2 ივნისის შემდეგ პირველად, რუსულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა მოლაპარაკებები გამართეს. საკმაოდ ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც მხოლოდ 40 წუთს გაგრძელდა, მხარეებმა ტყვეების დამატებით გაცვლის საკითხი განიხილეს. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შეთანხმებასა და ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ გვაქვს პროგრესი ჰუმანიტარული მიმართულებით, თუმცა არანაირი პროგრესი საომარი მოქმედებების შეწყვეტის კუთხით“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა. მისი განმარტებით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს აგვისტოს ბოლომდე პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. „ამ შეთავაზებაზე დათანხმებით რუსეთს შეუძლია კონსტრუქციული მიდგომის დემონსტრაცია მოახდინოს“, – განაცხადა მან.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, ლიდერები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს და არა ყველა დეტალის განსახილველად. მედინსკიმ მოსკოვის ინიციატივა 24-48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ წამოაყენა. თუმცა უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მყისიერი და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება სურთ.
საინტერესოა, რომ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპი რუსეთს უფრო მძიმე სანქციებით დაემუქრა, თუ სამშვიდობო შეთანხმება 50 დღის ვადაში არ მიიღწევა. ტრამპი სანქციებით იმ ქვეყნებსაც დაემუქრა, რომლებიც რუსეთისგან საწვავს ყიდულობენ.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებს მთავარი მიზნისკენ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ – როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, საუბარი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის ტყვეების დამატებით გაცვლის პროცედურას შეეხო. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მხარეები დამატებით 1,200 ტყვეს გაცვლიან, გარდა ამისა, რუსეთი უკრაინას 3,000 დაღუპული მებრძოლის ცხედარს გადასცემს.