„ენერგოსისტემა ძველი სახით არ უნდა აღვადგინოთ“ — „უკრენერგოს“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ კუდრიცკი დეფიციტის, ქსელების დაზიანებისა და მომავალი ზამთრის შესახებ.
რა მდგომარეობაშია უკრაინის ელექტროქსელები, უნდა ელოდოს თუ არა ქვეყნის მოსახლეობა ელექტროენერგიის გამორთვას ზაფხულსა და ზამთარში და რა შედეგით დასრულდა ქარხანა BAYKAR-ის ქსელში ჩართვასთან დაკავშირებული $10-მილიონიანი შეთანხმება – FORBES UKRAINE-ს კითხვებს „უკრენერგოს“ მმართველი უპასუხებს.
უკრაინის ენერგოსისტემის 40-50% ზამთარში განადგურდა, რის შედეგებიც ზაფხულში იჩენს თავს, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 23%-ს მიაღწიოს, – ამბობს ვლადიმერ კუდრიცკი.
რა მდგომარეობაშია უკრაინის ენერგოქსელები რაკეტებისა და დრონების თითქმის ორმოცი შეტევის შემდეგ და რა დაზიანდა ყველაზე მეტად – გენერაცია თუ გამანაწილებელი ქსელები?
ენერგოქსელების მუშაობის სტადიებია: გენერაცია, გადაცემა და განაწილება. განაწილებას საოლქო ენერგომომმარაგებლები უზრუნველყოფენ, გადაცემას – „უკრენერგო“, გენერაციას კი ყველა სახის ელექტროსადგური. მტერმა ჩვენს ენერგოსისტემაზე 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით 15 სარაკეტო და 18 დრონული შეტევა განახორციელა. რუსებმა 1200-ზე მეტი რაკეტითა და დრონით მიიტანეს იერიში ჩვენს ენერგოობიექტებზე, 250 საჰაერო თავდასხმა სწორედ „უკრენერგოს“ ქვესადგურებზე განხორციელდა, საგრძნობლადაა დაზიანებული როგორც ყველა მსხვილი თბო- და ჰიდროელექტროსადგური, ასევე „უკრენერგოს“ ქვესადგურებიც.
გამანაწილებელი ანუ ენერგომომმარაგებელი სისტემები დაზიანდა იმ რეგიონებში, რომლებიც უშუალოდ საომარი მოქმედებების ზონას ესაზღვრებიან. სამწუხაროდ, ფრონტისპირა რეგიონებში საჰაერო შეტევების შედეგად ენერგომომმარაგებელი ქსელები ახლაც ყოველდღიურად ნადგურდება.
დათვლილია თუ არა ზიანის ოდენობა?
დაზიანების ციფრებით განსაზღვრა რთულია. იმ სიმძლავრეების დაახლოებით 40-50%, რაც შემოჭრამდე გვქონდა, დროებით დავკარგეთ, რაც შეეხება მაგისტრალურ მაღალი ძაბვის ქსელს და „უკრენერგოს“ ობიექტებს, ჩვენი ენერგოსისტემის მისამართით წარმოებული რუსეთის მასირებული ტერორისტული კამპანიის შედეგად ჩვენი აქტივების დაახლოებით 43% რაკეტებით ან დრონებით დაზიანდა.
ჩვენი მიზანი მომავალ ზამთრამდე რაც შეიძლება მეტი ენერგობლოკისა და ქვესადგურის აღდგენაა. ჩვენ ოპერატიულად მოვახერხეთ მაგისტრალური ქსელის დაზიანებული ობიექტების 70% -ში შეზღუდვების აღმოფხვრა. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ისინი ისევე ფუნქციონირებენ, როგორც მტრის სრულმასშაბიან შემოჭრამდე, მაგრამ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა მუშაობს.
რამდენი წელი დასჭირდება ომამდელ მდგომარეობამდე ენერგოსისტემის აღდგენას?
ენერგოსისტემის ძველი სახით აღდგენის აუცილებლობა არ დგას. ჩვენი ობიექტების დასაცავად უკეთესი, უფრო თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტების გამოყენებას ვგეგმავთ.
ახლა „უკრენერგოს“ ახალი ქვესადგურების შეცვლაზე ვფიქრობთ, რათა უფრო ავტომატიზებული და დაცული გავხადოთ. ახალ საინჟინრო გადაწყვეტებს მივმართავთ მაღალი ძაბვის ქვესადგურების რუსეთის შეტევებისგან დასაცავად.
