როგორია EURO 2024-ის საპრიზო ფონდი და რამდენი ერგება საქართველოს?

როგორია EURO 2024-ის საპრიზო ფონდი და რამდენი ერგება საქართველოს?

დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი წლების განმავლობაში ელოდა, დადგა – საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იქნება.

დრამატულ, 120-წუთიან ბრძოლაში მაყურებელმა თითქმის ყველაფერი იხილა, რაც ამ მნიშვნელობის საფეხბურთო მატჩში უნდა ენახა: ფიზიკური ორთაბრძოლები, შეხლა-შემოხლა და წითელი ბარათები, მაგრამ ვერა – გოლი.

კიდევ უფრო დაძაბული იყო პენალტების სერია, რომელშიც ქოჩორაშვილის, დავითაშვილის, დვალისა და კვეკვესკირის ზუსტი დარტყმების, გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული ბურთისა და ბერძენთა მიერ კარს აცილებული ბურთის წყალობით საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებას თან ახლდა სათამაშო მოედანზე ათასობით გულშემატკივრის შევარდნა და ზეიმი, რომელიც მთელ თბილისსა და საქართველოს გადაედო.

ახლა, როდესაც ეიფორია შედარებით მინელდა, შეგვიძლია პრაქტიკულ, მათ შორის, ევრო 2024-ის ფინანსურ საკითხებშიც გავერკვეთ.

დავიწყოთ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი (F ჯგუფი).

რაც შეეება ჩემპიონატის საპრიზო ფონდს, UEFA-მ ის გასული წლის დეკემბერში 331 მილიონი ევროთი განსაზღვრა და ამგვარად ნაწილდება:

  • ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის – 9.25 მილიონი ევრო;
  • მატჩის მოგებისთვის – 1 მილიონი ევრო, ფრის შემთხვევაში – 500,000 ევრო;
  • 1/16-ფინალში გასვლისთვის – 1.5 მილიონი ევრო;
  • მეოთხედფინალში გასვლისთვის – 2.5 მილიონი ევრო;
  • ნახევარფინალში გასვლისთვის – 4 მილიონი ევრო;
  • მეორე ადგილზე გასვლისთვის – 5 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის მოგებისთვის – 8 მილიონი ევრო.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა 9.25 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა. თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც გამარჯვებულ გუნდს შეუძლია ყველა ეტაპის გადალახვისთვის მიიღოს, 28.25 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთა ლიგის კიდევ ორი თამაში გაიმართა: უკრაინამ ისლანდია დაამარცხა ანგარიშით 2:1, ხოლო პოლონეთმა უელსი პენალტების სერიაში (4:5).

საქართველოსა და უკრაინის გარდა, ჩემპიონატზე ევროკავშირის არაწევრი კიდევ ექვსი სახელმწიფო მოხვდა: ინგლისი, შოტლანდია, შვეიცარია, სერბეთი, ალბანეთი და თურქეთი.

F ჯგუფის თამაშები 18-26 ივნისის შუალედში გერმანიის ოთხ ქალაქში, დორტმუნდში, ლაიფიცგში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში გაიმართება. საქართველოს განრიგი ასეთია:

  • საქართველო | თურქეთი – 18 ივნისი, დორტმუნდი (BVB Stadion)
  • საქართველო | ჩეხეთი – 22 ივნისი, ჰამბურგი (Volksparkstadion).
  • საქართველო | პორტუგალია – 26 ივნისი, გელზენკირხენი (Arena AufSchalke).

თამაშებზე დასასწრები ბილეთები 30, 60, 150, 200 და 400 ევრო ღირს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერ გაყიდვა არ დაწყებულა და UEFA-ს ოფიციალურ ვეგბვერდზე ვკითხულობთ, რომ ამას ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაუწევს.