რა ჯდება Netflix-ით სარგებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

რა ჯდება Netflix-ით სარგებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიმინგპლატფორმა Netflix-ი, მრავალი ქვეყნის მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს წვდომას ფილმებზე, სატელევიზიო შოუებსა და დოკუმენტური ფილმების ფართო ბიბლიოთეკაზე. თუმცა პლატფორმაზე წვდომის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რაც ასახავს მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ უთანასწორობასა და ბაზრის დინამიკას.

224 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, სადაც 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით Netflix-ი ხელმისაწვდომი იყო, სერვისის ღირებულება ყველაზე ძვირი – თვიურად $21.48 – შვეიცარიაში და ლიხტენშტაინშია. ამ ქვეყნებში სერვისის ფასი $5-ით აღემატება რეიტინგში მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ ქვეყანას – დანიას. პლატფორმის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყნების ხუთეულში, შვეიცარიასთან ერთად, მსოფლიოს სხვა უმდიდრესი სახელმწიფოები მოხვდნენ. მათ შორისაა დანია, ირლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სერვისით სარგებლობის თვიური ღირებულება $16,46-დან $15,49-მდე მერყეობს.

რეიტინგის დასასრულს კი წარმოდგენილია ქვეყნები, სადაც პლატფორმით სარგებლობა ყველაზე იაფია. სიას ასრულებს პაკისტანი – $2.82-იანი თვიური გადასახადით, მას მოჰყვება თურქეთი – $3.38 და არგენტინა – $3.57.

საქართველოში Netflix-ის სტრიმინგსერვისის ღირებულება $12.70-ია, ყველაზე მაღალი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. თურქეთი მხოლოდ $3.38-იანი თვიური ღირებულებით, რეიტინგის ბოლოს წინა ადგილზეა, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი სერვისით სარგებლობა თვიურად $10.76 ჯდება.

სახელმწიფოების მიხედვით, Netflix-ით სარგებლობის განსხვავებულ ღირებულებაზე გავლენას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს, ესენია:

ეკონომიკური ფაქტორები: ბაზრებზე Netflix-ის მიერ წარმოდგენილი ფასი შესაბამისობაშია მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობასთან. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, როგორც წესი, შედარებით მაღალი გადასახადიცაა.

კონკურენცია ბაზარზე: ბაზარზე ძლიერი ადგილობრივი სტრიმინგსერვისების არსებობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს Netflix-ის ფასებზეც და მოარგოს ის კონკურენტების შეთავაზებებს.

კონტენტის ლიცენზირება: კონტენტზე უფლებების შეძენის ღირებულება განსხვავებულია რეგიონებისადა მიხედვით. ლიცენზირების მაღალი გადასახადი Netflix-ის სერვისებზე ფასის ზრდასაც იწვევს.

ვალუტა: ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებას შეუძლია გავლენა იქონიოს Netflix-ის ფასების მოდელზე და გამოწერის ღირებულების პერიოდული კორექტირება გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ხშირ შემთხვევაში სწორედ სერვისების ხელმისაწვდომობას აქცევს, Netflix-ი ფასების სტრატეგიის მიზანია, ხელმისაწვდომობა დაბალანსებული იყოს კონტენტის შეძენასა და მოგებიანობასთან. შესაბამისად, სტრიმინგინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების გაჩენასთან ერთად, საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს Netflix-ი, ბაზარზე დომინაციასთან ერთად, თავისი საფასო მოდელის შენარჩუნებას.

რეიტინგში წარმოდგენილია ქვეყნების ათეული, სადაც Netflix-ით სარგებლობის ღირებულება ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალია. რეიტინგში მოცემულია პაკეტის სტანდარტული ყოველთვიური ღირებულება, კონვერტირებული აშშ დოლარში (2023 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით):

ქვეყნები, სადაც Netflix-ის ღირებულება ყველაზე მაღალია:

  1. შვეიცარია – $21.48
  2. ლიხტენშტაინი – $21.48
  3. დანია – $16.46
  4. გრენლანდია – $16.46
  5. ირლანდია – $16.15
  6. ამერიკის შეერთებული შტატები – $15.49
  7. ბელგია – $14.54
  8. საფრანგეთი – $14.54
  9. ლუქსემბურგი – $14.54
  10. მონაკო – $14.54

ქვეყნები, სადაც Netflix-ის ღირებულება ყველაზე დაბალია:

  1. პაკისტანი – $2.82
  2. თურქეთი – $3.38
  3. არგენტინა – $3.57
  4. ეგვიპტე – $3.88
  5. ნიგერია – $4.48
  6. კენია – $4.52
  7. ინდოეთი – $5.98
  8. ბოლივია – $5.99
  9. ბელიზი – $5.99
  10. კუბა – $5.99