულებების გაზიარებისთვის.

ბა­ზარ­ზე? ბა­ზარ­ზე მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ მე­ტი რე­გუ­ლი­რე­ბა?

მე მეტი თავისუფლების მომხრე ვარ. კონკურენციის მომხრე ვარ და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემო კონკურენტული უნდა იყოს. ამ ყველაფერთან ერთად კი, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს არის ის ბალანსი, რომელიც სამართლიანი თამაშის წესებს უზრუნველყოფს.

სა­პენ­სიო ნა­წილ­ში რო­გო­რი წე­სე­ბია და აქაც კონ­კუ­რენ­ცი­ის მომ­ხ­რე ხართ?

დიახ, კონკურენციის მომხრე ვარ ყოველთვის და ყველა სეგმენტში. კონკრეტულად ამ ნაწილშიც, რაზეც მეკითხებით, აქაც – კონკურენცია დღესაც არსებობს. არაერთხელ მისაუბრია ამ თემებზე, მათ შორის, პარლამენტში, მათ შორის, პრეზენტაციებით, კონფერენციებზე. ვამბობ, რომ თუ ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს და ვაღიარებთ ისეთ ცნებას, როგორიცაა საბაზრო ფასი, მაშინ სწორედ ამას უნდა ვცეთ პატივი.

მაგ­რამ, რო­ცა კა­პი­ტა­ლის ბა­ზა­რი პრაქ­ტიკუ­ლად არ არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში – სა­ი­დან ვი­ცით, რა არის სა­ბაზ­რო ფა­სი?

ამის გადამოწმება დღეს ძალიან მარტივია. გვყავს მარეგულირებელი, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ საბანკო სექტორის შესახებ ინფორმაცია ძალიან გამჭვირვალეა და მარტივად შეიძლება იმის ნახვა, თუ რას ნიშნავს საბაზრო ფასი – სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში რა არის საშუალო ფასი. ასე რომ, კიდევ ერთხელ, კონკურენციას ვემხრობი. არ ვემხრობი თემის პოლიტიზებას, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ამან შეიძლება გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონიოს კერძო სექტორზე და კონკრეტულად საბანკო სექტორზე, რომელიც დღეს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა.

აქ პრობ­ლე­მა ისიც მგო­ნი­ა, რაც ცო­ტა ხნის წი­ნაც ვახ­სე­ნეთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოსავ­ლე­ბი ძა­ლი­ან ნე­ლა იზ­რ­დე­ბა ამ ქვე­ყანა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით – უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თქვე­ნი სტრატე­გია რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბა ყვე­ლა სეგ­მენ­ტ­ში გა­ი­ზარდოს?

ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველასთვის ერთიანად გაიზარდოს. ჩვენ არ ვასხვავებთ ჩვენს მომხმარებელს ასაკის მიხედვით, თუმცა კომუნიკაციის კუთხით, მათ საჭიროებებზე მორგების თვალსაზრისით გვექნება ინდივიდუალური მიდგომა. კმაყოფილების გაზომვაზე როცა ვსაუბრობ, ეს აბსოლუტურად ყველა სეგმენტს ეხება და შეიძლება პირველ რიგშიც კი იმ მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელიც დღეს ჩვენი სერვისებით სარგებლობს და ისინი უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. 

კა­პი­ტა­ლის ბა­ზარს კონ­კუ­რენ­ტად აღიქ­ვამთ?

არა. არა – იმიტომ, რომ ზოგადად კაპიტალის და კრედიტის ბაზრები ერთმანეთის შემავსებელი სექტორებია და არა კონკურენტული. რაც უფრო მეტი კაპიტალი აქვს ბიზნესს, მით უფრო მეტი სესხის გაცემა შეიძლება ამ კომპანიაზე ნაკლები რისკით. ამიტომ რაც უფრო ეფექტიანი და განვითარებული არის კაპიტალის ბაზარი ქვეყანაში, მით უფრო მდგრადი განვითარების პოტენციალი აქვს საბანკო სექტორს. სამწუხაროდ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის აქტივობა ძალიან დაბალია. მხოლოდ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ შეძლო კაპიტალის მოზიდვა, ისიც უცხოური, დიდი საფონდო ბირჟების საშუალებით. საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებას მრავალი გამოწვევის გადალახვა სჭირდება, როგორიცაა პოტენციური ინვესტორების ცნობიერების გაზრდა, საკანონმდებლო მექანიზმის დახვეწა, საჯარო რეპორტების გამჭვირვალობის გაზრდა და ა.შ.

კა­პი­ტა­ლის ბა­ზა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უფ­რო იაფ ფულ­ზე ზრდის?

კაპიტალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სესხი. მარტივი ლოგიკაა – სესხს არავინ მოგცემს, თუ ბიზნესში საკუთარი ფული ჩადებული არ გაქვს. თუმცა, როცა ვალდებულების გასტუმრების დრო დგება, ჯერ კრედიტი იფარება და შემდეგ -კაპიტალი. ამდენად, კაპიტალი უფრო რისკიანია. შესაბამისად, უფრო ძვირიც ღირს. ლარში ჩადებული კაპიტალი ამ ქვეყანაში მინიმუმ 17-20% უნდა ღირდეს. ამიტომ კაპიტალი იაფი ინსტრუმენტი არ არის.

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად მო­გე­ბია­ნია ბან­კე­ბის­თ­ვის?

საბანკო სექტორისთვის, ისევე როგორც მთელი ეკონომიკური გარემოსთვის, გაცილებით ხელსაყრელია სტაბილური კურსი.

საქართველოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის 55%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. ლარის გაუფასურების შედეგად პორტფელის ეს ნაწილი მოცულობაში პროპორციულად იზრდება, თუმცა კლიენტებისთვის უფრო რთული ხდება ყოველთვიური შენატანის გაკეთება, თუ მათ შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. ამის შედეგად იზრდება ვადაგადაცილებული სესხების ნაწილი და, შესაბამისად, სესხების რეზერვის ხარჯი ბანკისთვის, რაც ამცირებს კაპიტალს და მომავალი ზრდის პოტენციალს.

„მე სულ ვცდილობ, გადაწყვეტილების მიღებისას მაგიდასთან ისხდეს ისეთი ხალხი, რომელსაც განსხვავებული აზროვნების სტილი, განსხვავებული განათლება და გამოცდილება აქვს. ეს ის სინთეზია, რომლის წყალობითაც ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ “.

თვი­თონ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რება­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს პრობ­ლე­მა­ა?

ამ კუთხით ლარის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. საინვესტიციო კლიმატს სჭირდება მეტ-ნაკლები სტაბილურობა ამ ნაწილში. ინვესტორები, რომლებიც აქ მოდიან, ლარს ენდობიან, ამიტომ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რა შეიძლება მოუვიდეს ადგილობრივ ვალუტას.

თუმ­ცა, ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა კონ­კ­რე­ტულად არა­ვის მან­და­ტი არ არის – ინ­ვეს­ტო­რი პა­სუხს ვე­რა­ვის მოს­თხოვს…

მთლიანად ქვეყნის მანდატია. სებ-ი თავის როლს ასრულებს, მთავრობა – თავის როლს. გავიმეორებ: პროგნოზირებადობა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საქართველოში ფულს დებს და ლარს ენდობა. მოკლე ვადაში რყევა პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ ეს პანიკაში არ გადაიზარდოს.

მო­ლო­დი­ნებს გუ­ლის­ხ­მობთ?

დიახ, ზუსტად. ეს უნდა იყოს სწორად მართული. ინვესტორებსაც და ბიზნესსაც უნდა ჰქონდეთ ადეკვატური მოლოდინების ფორმირების შესაძლებლობა. ეს არის პროგნოზირებადობის მთავარი საფუძველი.

თქვენ რა მო­ლო­დი­ნებს უქ­მ­ნით სა­კუ­თარ თავს – აი, მა­გა­ლი­თად, სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი თუ გაქვთ? ხში­რად გვეს­მის, რომ ამ სექ­ტორ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭიროა მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი ასახ­ვა. პროგ­ნოზი­რე­ბა­დო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ და მარ­თ­ლა ასე­ა? და რამ­დე­ნად ცოცხა­ლია მა­შინ ეს დო­კუ­მენ­ტი?

„ლიბერთის“ აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. სწორედ ამ გეგმის ნაწილია ის, რომ ჩვენ ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ ბიზნესს უნდა ვაკეთებდეთ და არა – პროდუქტებზე. ჩვენ ვართ ადამიანების ბანკი, მათი ოჯახებისა და მათი ბიზნესების მომსახურე ფინანსური ინსტიტუტი. ანუ ჩვენი სეგმენტი არის ადამიანები და მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ტოპ სამ არჩევანში, მყარი პოზიციებით. ჩვენი მიზანია, გავუადვილოთ ცხოვრება ადამიანებს და მათ ბიზნესებს.

აი, მე, რო­გორც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი რომ მოვალ „ლიბერთიში“, რა­ში აისა­ხე­ბა ის, რომ თქვენ მე გა­მი­ად­ვი­ლებთ ცხოვ­რე­ბას?

როცა ვთქვი, რომ რა ამოძრავებთ ადამიანებს, ეს უნდა გვესმოდეს, ამას ვამბობ კონკრეტული გეგმის საფუძველზე – კერძოდ, „ლიბერთიში“ აკუმულირებულია საკმაოდ დიდი განძი, რომელსაც ჰქვია ინფორმაცია. ამ ინფორმაციას სჭირდება სწორი დამუშავება და აქ, „ლიბერთიში“ არის საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელმაც შექმნა ციფრული არხები და პლატფორმები, ასევე – სპეციალური სისტემები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამ ინფორმაციის სწრაფი და მარტივი დამუშავება. ამ პროცესის შედეგად ჩვენ უკეთ გავიგებთ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს და სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს გავაკეთებთ. ჩვენი სერვისით მოსარგებლე ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათი მართლა გვესმის.

მეჩ­ვე­ნე­ბა, თუ სიტყ­ვა მომ­ხ­მა­რე­ბელს გაურ­ბი­ხართ? არ მოგ­წონთ?

ადამიანი მირჩევნია. ბევრს ვფიქრობ ამ მიმართულებით. მალე ბოლომდე ჩამოვყალიბდები ამ ტერმინებთან მიმართებით და თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ.

საათზე მეტია, ვსაუბრობთ. ინტერვიუს ვასრულებ.

ხელს ვართმევთ და ვთანხმდებით, რომ როგორც კი ახალი „ლიბერთი“ ფეხს აიდგამს, „ფორბს ჯორჯიას“ ფურცლებზე მომხმარებლის კმაყოფილებასაც შევაჯამებთ და იმაზეც ვიმსჯელებთ, უკვე ამ მიმართულებით რა ტერმინს დაამკვიდრებს „ლიბერთი“. ფაქტია, პენსიონერი უფროსი ასაკის ადამიანით უკვე ჩაანაცვლა. რაც, ჩემი აზრით, ერთი სიგნალია, რომ ახალი „ლიბერთის“ ფილოსოფია ძველისას აჯობებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *