უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ცოტა თუ ივარაუდებდა იმ რეალობას, რომელშიც რეგიონი და მსოფლიო დღეს აღმოჩნდა: პროგნოზები უკრაინის სწრაფი მარცხის შესახებ არ გამართლდა, ნაჩქარევი აღმოჩნდა ვარაუდები რუსეთის ეკონომიკის კოლაფსის შესახებაც.
რუსეთი პრაქტიკულად მოკვეთილია გლობალურ ფინანსურ სისტემას, ხოლო ეროვნული ბანკის რეზერვები ($300 მილიარდი) გაყინულია. რუსეთის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია დასავლური ავიაკომპანიებისთვის, ხოლო რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის ჩაკეტილია დასავლური პორტები. ე.წ. საფასო ჭერით დადგენილია რუსული ნავთობის გასაყიდი ფასის ზედა ზღვარი ($60). თეორიულად იკრძალება რუსეთისთვის ნებისმიერი პოტენციური სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოქცეულა, მაგრამ ის მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც ომამდე იყო.
დასავლური სანქციების შეზღუდული პოლიტიკური ეფექტის შესახებ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მაგალითზე აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა რუსეთმა სანქციების ეკონომიკური ეფექტიანობის ლიმიტებიც გვაჩვენა. რაც უფრო ფართოა სანქციების რეჟიმი, მით უფრო რთულია მისი აღსრულება და რუსეთიც მესამე ქვეყნების გავლით ჯერჯერობით წარმატებულად ახერხებს საჭირო პროდუქციის იმპორტს. ნავთობზე მაღალი მოთხოვნის წყალობით კი მთავარი რუსული საექსპორტო სორტის, URALS-ის ფასი უკვე თითქმის ერთი წელია, 60 დოლარზე მაღალია.
გასულ წელს სანქცირებული რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ (3.5%) აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ზრდასთან ერთად გლობალური ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპსაც კი გადააჭარბა. მრეწველობასა და ხელფასებში ზრდა საერთოდაც ორნიშნაა, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
ერთი შეხედვით, ამ მაჩვენებლების ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა, თუმცა რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ეს რიცხვები ეკონომიკის ფარულ დაავადებაზე მეტყველებს. საუბარია ეკონომიკის გადახურების რისკზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ გამოფიტვის ხანგრძლივ ომზე დადებულმა ფსონმა წარმოქმნა. დიახ, რუსეთის ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა სანქციების წინაშე, თუმცა დღევანდელი წარმატებები მომავლის გაუარესების ხარჯზე მიიღწევა.
რუსული სამხედრო კეინზიანიზმი
იქ, სადაც კლასიკური კეინზიანიზმი ფისკალური სტიმულის შექმნას და მთავრობის ხარჯვის ზრდას სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოიაზრებს, სამხედრო კეინზიანიზმში მთავარი ბენეფიციარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსია. ხარჯებთან ერთად იზრდება კომპლექსის გავლენა და ძალაუფლება. ეს არის ეკონომიკური მოდელი, რომელშიც კეთილდღეობა ომის მზარდი ხარჯების უწყვეტობაზეა დამოკიდებული. სამხედრო კეინზიანიზმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ნაცისტური გერმანია იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტრენდს ვადევნებთ თვალს რუსეთშიც.
კრემლისთვის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც – რუსეთის ახალი ეკონომიკური წესრიგი სწორედ ამ ომის ირგვლივ ყალიბდება. 2024 წელს რუსეთის სახელმწიფოს პრიორიტეტი ომის გაგრძელებაა, შესაბამისად, იზრდება არმიისა და ძალოვანი უწყებების დაფინანსება.
მიმდინარე წელს რუსეთის ხარჯები თავდაცვაზე, უფრო ზუსტად კი ომზე, მშპ-ის 6% შეადგენს, სხვა ძალოვანი უწყებების დაფინანსების ხარჯები ჯამურად მშპ-ის 8%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება აშშ-ის თავდაცვით ხარჯებს (3.8%) ერაყისა და ავღანეთის ომების დროს. პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხარჯები აღემატება სოციალურს (5%).
