სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონში, სუვაიდის პროვინციაში, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დროს შედარებით სიმშვიდით ცნობილი რეგიონი იყო, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი სექტარიანული ძალადობა მიმდინარეობს. დრუზებსა და სუნიტი ბედუინების ტომებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასეულობით სირიელის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონფლიქტის დეესკალაციის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება ვერ შეძლეს.
სირიელ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის დაპირისპირება ათწლეულებს ითვლის. თუმცა ამჯერად კონფლიქტის ესკალაციის საბაბი 11 ივლისს მომხდარი შემთხვევა გახდა. 11 ივლისს, დამასკო-სუვაიდის გზატკეცილზე სირიელმა ბედუინებმა დრუზ ადგილობრივ მოვაჭრეს გზა გადაუკეტეს და გაქურდეს, მოვაჭრე გაიტაცეს, რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს და მოგვიანებით თვალებახვეული გაუშვეს. აღნიშნულის საპასუხოდ, დრუზმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მომდევნო დღეს რამდენიმე ბედუინი გაიტაცა, რათა მოპარული ნივთები დაებრუნებინათ. ურთიერთსაპასუხო გატაცებებმა უფრო აქტიური სახე მიიღო, რაც საბოლოოდ სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა.
დრუზებისა და სუნიტი ბედუინების შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას სხვადასხვა მონაცემებით 1,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათასს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და იძულებით გადაადგილება მოუწია. მხარეებს შორის შეტაკებები ქალაქ სუვაიდის ქუჩებში მიმდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ, რეგიონზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ისრაელის მოთხოვნისა და არმიის კოლონებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ აჰმად ალ-შარაას ქალაქიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოუწია.
გასული დღეების განმავლობაში სირიაში მომხდარმა შეტაკებებმა კიდევ ერთხელ გააღვივა დებატები სირიაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით. დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის დაპირისპირებამ სირიის ფრაგმენტაციის საკითხი უფრო დიდ პრობლემად აქცია. გარდა ამისა, კონფლიქტის ესკალაციამ გააჩინა სხვა დაჯგუფებებს, სექტებსა და ტომებს შორის დაპირისპირების პერსპექტივაც.
ვინ არიან დრუზები?
დრუზები ეზოთერულ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან, რომელთა რწმენაც შიიზმს, კერძოდ კი ისმაილიზმს ეფუძნება. დრუზების რელიგიურ მრწამსში ვხვდებით ბერძნული ფილოსოფიისა და ისლამამდელ არაბულ ტრადიციებსაც.
დრუზების უმეტესობა, სხვადასხვა დათვლებით, 700,000 ადამიანი, სირიაში ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ სუვაიდის პროვინციაშია კონცენტრირებული. აღნიშნულ რეგიონში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. შედარებით მცირე რაოდენობით დრუზები ლიბანში, ისრაელსა და იორდანიაშიც ცხოვრობენ. ჯამში მათი რიცხვი ერთი მილიონის ფარგლებშია. საინტერესოა, რომ დრუზები დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ისრაელში, გოლანის მაღლობზეც, რომელიც წარსულში სირიის ტერიტორიას წარმოადგენდა.
შეიძლება ითქვას, რომ ბაშარ ასადის მმართველობის ქვეშაც, დრუზები გარკვეული არაოფიციალური ავტონომიით სარგებლობდნენ, თუმცა მმართველი ხელისუფლების მიმართ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდნენ. დრუზი შეიარაღებული დაჯგუფებები ძირითადად თავდაცვის მიზნით იქმნებოდა – ისინი რეგიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალებას ცდილობდნენ. შესაბამისად, დრუზები არც ასადის მთავრობას იცავდნენ და არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ კოალიციურ ძალისხმევაში იღებდნენ მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ დრუზები შიიტური ისლამის განშტოებას წარმოადგენენ, მათ თავი მუსლიმებად ნაკლებად მიაჩნიათ და თავს საკუთარი თვითმყოფადი რელიგიის წარმომადგენლებად მიიჩნევენ. დრუზების ყოველდღიურობაში დიდია არაბული ტრადიციებისა და კულტურის როლი.
საინტერესოა, რომ ერთსულოვნება დრუზების პოლიტიკურ გაერთიანებებში არ შეიმჩნევა. დრუზების ნაწილი სირიის გარდამავალ მთავრობას და აჰმად ალ-შარაას მხარს უჭერს. ნაწილი კი როგორც ალ-შარაას, ისე ნებისმიერ გარეგან ძალას უპირისპირდება და ნეიტრალიტეტისა და ავტონომიის მომხრეა. ერთ-ერთი მათგანი დრუზი პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი ჰიქმათ ალ-ჰიჯრია, რომელიც დრუზ საზოგადოებაში ავტორიტეტულ სასულიერო პირს წარმოადგენს. ჰიქმათ სალმან ალ-ჰიჯრი დრუზების საზოგადოების სულიერი ლიდერია 2012 წლიდან. ალ-ჰიჯრის პოპულარობა დროთა განმავლობაში ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.
