რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა

13 ივნისს, გამთენიისას ისრაელის საჰაერო ძალების 200-მდე გამანადგურებელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. ოთხ ფაზად განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციით, 300-ზე მეტი სამიზნე, მათ შორის ბირთვული ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების საცავები, სამეთაურო შტაბები, მართვის პუნქტები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიში პრევენციული ხასიათის იყო. IDF-ის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განმარტებით, ოპერაცია “Rising Lion” ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის შედეგად დაიგეგმა, რომლის თანახმად ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საჰაერო ოპერაციის სამიზნეს სწორედ ირანის ბირთვული პროგრამა წარმოადგენდა. IDF-ის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის სამხედრო და სამეცნიერო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი.

ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული თავდასხმის განხორციელების შესახებ განცხადებებს ისრაელის მთავრობა წლების განმავლობაში ავრცელებდა. გასული ათწლეულების განმავლობაში კი ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე ათობით ასეთი იერიში მიიტანა, რაც ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს რამდენიმე წლით უკან აბრუნებდა. მორიგი პრევენციული თავდასხმის შესახებ განცხადებების გავრცელება ისრაელის მთავრობამ 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

ისრაელისათვის ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხე ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომაც პერიოდულად მისი შესუსტებისთვის სხვადასხვა სახის ოპერაციებს გეგმავს, რათა ირანის ხელში ბირთვული იარაღის შექმნა არ დაუშვას. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ირანის მარიონეტების, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების შემდეგ, ირანის ბირთვული პროგრამა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა. ამ თავდასხმის განხორციელება კი უბრალოდ დროის, პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და დონალდ ტრამპთან შეთანხმების საკითხი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ირანი გაეროსა და გერმანიის ინიციატივით შექმნილ ბირთვულ შეთანხმებაში შევიდა. 2018 წელს კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეთანხმება ცალმხრივად დატოვა აშშ-მა, იმ მიზეზით, რომ ირანი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა. აღნიშნული შეთანხმების მიზანი ირანის კონტროლი გახლდათ, არ მისცემოდა შესაძლებლობა ურანი იმ დონეზე გაემდიდრებინა, რომ ბირთვული იარაღის შექმნა შესძლებოდა. 2019 წელს, აშშ-ისა და პარტნიორების მიერ ირანისთვის ყოვლისმომცველი სანქციების დაწესების საპასუხოდ, ირანი ურანის გამდიდრების აქტიურ ფაზაზე გადავიდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ირანს 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმისთვის უკვე 4130.7 კილოგრამი გამდიდრებული ურანი ჰქონდა. 2025 წლის თებერვლისთვის კი ეს რიცხვი უკვე 7264.0 კილოგრამს შეადგენდა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ვიდეოს თანახმად, აღნიშნული მოცულობის გამდიდრებული ურანი უკვე 15 ერთეული ბირთვული ქობინის შესაქმნელად იქნებოდა საკმარისი.

2025 წლის მარტში, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გავრცელებული განცხადები, ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებს სჯეროდათ, რომ აიათოლა ალი ხამენეი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობდა. თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ანგარიშები, რომლებიც მოწმობდა, რომ ირანს 400 კილოგრამამდე ურანი 60%-მდე ჰქონდა გამდიდრებული, რაც ათამდე ბირთვული ქობინის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. აპრილში კი დონალდ ტრამპმა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებების წარმოება დააანონსა, რასაც შუამავლობას ომანი გაუწევდა. ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების მისაღწევად ორი თვე მიეცემოდა, რისი ვადაც გასული დღეების განმავლობაში ამოიწურა. პარალელურად, IAEA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ირანი 20 წლის განმავლობაში პირველად ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. რასაც თან ერთოდა ირანის მთავრობის განცხადებაც ურანის გამდიდრების ახალი ობიექტის მშენებლობასა და ცენტრიფუგების განახლებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ბოლო კვირების განმავლობაში კვლავ გააქტიურდა მოსაზრება, ისრაელის მიერ ირანის მისამართით პრევენციული თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით. ისრაელის მზაობას ივნისის პირველ კვირაში ადასტურებდნენ ამერიკელი ოფიციალური პირებიც. უკვე 12 ივნისს კი ისრაელში აშშ-ის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაავრცელა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ უახლოეს პერიოდში ისრაელი თავდასხმას დაიწყებდა. თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილების შესახებ იცოდა დონალდ ტრამპმაც. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ მას პირადად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აცნობა, თუმცა აშშ-ს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოვლენათა ქრონოლოგია

ისრაელის ირანზე თავდასხმის დაანონსებისას, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი ირანს არ შეაჩერებდა, ეს უკანასკნელი ბირთვული იარაღის შექმნას ერთი წლის ვადაში შეძლებდა. მისი განმარტებით, ისრაელის სამიზნეს ირანის ბირთვული პროგრამა, ბირთვული ობიექტები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და ოპერაცია იმდენი ხანი გაგრძელდებოდა, რამდენიც ამ მიზნის მისაღწევად იყო საჭირო. გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამ ქმედებით ირანის აგრესიისაგან მეზობელ არაბულ სახელმწიფოებსაც იცავდა და, რომ ისრაელი ირანის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებდა და არა – ირანელი ხალხის.