სწორედ ამ ხარჯებზე მოდის რუსეთის ეკონომიკური ზრდის მესამედიც. ომთან დაკავშირებული წარმოების მაჩვენებლები რუსეთში ორნიშნა რიცხვებით იზრდება. სამხედრო წარმოებას მცირედით ჩამორჩება ის სამოქალაქო სექტორები, რომლებიც ომთან დაკავშირებულ პროდუქციას აწარმოებენ – ყველაფერს ტაქტიკური სამხედრო ფეხსაცმელებიდან მედიკამენტებამდე. ომმა რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა შეცვალა.
РОСCТАТ-ის მონაცემებით, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სიმძლავრეები თითქმის 81%-ით არის დატვირთული, ქარხნები სამ ცვლაში მუშაობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწოდების ზრდისთვის თავისუფალი რეზერვები აღარ არსებობს, მოთხოვნის ნებისმიერი ზრდა კი პირდაპირპროპორციულად გადავა ფასების ზრდაში.
სამხედრო წარმოება სამოქალაქო სექტორებს ართმევს არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ ძვირფას სამუშაო ძალასაც. ამაზე მეტყველებს უმუშევრობის ანომალიურად დაბალი მაჩვენებელიც (2.9%), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ეკონომიკას არ ჰყოფნის ადამიანები. მობილიზაციამ, მოხალისეების რეკრუტინგმა და სამხედრო წარმოებაში დასაქმების ზრდამ ეკონომიკის სამოქალაქო სექტორს 850 ათასი ადამიანი წაართვა. სამოქალაქო სექტორი განიცდის როგორც კვალიფიციური კადრების, ასევე ე.წ. ლურჯსაყელოიანი (Blue Collar Jobs) მუშების დანაკლისსაც. ამ მოცემულობაში დამსაქმებლები იძულებულები არიან, კადრები ხელფასის ზრდით შეინარჩუნონ ან გადაიბირონ, რაც ეკონომიკის გადახურებაში გადაიზრდება.
რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პუტინის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები იყო და მისი მმართველობის 24-ე წლისთავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირება შესრულებულია. ნავთობის გარდა რუსეთის ეკონომიკა უკვე ომზეცაა დამოკიდებული.
ომის გაზრდილი ხარჯი ავსებს მოსახლეობის ჯიბესაც. ამაზე მეტყველებს ხელფასების ზრდის გეოგრაფიაც – შემოსავალი საშუალო ეროვნულზე უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა ტულის, ნოვოსიბირსკის, სამარის, სვერდლოვსკის ოლქებში – რეგიონებში, სადაც დიდი სამხედრო წარმოებებია. ომში დაღუპულებისა და დაჭრილების ფინანსური კომპენსაციების ხარჯზე მცირდება ღარიბთა რიცხვიც. ეს სტატისტიკა კარგად გვაჩვენებს დანაკარგების ასიმეტრიასაც ეთნიკურად არარუსული რეგიონების „სასარგებლოდ”. მოსახლეობის შემოსავლები და დანაზოგები იზრდება ჩეჩნეთში, ბურიატიაში, ტუვაში, დაღესტანსა და ალთაიში.
„ვიმეორებ, ნამდვილი ელიტა ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან – მშრომელები და მებრძოლები, გამოცდილი და მტკიცე ხალხი, რომლებმაც საქმით დაამტკიცეს ერთგულება რუსეთის მიმართ”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში 29 თებერვალს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი ახალი ელიტის ფორმირებასა და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირების დაწინაურების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ ომი, ელიტის გარდა, ცვლის რუსეთის საშუალო კლასის სტრუქტურასაც.
თუკი ომამდე საშუალო კლასს ბიზნესმენები, IT-სპეციალისტები და მომსახურების სფეროში დასაქმებულები წარმოადგენდნენ, დღეს იზრდება ძალოვანებისა და სამხედროების ხვედრითი წილი. ეს კრემლს მანევრირების სივრცეს უზღუდავს, ხელისუფლება იძულებულია, გააგრძელოს ძალოვანებისა და სამხედროების გულუხვი ანაზღაურება და სოციალური პროგრამები. ამ ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გაუარესებას შესაძლოა რეჟიმისთვის არასასურველი სცენარების განვითარება მოჰყვეს.