ვინ არიან სუნიტი ბედუინური ტომები?
ბედუინები მომთაბარე არაბული ტომები გახლავთ, რომლებიც სირიაში, იორდანიაში, პალესტინაში, საუდის არაბეთსა და თითქმის მთელ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. კონკრეტულად სირიაში ბედუინები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა ტომებს ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივებით, რაც, როგორც წესი, მიწების განაწილებას უკავშირდება.
სუვაიდის რეგიონში ბედუინური ტომები დრუზებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობენ. თუმცა მათი თანაცხოვრება მშვიდობიანი არ არის. მხარეები ერთმანეთთან მუდმივ კონფლიქტში არიან. კონფლიქტის საგანს კი ტერიტორიების საზღვრები, მიწათმოქმედების უფლებები და სხვა ეკონომიკური საკითხები წარმოადგენს. აღნიშნულ ორ საზოგადოებას შორის დაპირისპირება პერიოდულად ღვივდება და ხშირად ძალადობრივ ხასიათს იღებს.
ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბედუინური ტომების ნაწილმა შეიარაღებული დაჯგუფებები ჩამოაყალიბა და არალეგალურ ვაჭრობას მიჰყო ხელი, რის გამოც უკანასკნელი თვეების განმავლობაში დრუზ ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა. 11 ივლისის შემთხვევა კი უბრალოდ ერთ-ერთი კონკრეტული ინციდენტი იყო, რომელსაც იმაზე დიდი ესკალაცია მოჰყვა, ვიდრე წარსულ შემთხვევებს.
ისტორიული დაპირისპირება დრუზებსა და ბედუინების ტომებს შორის
როგორც აღვნიშნეთ, დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის დაპირისპირების ფესვები მათ ტომობრივ, რელიგიურ და სექტარიანულ მახასიათებლებშია. მხარეებს შორის კონფლიქტი ოსმალების მმართველობისა და ფრანგული მანდატის პერიოდშიც აქტიურად მიმდინარეობდა და ის ძირითადად მიწასთან, პოლიტიკურ პატრონაჟთან და სამხედრო გაწვევასთან იყო დაკავშირებული. სირიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი ვერ მოხერხდა ორ საზოგადოებას შორის საერთო ენის გამონახვა, რაც მეტწილად თავად ხელისუფლების დანაშაულია, ვინაიდან პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ხშირად კონკრეტულ ლიდერებთან ამყარებდნენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობას, რაც დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებდა.
სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში, მხარეებს შორის დაპირისპირება მარიონეტულ ბრძოლებში გადაიზარდა, რადგან სუვაიდის პროვინციაში ერთბაშად რამდენიმე აქტორმა შეიარაღება და გავლენის სფეროების დანაწილება დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო ომის დროს სუვაიდა „ისლამური სახელმწიფოს“ შეტაკებებს და ასადის რეჟიმის დაბომბვებს მეტწილად გადაურჩა, თუმცა რეგიონი ერთგვარ „ვაკუუმად“ იქცა, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებები კონტროლის გარეშე მოქმედებდნენ. დრუზების შეიარაღებული დაჯგუფებები თითქმის ყველა მთავარ მაგისტრალსა და სავაჭრო გზას საგუშაგოებით აკონტროლებდნენ, რის გამოც ბედუინებს მოქმედების თავისუფლება შეეზღუდათ და უკმაყოფილებაც გაიზარდა.
განსხვავებით წარსული დაპირისპირებებისაგან, ახლანდელი ძალადობა ტომობრივ კონფლიქტს სცდება და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული გადაუჭრელი პრობლემების შედეგია, რომელშიც რეგიონული აქტორებიც ჩაერთვნენ.
რატომ ჩაერთო კონფლიქტში ისრაელი?
დრუზებსა და ბედუინებს შორის კონფლიქტის ესკალაციიდან მალევე, სირიის პრეზიდენტმა სუვაიდაში ეფექტიანი კონტროლის აღსადგენად სამხედრო შენაერთების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქალაქის მისადგომებთან მისული სამხედრო კოლონა ისრაელმა დაბომბა. ისრაელის ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ის გახლდათ, რომ სირიის შეიარაღებული ძალები კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებდნენ, რაც დეესკალაციას გაართულებდა. ისრაელი ვარაუდობდა, რომ სირიის მთავრობა ჯარს სუვაიდაში ბედუინების ტომების დასახმარებლად გზავნიდა. ისრაელმა საჰაერო იერიში სირიის შეიარაღებულ ძალებზე რამდენჯერმე მიიტანა, რის გამოც აჰმად ალ-შარაას გადაწყვეტილების უკან გახმობა მოუწია და სამხედრო შენაერთებმა ქალაქი დატოვეს.