ენერგოსისტემის აღდგენის პროცესში მის შეცვლას გულისხმობთ? როგორ?
საუბარია ენერგოსისტემის ფორმატის მომავალ წლებში შეცვლის გეგმებზე – ახალი ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომლებიც უფრო მცირე მასშტაბის იქნება და უფრო იაფი განახლებადი რესურსით იმუშავებს. ქარი, მზე, ბიოსაწვავი – ეს რესურსები ნახშირსა და გაზზე იაფია. ბევრი მცირე ზომის ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე ერთის, დიდი ზომისას. თუკი რაკეტა 1000 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურს მოხვდება, ზარალი ბევრად უფრო საგრძნობი იქნება, ვიდრე 10 მგვტ სიმძლავრის მქონე ასი ელექტროსადგურის დაბომბვისას. ეს ნიშნავს, რომ ენერგოსისტემის დეცენტრალიზაცია არა მხოლოდ ეფექტიანობის, არამედ უსაფრთხოების საკითხიცაა.
რა თანხებია საჭირო ზამთრის სეზონისთვის ენერგოსისტემის აღსადგენად?
ფასები განსხვავებულია. უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის, ევროკომისიისა და გაეროს ანგარიშის (RDNA2) თანახმად, ქვეყნის აღდგენის ხარჯთაღრიცხვა $11 მილიარდს შეადგენს. ენერგეტიკის სექტორი უახლოეს წლებში $5,7 მილიარდს საჭიროებს. ანგარიშზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ „უკრენერგოს“, ობიექტების აღსადგენად და დასაცავად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი სჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ზამთრამდე მილიარდობით დოლარია საჭირო როგორც გენერაციისთვის, ისე ჩვენი ქვესადგურებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის აკუმულირება რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს.
რომელი წყაროებიდან ელოდებით დაფინანსებას?
„უკრენერგოსთვის“ ეს უპირველესად დონორების დახმარებაა. ჩვენი მთავარი დონორები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო საკრედიტო ბანკი (KfW), ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-ია. „უკრენერგომ“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ევროპის ქვეყნების მთავრობებისგან დაახლოებით 600 მლნ ევროს კრედიტები და გრანტები უკვე მიიღო.
უშუალოდ ქვეყნებიდან დიდი თანხები შემოდის, მაგალითად, შარშანდელი წლის მიწურულს ნიდერლანდების მთავრობამ, მოწყობილობების შესაძენად და ობიექტების აღსადგენად, უზარმაზარი გრანტი – 70 მილიონ ევროზე მეტი გამოგვიყო.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით საგრანტო დაფინანსებას ვიღებთ იაპონიის მთავრობისგან, ასევე გაეროსა და სხვა სტრუქტურებისგან. ამ ორგანიზაციებმა დაფინანსების სპეციალური პროცედურა შეიმუშავეს, რათა ობიეტების გასაახლებლად საჭირო აღჭურვილობის შეძენა დაგვიფინანსონ – ამისთვის 100 მილიონი ევროა გამოყოფილი.
ასევე საერთაშორისო ბანკებმა, EBRD-მა და EIB-მა, კომპანიის ლიკვიდობისა და ელექტროენერგიის ბაზრის მხარდასაჭერად „უკრენერგოს“ მიერ ადრე მოზიდული 200 მლნ ევროს კრედიტების გადაპროფილირების საშუალება მოგვცეს ანუ „უკრენერგომ“ უკვე მიიღო დაახლოებით 900 მილიონი ევროს დახმარება.
საკმარისია ეს დახმარება „უკრენერგოს“ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?
დიახ, მეტ-ნაკლებად. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ რა სისწრაფით მოახერხებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ქარხნები ჩვენთვის აუცილებელი აღჭურვილობის დამზადებას.
გენერაციისთვის ფინანსირების რა წყაროები განიხილება?
მოგების მთავარი წყაროები მათთვის ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული თანხებია. მე არაფერი მსმენია გენერაციის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მიერ დადებული მსხვილი საკრედიტო შეთანხმებების შესახებ. მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე კი ელექტროსადგურების ენერგობლოკების აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ელექტროსადგურებმა საკმაო მოცულობის სახსრები დააგროვოს და ზამთარში გამართულად იმუშაოს, ბაზარმა შესაბამისი რესურსების გენერირება უნდა მოახდინოს.