მკვლევრების მოსაზრებით, საჰაერო ოპერაციის სახელიც მიზანმიმართულად შეირჩა და ამას უფრო გრძელვადიანი გათვლა ჰქონდა. სახელი “Rising Lion” ებრაული ბიბლიის მეოთხე წიგნში გვხვდება. გარდა ამისა, მისი მინიშნება აღდგენაზე და გაცოცხლებაზე შესაძლოა იყოს გამოძახილი 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციამდე ირანის ეროვნულ ემბლემაზე – ლომსა და მზეზეც. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ ისრაელის გრძელვადიან მიზანს ირანში აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა აღნიშნული თავდასხმა ისრაელისთვის ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდეს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ისრაელის თავდასხმიდან მალევე საკუთარი პოლიტიკური მოწოდებები ირანის მეფის მემკვიდრემ, პრინცმა რეზა ფაჰლევმა გაავრცელა და ძალოვან უწყებებს ირანის მთავრობისაგან გადგომისაკენ მოუწოდა.

როგორც აღვნიშნეთ, ისრაელმა საჰაერო ოპერაცია გამთენიისას დაიწყო და ის რამდენიმე ტალღად წარმოებდა. საჰაერო ოპერაციაში ისრაელმა F-35 ტიპის მრავალფუნქციური სტელს ტიპის გამანადგურებლები და ასევე მრავალფუნქციური F-15 და F-16 ტიპის გამანადგურებლები გამოიყენა. გავრცელებული ცნობებით, საჰაერო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის გამანადგურებლებმა ჰაერში ირანული საბრძოლო თვითმფრინავებიც გაანეიტრალა. ოპერაციის ფარგლებში იერიში მიიტანეს ქალაქებზე – თეირანი, ჩითგარი, ნარმაქი, ქეითარიე, ნიავარანი, ფარაჰზადი და სხვა. შედეგად დაიბომბა და მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ობიექტები, ავიაბაზები, ბირთვული ობიექტები, ატომური რეაქტორები, არაქის მძიმე წყლის საწარმო და ირანის შეიარაღებული ძალების შტაბი.

თავდასხმები განხორციელდა ირანის სამხედრო და სამეცნიერო მაღალჩინოსნებზეც. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საცხოვრებელ სახლებსა თუ სამეთაურო პუნქტებზე იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის ბირთვული პროგრამის ცხრა წამყვანი ტერორისტი და რამდენიმე ათეული სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის:

  • თაჰერ პური – ირანის უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის მეთაური
  • მუჰამად ბაღერი – ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი
  • ჰოსეინ სალამი – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური
  • ღოლამ-ალი რაშიდი – გადაუდებელ ვითარებათა შტაბის უფროსი
  • ამირ ალი ჰაჯიზადე – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი
  • ალი შამხანი – 2025 წლის ირან-აშშ-ის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელი; ადმირალი, ირანის უზენაესი ლიდერის პოლიტიკური მრჩეველი
  • დაუდ შიჰიანი – საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაური
  • გენერალი ესმაილ ყაანი – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური
  • გენერალი ღოლამრეზა მეჰრაბი – შეიარაღებული ძალების გენშტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • მეჰდი რაბბანი – შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერაციების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
  • ფერეიდუნ აბბასი – ირანის ბირთვული პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი
  • მუჰამად მეჰდი თეირანჩი – წამყვანი მეცნიერი

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისრაელის საჰაერო ძალებთან ერთად ოპერაციაში სპეცსამსახურების მიერ ირანში ჩანერგილი აგენტურული ქსელიც მონაწილეობდა. ისრაელის სიღრმისეული დაზვერვის ჯგუფებმა თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, Spyke-ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანეს.

ისრაელის თავდასხმიდან მალევე ირანის ქუჩებში მცირე ზომის დემონსტრაციები დაიწყო ისრაელზე საპასუხო იერიშის განხორციელების მოთხოვნით. მალევე სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ირანი ისრაელს საპასუხო დარტყმას აუცილებლად მიაყენებდა. ისრაელის თავდასხმიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე Shaheed-ის ტიპის კამიკაძე დრონი გაუშვა, რომელთა 99%-იც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და გამანადგურებლებმა გაანეიტრალა. მოგვიანებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ტალღად ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაფიქსირდა. ჯამში ირანმა ისრაელის მიმართულებით გასული ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რომელთა უმეტესობაც ჰსთ სისტემებმა გადაიჭირა. თუმცა რამდენიმე მათგანმა სამიზნეს მიაღწია და მსხვერპლიც გამოიწვია.