რუსეთი ხანგრძლივად შეძლებდა ომისა და გულუხვი სოციალური პროგრამების დაფინანსებას მაკროდონეზე, მდგრადი ქვეყანა რომ იყოს. საბაზისო მონეტარული განაკვეთის ორნიშნა მაჩვენებელი კი სწორედაც რომ მაკროეკონომიკურ არამდგრადობაზე მეტყველებს. ომის ხარჯებით, სუბსიდირებული საცალო და კორპორაციული კრედიტებით შიდა მოთხოვნის სტიმულირება კი ამ სტაბილურობის ქვეშ შემოდებული ნელი მოქმედების ნაღმია.
პუტინი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კავშირის კრახის მთავარი მიზეზი ცუდი ფინანსური მენეჯმენტი იყო. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკას მრავალი წლის განმავლობაში პროფესიონალი ტექნოკრატები მართავდნენ. ცენტრალური ბანკი ამ დრომდე ინარჩუნებს ავტონომიურობას, პუტინი კი კვლავ უსმენს ტექნოკრატების რჩევებს, მაგრამ ომს თავისი ლოგიკა აქვს.
ე.წ. სპეციალური სამხედროების მუხლუხების ქვეშ უკვე აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინსტიტუტები, როგორიცაა საბიუჯეტო წესი, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და, ნაწილობრივ, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა.
ამ არასტაბილურობის კიდევ ერთი ინდიკატორი რუბლის გაცვლითი კურსია – გასულ წელს 1 დოლარის ღირებულება 50-დან 100 რუბლამდე კორიდორში მერყეობდა. საბიუჯეტო წესის გაუქმების შემდეგ გაცვლითი კურსი სრულად ფორმირდება სავაჭრო ბალანსიდან – შესაბამისად, მაშინ როდესაც ნავთობის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა ზედა ზღვარს მიაღწია, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა ზრდა გააგრძელა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა.
ომთან დაკავშირებული დისბალანსები ზრდის ინფლაციას, რომელიც ბოლო მონაცემებით 7.5%-ს შეადგენს. რუბლის გაუფასურების პარალელურად გაზრდილი ინფლაცია აუარესებს მოსახლეობის განწყობებს, უბიძგებს მათ, დანაზოგი უცხოურ ვალუტაში გადაიტანონ და კაპიტალი შეძლებისდაგვარად ქვეყნიდან გაიტანონ. კრემლს არ შეუძლია რუბლის გაუფასურების მთავარი მიზეზის (იმპორტის ხარჯები) განეიტრალება, ამიტომაც მას სავალუტო შეზღუდვებითა და მაღალი ჯარიმების შიშით ცალკეულ პროდუქციაზე ფასის რეგულირებით ებრძვის.
დაბალი საგარეო ვალი, იუანისა და ოქროს რეზერვები რუსეთს მნიშვნელოვან დროს აძლევს, თუმცა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და მიმდინარე ომი ახალი, მასშტაბური და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების აუცილებლობას აჩენს. სწორედ ამის დასტურად იქცა პუტინის უკვე ნახსენები გამოსვლა ფედერალური საბჭოს წინაშე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა დაახლოებით 54 მილიარდი დოლარის ღირებულების დაპირება გასცა.
ერთი შეხედვით, სანქციებმა საიმედოდ დაიცვა რუსეთის ეკონომიკა საგარეო შოკებისგან, მაგრამ ეს არ ეხება ნავთობის ფასებს. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, რუსული ნავთობის ფასი მიმდინარე წელს, მინიმუმ, $70 უნდა იყოს. ნავთობის ფასის ნებისმიერი კლება რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეული იქნება. როგორც წესი, გადახურებას ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკის კლება და ეს კლება განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ.
რუსეთს არ შეუძლია ომში გამარჯვება, მაგრამ არც ომის შეწყვეტის ფუფუნება აქვს.