ბაზარზე მილიონობით გრივნის დეფიციტია, ამ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, კერძოდ კი – ტარიფების გაზრდის საკითხი. ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა?
მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდის თაობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს ძალიან საფრთხილო თემაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, განმარტებები იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც ამ გადაწყვეტილებაზე უშუალოდ არის პასუხისმგებელი. კერძოდ კი ეროვნულმა კომისიამ, რომელიც ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში სახელმწიფო რეგულირების საკითხს განაგებს, ასევე ენერგეტიკის სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღება ამ დაწესებულებების მიერ უნდა ხდებოდეს.
მაგრამ მაგენერირებელი კომპანიების შემოსავლის მთავარი წყარო საბითუმო ბაზარია, სადაც ელექტროენერგიას ბიზნესი შეისყიდის. ამ ბაზარმა უნდა უზრუნველყოს მაგენერირებელი კომპანიების არა მხოლოდ თავის გადარჩენის, არამედ მომავალ ზამთრამდე თანხების დაგროვების შესაძლებლობა.
ბაზარი ლიკვიდობის დეფიციტმა რომ არ დააზარალოს, ამისთვის რეგულატორული პროცესები უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ცუდია, როცა მაგენერირებელი კომპანიები ელექტროენერგიას უზარმაზარი დისკონტის მქონე ბალანსირებად ბაზარზე ყიდიან – ასე არ უნდა ხდებოდეს.
ლიკვიდობის რა დეფიციტია დღეს ბაზარზე?
დღეის მდგომარეობით, ბანკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დიდძალი თანხებია საჭირო, რომლებიც არ გვაქვს. საუბარია ათობით მილიარდ გრივნაზე. ენერგეტიკის ბაზარზე თანხების დეფიციტი ვალების დაგროვებას იწვევს – ყველა ვალშია ყველას წინაშე, ვალების ამ ჯაჭვის გამო კი არანაირი თანხები არ არსებობს აღდგენისა თუ რემონტისთვის. გარდა ამისა, არ შეიძლება ვალებით, თუნდაც საგარეოთი, პრობლემების უსასრულოდ მოგვარება. აუცილებელია, უკრაინის ელექტროენერგიის ბაზარი ნორმალურად ფუნქციონირებდეს.
ელექტროენერგიის დეფიციტის შესახებ
თქვენი პროგნოზით, არის თუ არა ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტისა და დენის ავარიული გათიშვის საშიშროება?
დეფიციტი, ანუ ენერგიის ნაკლებობა ზაფხულის თვეებში, ასევე მომავალი ზამთრის განმავლობაში საგრძნობი იქნება, რადგან სისტემის სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს არ გულისხმობს ავარიულ გათიშვებს. ენერგიის მოხმარების შეზღუდვა, რასაკვირველია, არა პრიორიტეტული, არამედ უკიდურესი ზომებია ენერგოსისტემის დაბალანსებისთვის.
რით შეგვიძლია ენერგიის უკმარისობის კომპენსირება? შეგვიძლია, ჩავრთოთ გაზზე მომუშავე დამატებითი ენერგობლოკები. ენერგოსისტემას ეს არცთუ იაფი დაუჯდება, მაგრამ მომხმარებლებს ელექტროენერგია რომ არ გაეთიშოს, შესაძლოა ამ გზას მივმართოთ.
ასევე, ევროპულ კონტინენტურ ქსელთან გაერთიანების წყალობით, შეგვიძლია როგორც ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტირება, ასევე საავარიო დახმარების მიღება ევროკავშირის ქვეყნების ენერგოსისტემებიდან. დღეის მდგომარეობით იმპორტის ხელმისაწვდომი მოცულობა 1050 მეგავატს შეადგენს, მაგრამ იმედი გვქავს, რომ უახლოეს კვირებში ევროპის ენერგოსისტემების ოპერატორების ასოციაცია ENTSO-E ამ ლიმიტს გაზრდის.
რამდენად დიდია ევროპიდან იმპორტის მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობა?
იმ ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობა, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს, დღეს ხელმისაწვდომზე ბევრად უფრო მაღალია. ხელმისაწვდომი სიმძლავრე განისაზღვრება ევროპასა და ჩვენს მხარეს არსებული ქსელური შეზღუდვების გათვალისწინებით, ამიტომ უკრაინაში იმპორტირება და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირება ENTSO-E-ს მიერ გამოანგარიშებული ზღვრული სიდიდის დაცვით ხდება, რათა უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების სტაბილურობას და სინქრონულ ფუნქციონირებას ზიანი არ მიადგეს.
