რა როლი აქვს კრიპტოვალუტებს ტერორიზმის დაფინანსებაში?

რა როლი აქვს კრიპტოვალუტებს ტერორიზმის დაფინანსებაში?

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ტერორიზმისა და გასამხედროებული დაჯგუფებების დაფინანსების შესახებ საუბრისას, კრიპტოვალუტების როლი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.

ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა „ჰამასთან“ დაკავშირებული კრიპტაანგარიშები გამოავლინეს. თუმცა, ბუნებრივია, კრიპტოვალუტები ძალადობრივი გასამხედროებული დაჯგუფებებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული ჯგუფების დაფინანსებისა და ამ ფინანსების შემდეგში გამოყენების მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, თუ როგორია კრიპტოვალუტების როლი ტერორიზმის დაფინანსებაში.

რატომ გამოიყენება კრიპტოვალუტები არალეგალური ფინანსური ტრანზაქციებისთვის?

კრიპტოსავალუტო საფულეების შექმნა ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია. ხშირ შემთხვევაში კი ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ბანკში ანგარიშის გახსნა, რაც გარკვეულ იდენტიფიცირებას საჭიროებს. ტრანზაქციებით დაინტერესებულ პირებს კი კრიპტოვალუტების გაგზავნა და მიღება საკუთარი ვინაობის გამჟღავნების გარეშე შეუძლიათ. ბლოქჩეინ-ტექნოლოგია კი მყისიერი გადახდის შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, კრიპტოინდუსტრიის რეგულირების ჩარჩოებზე მუშაობა ჯერ მხოლოდ ახლა მიმდინარეობს. სახელმწიფოთა უმეტესობაში ის ჯერ კიდევ არარეგულირებულია. ტრადიციული საფინანსო სისტემა კი, კრიპტოინდუსტრიისგან განსხვავებით, მეტად რეგულირებული სფეროა.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შემსწავლელი ორგანოს, FATF-ის ინფორმაციით, იმის რისკი, რომ კრიპტოვალუტა კრიმინალური აქტივობებისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის საჭირო ტრანზაქციების უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს, სულ უფრო იზრდება.

შეგვიძლია თუ არა კრიპტოვალუტების ტრანზაქციების კონტროლი?

საინტერესოა, რომ ბლოკჩეინი ტრანზაქციის მუდმივ საჯარო ჩანაწერს ქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ინახოს, რა თანხა შევიდა და გავიდა კონკრეტული კრიპტოსაფულიდან და სხვა რომელ კრიპტოსაფულეებთან ჰქონდა მას ინტერაქცია. ბუნებრივია, ამგვარი საჯარო ინფორმაციით რაიმე კვალზე გასვლა მეტად რთულია. თუმცა ბლოკჩეინ-ანალიტიკურ ფირმებს აღნიშნული ფინანსების მიკვლევის გარკვეული ხელსაწყოები აქვთ.

მიუხედავად ამისა, ამ ფინანსური ნაკადების კონკრეტულ პიროვნებაზე ან ჯგუფზე მიწერისთვის მკვლევრები ისეთ ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელიც ბლოკჩეინ-ქსელზე ჩაწერილი არ გახლავთ.

კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს ინფორმაცია აქვთ, თუ რომელი კრიპტოსაფულე რომელ მომხმარებელს ეკუთვნის. სამართალდამცავ უწყებებს კი, შესაბამისი მოთხოვნის თანახმად, ამ ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა აქვთ.

რა ღირებულების კრიპტოვალუტა გამოიყენება ტერორიზმის დასაფინანსებლად?

აღნიშნულის შესახებ ზუსტი და უტყუარი მონაცემი არ არსებობს. ექსპერტების ინფორმაციით, გასამხედროებული ჯგუფები ფინანსების მისაღებად ნაღდ ფულს, ბანკებს, ოფშორულ კომპანიებს, საქველმოქმედო ფონდებსა და ფინანსური ქსელების არაფორმალურ გზებს იყენებენ. კრიპტოვალუტა მათი დაფინანსების მხოლოდ მცირე წყაროა.

2022 წელს გაეროს ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ტერორისტული აქტების მხოლოდ 5% იყო კრიპტოვალუტით დაფინანსებული. თუმცა, Bloomberg-ის პროგნოზით, ეს მონაცემი შესაძლოა 20%-მდე გაიზარდოს. FATF-ის განცხადებით, ტერორიზმის დაფინანსების წყაროებს შორის კრიპტოვალუტების როლი სულ უფრო იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით ტერორისტული ორგანიზაციების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად კვლავ ტრადიციულ ფულს იყენებს.

კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, Chainalysis-ის ინფორმაციით, ტერორიზმის დაფინანსება გლობალური კრიპტობაზრის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.