ისრაელის თავდასხმა ირანის სამხედრო, ენერგეტიკულ და სამეცნიერო ინფრასტრუქტურაზე 14 ივნისსაც გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულად გაანეიტრალა, რადგან ისრაელის საჰაერო ძალების ბორტები ირანის სივრცეში თავისუფლად რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილდებიან. ირანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები ამ დრომდე მიმდინარეობს.

15 ივნისს მთელი ღამის განმავლობაში ირანიდან ისრაელის მიმართულებით დამატებით რამდენიმე ათეული Kheibar Shekan და Shahab-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. რამდენიმე მათგანმა ანტისარაკეტო სისტემებისაგან თავის დაღწევა შეძლო და სამიზნეს მიაღწია. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ირანმა წარმატებული თავდასხმა ჰიპერბგერითი რაკეტის, Fattah-1-ის გამოყენებით შეძლო. ისრაელის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჰაიფაში ჩამოვარდნილ ბალისტიკურ რაკეტას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში სამხედრო ბაზებსა თუ სხვა სახის სამხედრო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისათვის სპეციალური გაფრთხილების შეტყობინება გამოსცა და აღნიშნული ტერიტორიების დატოვებისაკენ მოუწოდა. მოსალოდნელია, რომ ისრაელი ირანის კრიტიკულ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე განმეორებით თავდასხმას განახორციელებს.

„ჰეზბოლა“ და „ჰუსიტები“

საინტერესოა, რომ ირანის მიერ ისრაელის მისამართით განხორციელებულ საპასუხო იერიშში მონაწილეობა არ მიუღიათ ირანის ორ მთავარ მოკავშირესა და მარიონეტს, ლიბანურ შიიტურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლასა“ და ასევე შიიტ იემენელ „ჰუსიტებს“. ამ უკანასკნელმა იერუსალიმის მიმართულებით მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რაც ჰებრონში ჩამოვარდა და შედეგად ხუთი პალესტინელი დაშავდა. დარგის ექსპერტები მოელოდნენ, რომ ირანის საპასუხო ქმედებებში საკუთარ წვლილს შეიტანდნენ რეგიონში ირანის ყველაზე ახლო მოკავშირეები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ ირან-ისრაელის დაპირისპირებისაგან ამჯერად დისტანცირება ამჯობინეს. ორივე ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნადაა შემცირებული. განსაკუთრებით დიდი დანაკარგები განიცადა “ჰეზბოლამ”, რომლის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად თითქმის სრულად განეიტრალდა.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდასხმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი ამის საჭიროებას დაინახავს. შესაბამისად, რთულია გავაკეთოთ პროგნოზი, თუ როდის შეიძლება ჩათვალოს ისრაელის მთავრობამ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა პოტენციურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გარდა ამისა, რთულია იმის პროგნოზირებაც, შეჩერდება თუ არა ისრაელი მხოლოდ ბირთვული ობიექტების განადგურებაზე და გამოიყენებს თუ არა მომენტუმს უფრო დიდი მიზნების მისაღწევად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად. ასეთი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა რეჟიმის ცვლილებაც იყოს. ისრაელის მთავრობის წევრების ამ ეტაპზე გავრცელებული განცხადებებით, ჯერჯერობით ისრაელის ინტერესებში ირანის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე თავდასხმები არ შედის. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ირანის მხრიდან ისრაელის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს.

მოვლენათა განვითარება ერთდროულად რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული. ირანის მხრიდან საპასუხო სარაკეტო თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ისრაელსა და ირანს შორის ხანგრძლივი ომიც ვიხილოთ. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რა დოზით ან საერთოდ ჩაერთვებიან თუ არა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტში რეგიონის სხვა აქტორები: თურქეთი, საუდის არაბეთი, ერაყში არსებული პროირანული დაჯგუფებები, ლიბანური “ჰეზბოლა” და იემენელი “ჰუსიტები”.

დაპირისპირების სამომავლო პერსპექტივაზე დიდ გავლენას იქონიებს დიპლომატიური ძალისხმევაც. ირანის მთავრობამ საკუთარი უკმაყოფილება გაეროშიც დააფიქსირა და უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა. ირანში გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის ქმედებები ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, რასაც აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები. გაურკვეველი დროით გაუქმდა ირანსა და აშშ-ს შორის ომანში დაგეგმილი მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც.

თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირანს აფრთხილებს, რომ დამატებითი საპასუხო იერიშის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ თავდასხმას განახორციელებენ უკვე არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. ეს კი ირანის წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულ ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ამას დრო გვიჩვენებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.