ამ მაჩვენებლის გაზრდას პოლონეთში სახელმწიფოთაშორისი ქსელის გაშვებით ვცდილობთ. ევროპელი ოპერატორები დააკვირდებიან ამ ახალი ქსელის მუშაობას და ამ მონაცემების საფუძველზე გაზრდიან ხელმისაწვდომ მოცულობას. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ, საიმპორტო გამტარუნარიანობა საგრძნობლად, ასობით მეგავატით გავზარდოთ.
საექსპორტო გამტარუნარიანობის გადახედვაც მოსალოდნელია?
დიახ. საექსპორტო ახალ ლიმიტებსაც ვიხილავთ, როდესაც ENTSO-E-ს წარმომადგენლები გაანგარიშებას დაასრულებენ. ვფიქრობ, ეს ივნისში მოხდება.
რისი იმედი აქვს უკრაინას?
ევროპელი პარტნიორების თხოვნით, გეგმების გაცხადებისგან თავს შევიკავებ. ეს დისკუსია დახურულია. მათ მიაჩნიათ, რომ გამტარუნარიანობის მაჩვენებლის გაზრდის შესახებ ჩვენ მიერ გაკეთებულმა პროგნოზებმა შესაძლოა, მათ ბაზრებზე მოახდინოს გავლენა.
დღევანდელი მდგომარეობით იმპორტის დაშვებული ოდენობა 1050 მეგავატია, ხოლო ექსპორტის – 400 მეგავატი. ვფიქრობ, ექსპორტის დასაშვები რაოდენობა თანდათან გაიზრდება და იმპორტისას მიუახლოვდება – ეს მაჩვენებლები ერთნაირი არ იქნება. ევროპულ ენერგოსისტემაზე ექსპორტი უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე იმპორტი და ეს მდგომარეობა ყველა იმ ქვეყანას ეხება, რომლებიც ევროპული ენერგოსისტემის მახლობლადაა განლაგებული: თურქეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, უკრაინას. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების ტექნიკური საშუალებები არსებობს. ჩვენ და ჩვენმა კოლეგებმა უკვე გადავაწყვეთ მართვის სისტემები ჩვენს ელექტროსადგურებზე და სიხშირეების ცვალებადობის კომპენსირებისათვის დამატებითი მოწყობილობები დავაყენეთ.
უკრაინამ სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტირება 17 აპრილს დაიწყო, 21 აპრილს კი ეს პროცესი შეწყდა. რატომ? რა მოხდა ამ დღეებში?
სლოვაკმა კოლეგებმა მოგების განაწილება მათთვის არამოგებიანად ჩათვალეს და პროცესი შეაჩერეს. ჩვენ ექსპორტირება იმ პროცედურის დაცვით დავიწყეთ, რომელიც რეგულატორული ბაზით არის განსაზღვრული და მრავალი წელია, გამოიყენება. ახლა ეს პროცედურა ჩვენს მეზობლებს არ აწყობთ, მათ სურთ, რომ ჩვენ მათთან ევროპული წესებით ვიმუშაოთ.
ენერგოსისტემების უნგრელმა, რუმინელმა და სლოვაკმა ოპერატორებმა მოითხოვეს, რომ ჩვენ სახელმწიფოთაშორისი ქსელების გამტარუნარიანობის გადანაწილებასთან დაშვების ერთობლივ აუქციონებზე გადავსულიყავით. ევროპაში ეს პროცედურაა გავრცელებული, ამისთვის კი საჭიროა, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროს მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შეცვალოს აუქციონების ჩატარების წესი, რომლის მიხედვით დღეს მხოლოდ ცალმხრივი აუქციონები ტარდება.
ჩვენ ამ ცვლილებებს ველოდებით, მანამდე კი, ვფიქრობ, სლოვაკ კოლეგებთან ცალმხივი აუქციონების დროებით ჩატარებაზე შევთანხმდებით. ამჯერად მოლაპარაკებას უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინების მოთხოვნით ვაწარმოებთ.
რა მოთხოვნებს აყენებს უკრაინა?