ისრაელის კონფლიქტში ჩართვას დარგის მკვლევრები ორი მთავარი მიზეზით ხსნიან: პირველი რეგიონსა და მოსაზღვრე სუვაიდაზე ისრაელის სტრატეგიული ინტერესია, მეორე კი ეთნიკური მიკუთვნებულობა. როგორც აღვნიშნეთ, დრუზებს ისრაელში და კონკრეტულად გოლანის მაღლობზე დიდი სამხედრო და პოლიტიკური გავლენები აქვთ. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას სწორი დრუზი იკავებს.
ივლისში სუვაიდაში დრუზების მკვლელობების კადრების გავრცელების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დრუზი პოპულაციის გენოციდს არ დაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი საკუთარ ქმედებებს ჰუმანიტარული მიზნებით ხსნის, საჰაერო იერიშებმა მწვავე საერთაშორისო რეაქცია დაიმსახურა. ისრაელის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს იმ არგუმენტით, რომ მისი მოქმედებები სირიის სუვერენიტეტში ჩარევაა. რეგიონის მკვლევრების ნაწილისთვის კი ისრაელის ქმედებები ასადის-შემდგომ სირიაში ისრაელის გავლენის ზრდის მცდელობაა, განსაკუთრებით კი სირიაზე ირანისა და „ჰეზბოლას“ გავლენის დაკარგვის შემდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელმა საზღვარი გაუხსნა გამშვებ პუნქტთან მობილიზებულ ასობით დრუზს, რომელთაც სირიაში გადასვლა და დრუზების დახმარება სურდათ.
როგორია სირიის მთავრობის როლი კონფლიქტში?
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ასადის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, სუვაიდაში არსებული კონფლიქტი ალ-შარაასთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის გადაწყვეტის პერსპექტივაც ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს. ათწლეულების განმავლობაში არაფორმალური ავტონომიით მოსარგებლე დრუზებისთვის სირიის სამხედრო კონტროლი შეიძლება უჩვეულო მდგომარეობაა, თუმცა აჰმად ალ-შარას, როგორც გარდამავალი მთავრობის ლიდერს, ქვეყნის ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება სურს, რაც ლეგიტიმური ამოცანაა.
ის ფაქტი, რომ სირიის სამხედრო შენაერთების ნაწილი რეგიონში ისრაელის კოორდინაციით შევიდა და ოპერირებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ როგორი მყიფეა ვითარება. ალ-შარაას მთავრობა აცხადებს, რომ ჯარების რეგიონში შეყვანის მიზანი მოქალაქეების დაცვა და წესრიგის აღდგენაა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამას ოკუპაციის მცდელობად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში, აჰმად ალ-შარაას პრეზიდენტობის ლეგიტიმაციის შემთხვევაში, რეგიონზე ეფექტიანი კონტროლის დამყარება ვალდებულებაც კი იქნება.
ბუნებრივია ისიც, რომ დრუზებს აჰმად ალ-შარაას მიმართ უნდობლობა აქვთ, რაც მისი ისლამისტური წარსულით და ტერორისტული საქმიანობით აიხსნება.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კონფლიქტი სირიისთვის გარდამტეხი მომენტია, რომელიც გაარკვევს, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა, მოხდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია თუ შენარჩუნდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მართვის მოდელი, სადაც ადგილობრივი ლიდერები ტერიტორიებს დამასკოსთან ბუნდოვანი კოორდინაციით აკონტროლებენ.
სამომავლო პერსპექტივა: რამდენად დიდხანს გასტანს მშვიდობა?
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის ცვლილების შემდეგ, რეგიონის მკვლევრები ქვეყანაში სხვადასხვა სექტებს, ტომებსა და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მსგავსი დაპირისპირებების გაჩენას აქტიურად ვარაუდობდნენ. არსებობდა იმის მოლოდინიც, რომ ძალადობის წყარო შესაძლოა თავად ახალი ხელისუფლება და მისი ლიდერი, აჰმად ალ-შარააც გამხდარიყო.
აშშ-ის, თურქეთის, იორდანიისა და ისრაელის ჩართულობით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელმა შეთანხმებამ პროვინციაში საომარი მოქმედებები დროებით შეაჩერა. ბედუინმა მებრძოლებმა ქალაქ სუვაიდის ცენტრიდან გასვლა გადაწყვიტეს და შეზღუდულ არეალებში სირიის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო პატრულირება დაიწყეს. თუმცა მოვლენები შესაძლოა ნებისმიერ დროს გამწვავდეს, რისი მაგალითებიც არსებობს.
კონფლიქტისა და დაპირისპირების გრძელვადიანად გადასაჭრელად საჭიროა უფრო სიღრმისეული მიდგომისა და გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც ისეთი ცვლადების გაანალიზებას მოითხოვს, როგორებიცაა: ისტორიული კონტექსტი, პოლიტიკური წარმომადგენლობა, ეკონომიკური ინკლუზიურობა, რელიგიური პარადიგმა და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტი დროებით დეესკალირდეს, თუმცა თვეების ან წლების შემდეგ დაპირისპირებამ კვლავ იჩინოს თავი.