გასულ წელს „უკრენერგომ“ სახელმწიფოთაშორის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაშვებით 4,9 მლრდ გრივნის შეგროვება მოახერხა. ეს თანხა გენერაციისა და ბაზრის მონაწილეების ვალების გასასტუმრებლად გამოვიყენეთ. მათ ეს თანხები შარშანდელი ზამთრისთვის მოსამზადებლად დახარჯეს.
ანუ იმ სახსრებმა, რაც სახელმწიფოთაშორის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაშვებით მოვიპოვეთ, ზამთარი გადაგვატანინა, ასე რომ, პარტნიორებისთვის საომარი მდგომარეობით გამოწვეული ამ პოზიციის ახსნას ვცდილობთ.
რით დასრულდა მოლაპარაკებები პოლონეთთან? ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურ- (ხაეს)-ჟეშუვის ხაზი ჩაეშვა, პოლონეთმა თავის მხარეს ნახევარი თვისთვის აუქციონები ჩაატარა და იქ გარკვეული კონკურენცია შეინიშნებოდა. დაუბრუნა პოლონეთმა უკრაინას მიღებული თანხების ნახევარი?
პოლონეთს მხოლოდ თვიური აუქციონების ჩატარება შეუძლია, ასე რომ, ეს წინასწარ ხდება, უკრაინას კი მხოლოდ დღე-ღამის აუქციონების გამართვა შეუძლია, მიწოდების თარიღთან მიახლოებულ დროს.
ახლა პოლონეთთან მოლაპარაკებას მოგების განაწილებასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ. ჩვენ ყველა ჩვენს მეზობელთან ერთი და იმავე პოზიციის დაცვას ვაპირებთ და გამტარობის შესაძლებლობის გადანაწილებიდან მოგების დამატებითი წილის მოპოვებას შევეცდებით, რათა ჩვენი დაზიანებული ენერგოსისტემის აღსადგენი სამუშაოების დაფინანსება შევძლოთ.
როდისთვის ელით ამ შეთანხმებების მიღწევას?
სლოვაკეთთან შეთანხმებას უახლოეს მომავალში უნდა მივაღწიოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლონელ კოლეგებთანაც მალე შევთანხმდებით. გარდა ამისა, რუმინელი და უნგრელი კოლეგების დათანხმებაც მოგვიწევს. ვფიქრობ, რუმინელ ოპერატორებთან მოლაპარაკებას უახლოეს თვეებში მოვახერხებთ.
რამდენად რეალურია სცენარი, რომ ზაფხულში უკრაინამ ელექტროენერგიის როგორც ექსპორტირება, ისე იპორტირება შეძლოს?
დიახ, შესაძლებელია, რადგან ეს არა მარტო უკრაინული, ნებისმიერი ენერგოსისტემისთვის არის დამახასიათებელი, თანაც, არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ დღე-ღამის განმავლობაშიც, რადგან სიტუაცია შესაძლოა ყოველი შემდგომი საათის განმავლობაში შეიცვალოს.
მაგალითად, ახლა 10:00-დან 14:00-მდე ელექტროენერგიას ჭარბი რაოდენობით ვიღებთ, რადგან მზის ელექტროსადგურები ბევრ ელექტროენერგიას გენერირებენ, საღამოს საათებში, 19:00-დან 22-00-მდე, როცა მოხმარება იზრდება, უკრაინელებს ეკონომიურობისკენ მოვუწოდებთ. ეს არ ნიშნავს უშუქოდ ყოფნას და ყველა ელექტრომოწყობილობის გამორთვას, უნდა ვეცადოთ, დროის ამ მონაკვეთში შევამციროთ ძლიერი ელექტრომოწყობილობების მოხმარება და შენობიდან გამოსვლისას შუქი გამოვრთოთ. ეს ენერგოსისტემის დატვირთვას შეამცირებს და ჩვენს დისპეტჩერებს ბალანსის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
არ დაგავიწყდეთ, გენერირების რამდენი სიმძლავრის გამოყენება არაა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი. გარდა ოკუპაციისა და დაბომბვის შედეგად დაზიანებებისა, ზაფხული ტრადიციულად ატომური ენერგობლოკების რემონტების სეზონია, რადგან ზამთარში მათი გამართული მუშაობისთვის საწვავის გადატვირთვაა საჭირო. ასევე მიმდინარეობს თბური გენერაციის რემონტი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ზამთარში მნიშვნელოვნად დაზიანდა – ყოველივე ეს კი სისტემის ბალანსზე ახდენს გავლენას.
ჯერჯერობით ელექტროენერგიის მარაგის შესაქმნელად საკმაო რაოდენობის სისტემები არ გვაქვს, დღისით წარმოებული ენერგია რომ შეგვენახა და საღამოს მოგვეხმარა, ამიტომ საღამოობით შესაძლოა დეფიციტი შეგვექმნას და იმპორტირება დაგვჭირდეს – ასეთი სიტუაცია სავსებით მოსალოდნელია.
იმპორტის რა მოცულობა შეიძლება დაგვჭირდეს ზაფხულში და უნდა ველოდოთ თუ არა შუქის გამორთვას?
იმპორტის ხელმისაწვდომი მოცულობა, ასევე იმ გაზის ელექტროსადგურების გააქტიურება, რომელთაც ზაფხულობით არ ვიყენებთ, ვფიქრობ, უნდა გვეყოს და ელექტროენერგიის გათიშვა არ მოგვიხდება.
მომხმარებლების ქსელიდან გათიშვა – ჩვენი სისტემის დაბალანსების უკიდურესი ზომაა. თუკი ამის გარდაუვალი საჭიროება დაგვიდგება, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ყველა სხვა შესაძლებლობა, იმპორტის ჩათვლით, ამოვწურეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინაში იმპორტი შემოვიდეს. უკრაინული ფასი საბითუმო ბაზარზე მეზობელი ქვეყნების (პოლონეთი, სლოვაკეთი), ვისგანაც ელექტროენერგიის მიღება შეგვიძლია, ბაზრის ფასებზე ნაკლებია. საჭიროა უკრაინაში იმპორტის მასტიმულირებელი ინსტრუმენტის შემუშავება. თუ არაფერს მოვიმოქმედებთ – შედეგს ვერ მივიღებთ, არავის მოუნდება უფრო მაღალ ფასად ენერგიის შესყიდვა და შემდეგ უკრაინისთვის უფრო დაბალ ფასად მიყიდვა.
რა ვარიანტები განიხილება?
პირველი – საჭიროა რეგულირების შეცვლა, რათა საღამოს, პიკის საათებში მოხმარებული ენერგიის ფასი იზრდებოდეს, პროფიციტის დროს კი კლებულობდეს. ეს რეგულაცია საღამოს საჭიროებებისთვის იმპორტის მოზიდვის საშუალებას მოგვცემდა, დღისით კი, მზის სინათლეზე, ელექტროენერგია საკმარისია და ამიტომ მისი ფასიც გარკვეულწილად დაბალი იქნებოდა. დღეის მდგომარეობით დადგენილი ზღვრული ფასები ასეთ რყევას გამორიცხავს.
მეორე ვარიანტია სპეციალური მექანიზმი, რომელიც ევროპული და უკრაინული საბითუმო ენერგობაზრის ფასებს შორის განსხვავების კომპენსირებას მოახდენდა.
რა ეტაპზეა ამ გადაწვეტილებების განხილვა?
ვერ გეტყვით – ეს რეგულატორის კომპეტენციაა. მე მოგიყევით იმპორტის მოზიდვის იმ პოტენციური შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც, როგორც ენერგოსისტემის ოპერატორი, ვხედავთ.
ბიზნესის ელექტროსისტემებში ჩართვა
„უკრენერგომ“ წელიწადი 6 მლრდ გრივნის ზარალით დაასრულა. რა არის ამის მიზეზი?
ჩვენ ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ვადგენთ. ამ ანგარიშგებაში ვადასტურებთ დებიტორული დავალიანების გაუფასურებას. დღეის მდგომარეობით ჩვენი უზარმაზარი ვალი აქვთ ელექტროენერგიის ბაზარზე სავალო ჯაჭვის გამო, რაც უკვე ვახსენე. ჩვენ ამ დებიტორულ დავალიანებას რეზერვის დანარიცხი უნდა დავამატოთ, რაც ჩვენს ხარჯთარიცხვაში შედის და საბოლოო ფინანსურ ანგარიშზე ახდენს გავლენას.
მეორე ყურადსაღები ფაქტორია განსხვავება ვალუტების კურსს შორის. ჩვენი კრედიტები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შემოჭრის შემდეგ ევროსთან და დოლართან მიმართებით გრივნის გაუფასურებამ კრედიტების ზრდა გამოიწვია, რასაც ემატება დროებითი ოკუპაციისა და დაზიანებების გამო ჩვენი აქტივების გაუფასურება. ამიტომაც აღვნიშნეთ ყველა ეს ხარჯი, რაც ჯამში, თითქმის 20 მლრდ გრივნას შეადგენს. ვფიქრობ, მსხვილი სტრატეგიული კომპანიები ასევე აღმოჩნდნენ ამ პრობლემის – დანაკარგებისა და, შესაბამისად, ნეგატიური საფინანსო შედეგების აღიარების წინაშე.
2023 წლის გეგმებზე მოგვიყევით…
წელს სიტუაციის გამოსწორებას ვგეგმავთ. ომთან ადაპტირება გარკვეულწილად უკვე მოვახერხეთ, ასე რომ, წელს სარგებელს ველოდებით. პირველი კვარტალი მოგებით დავასრულეთ.
იანვრის ბოლოს Baykar Defence-ის დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან მიერთება $10 მლნ დაჯდება და ამას ორი წელი დასჭირდება. შეთანხმებულია თუ არა მიერთების საკითხი? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პროცესი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს?
მათ რაღაც გაურკვეველი დიალოგი აწარმოეს საოლქო ენერგეტიკის მესვეურებთან, ჩვენ რომ მოგვმართეს, ათ დღეში ტექპირობები წარვუდგინეთ. ჩვენ მზად ვართ, უკრაინის ელექტროქსელთან მიერთების, ტექნიკური პირობების წარდგენის, ასევე ამ შეთანხმების რეალიზების, ჩვენი ქვესადგურების რეკონსტრუქციისა და ობიექტის მშენებლობის სწრაფი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველვყოთ. ამ პროცედურის გამარტივების გზა კი კონკურენციის გაზრდაშია.
„უკრენერგოც“ და საოლქო ენერგეტიკული კომპანიებიც, როგორც ბუნებრივი მონოპოლიები, რეგულირებას უნდა დაექვემდებარონ, მაგრამ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მომხმარებელი მსხვილი ობიექტების ჩვენს ქსელთან მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ვფიქრობ, გონივრული სვლაა.
გაჩნდა ახალი მექანიზმი – „განაწილების მცირე სისტემები“. მათი მუშაობის სქემა ასეთია: შესაძლებელია ქვესადგურის ინდუსტრიული პარკის სახით აშენება და მისი „უკრენერგოს“ ქსელში ჩართვა. ეს საოლქო ენერგეტიკას დამატებით კონკურენციას შეუქმნის ჩვენი მხრიდან და მჯერა, რომ ეს მათ მოტივაციასაც გაზრდის და ჩვენც გვაიძულებს, კლიენტებისთვის ვიბრძოლოთ. გარდა ამისა, ეს პროცესის გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს და ჩართვის ხანგრძლივობასაც.
თუკი „უკრენერგო“ ათი დღის განმავლობაში მოამზადებს ქსელთან მიერთების ხელშეკრულებას, რომელშიც ტექნიკური პირობებიც იქნება ჩადებული და ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება, ჩათვალეთ, რომ ამ პროცესის ბევრად უფრო სწრაფად დასრულებას შევძლებთ, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში ხდება, სადაც პროცედურას 30-50 დღე სჭირდება. ასე რომ, კონკურენცია, როგორც ყოველთვის, ყველაფრის განმსაზღვრელია.
რა ოდენობის ჩეკს გამოუწერთ Baykar-ს, თუკი ის თქვენი კლიენტი გახდება?
$10 მილიონზე ბევრად ნაკლებს.
ბევრ ქვეყანაში ქსელთან მიერთების საფასური ტარიფშივეა ჩადებული. რამდენად მართებულია უკრაინაში ამ სისტემის შემოღება?
უცხო ქვეყნების გამოცდილება დაწვრილებით შევისწავლეთ. უმრავლეს მათგანში სწორედ ინვესტორი აფინანსებს ინფრასტუქტურის მოდერნიზებას, დამატებითი ტრანსფორმატორების შესყიდვას. სხვა საკითხია, თუ რა უნდა აშენდეს და რა უნდა ღირდეს – ამის განსაზღვრის პროცესი სწრაფი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ოდესღაც მიგვაჩნდა, რომ „უკრენერგოს“ ქსელში ჩართვა ორ-სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე საოლქო ენერგოობიექტებში, მაგრამ პრობლემა მისი მიერთების მექანიზმშია და არა ფასში. ცუდია, როცა პროცესი გაუმჭვირვალეა და მისი ბოროტად გამოყენება ხდება.