რა სურს პუტინს ირანისგან და რას უნდა ველოდოთ თეირანისგან?

რა სურს პუტინს ირანისგან და რას უნდა ველოდოთ თეირანისგან?

რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობის ახალ ფაზაზე გადასვლა არასასურველი მოვლენაა დასავლეთისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიც შეშფოთებით აკვირდება. ფაქტია, რომ იმ იშვიათ ოფიციალურ შეხვედრებს შორის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პრეზიდენტმა პუტინმა გამართა, ირანში ვიზიტიც მოხვდა. კერძოდ კი სამშაბათს, თეირანში ყოფნისას პუტინი თავის ირანელ კოლეგა ებრაჰიმ რაისის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ირანის სულიერ ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისაც კი შეხვდა.

საიდუმლო არაა, რომ რუსეთსა და ირანს დასავლეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება აერთიანებთ. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ქვეყნები კონკურენტუნარიანი ენერგომწარმოებლები არიან, ირანსა და რუსეთს შორის ნებისმიერი სახის უფრო ღრმა პარტნიორობის ჩამოყალიბებას ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა არის საკითხები, რომლებზეც დასავლეთის ქვეყნები ყურადღებას ამახვილებენ.

შეუძლია ირანს რუსეთს უკრაინასთან ომში დაეხმაროს?

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი რუსეთისთვის რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატისა და დრონის მიწოდებას გეგმავს. თუმცა  არცერთი ქვეყანა აშშ-ის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ქვეყნის ლიდერებს ეს საკითხი არ განუხილავთ.

ცნობისთვის, უკრაინა რუსული შენაერთებისა და დიდ რაოდენობით ტანკების განადგურებისთვის თურქეთის მიერ მიწოდებულ ბაირაქტარის დრონებს იყენებდა. ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ის ომის ექსპერტი ჯეკ უოტლინგი თვლის, რომ ირანული თვითმფრინავები რუსეთს როგორც დაზვერვისთვის, ასევე სამიზნეების დადგენაშიც დაეხმარება. უოტლინგის აზრით, ირანს რუსეთის დახმარება სანქციების აცილებაშიც შეუძლია, რაც ისეთი ტიპის იარაღის სისტემების წარმოებაზე თანამშრომლობას გულისხმობს, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი დასავლეთის ქვეყნების მიწოდების ჯაჭვებზე.

რა შეუძლია რუსეთს ირანის სანქციებისგან ისწავლოს?

ირანს ბირთვული პროგრამების გამო დასავლეთის მხრიდან სანქცირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რუსები ამას ხედავენ და ირანს დასავლური სანქციების აცილების საქმეში ძალიან გამოცდილ და პოტენციურ პარტნიორადაც აღიქვამენ. უკრაინაში ომის წამოწყების შემდგომ კი დასავლური სანქციები თავს რუსეთს, ქვეყნის ბანკებს, ბიზნესს, ოფიციალურ თუ კერძო პირებს დაატყდათ. შესაბამისად, არცერთ ქვეყანას არა აქვს წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებსა და კაპიტალზე.

რუსეთს ირანისგან ბევრი რამის სწავლა, ხოლო სანაცვლოდ ირანისთვის სამხედრო საქონლის, ნედლეულისა და მარცვლეულის შეთავაზება შეუძლია. ცნობისთვის, თეირანისთვის რუსეთი უკვე ხორბლის უმსხვილესი მიმწოდებელია. მაშინ როდესაც რუსული ბანკების დიდი ნაწილი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გათიშულია, რუსეთი მუშაობს ალტერნატივებზე, რომლებშიც შესაძლოა, ირანული ბანკებიც ჩართოს. ფაქტია, სანქციების პირობებში, რუსეთი ქვეყნების გარკვეულ ჯგუფთან უფრო ფართო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. ამ ქვეყნებს შორის კი, ირანთან ერთად ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკის, არაბული და აფრიკული ქვეყნების ნაწილია.

შეძლებენ რუსეთი და ირანი ენერგეტიკის საკითხებზე თანამშრომლობას?

ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, რადგან ორივე ქვეყანა ნავთობისა და გაზის მწარმოებელია, რომელთა შორის კონკურენცია უკრაინის ომის შემდგომ უფრო გაიზარდა. კერძოდ, რუსეთის ექსპორტის დიდმა ნაწილმა უკვე ინდოეთსა და ჩინეთში, შედარებით დაბალ ფასად, გადაინაცვლა, რაც ირანის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა.

შესაბამისად, ეკონომიკურ განზომილებაში, ომმა ქვეყნებს შორის ურთიერთობა შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს, რადგან რუსეთი, სასაქონლო ბაზარზე, ფაქტობრივად ირანის დიდ ნაწილს ითვისებს.

მიუხედავად ამისა, ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და რუსეთის „გაზპრომს“ შორის $40-მილიარდიანი ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელშეკრულების პირობებით „გაზპრომი“ NIOC-ს ორი გაზისა და ექვსი ნავთობის საბადოს განვითარებაში უნდა დაეხმაროს, ასევე მონაწილეობა მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებსა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში.

შეიცვლება თუ არა რამე ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში?

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომმა, რუსეთის დამოკიდებულება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) აღდგენის შესახებაც შეცვალა. 11-თვიანი  მოლაპარაკებები შეთანხმების აღსადგენად, რომლებიც ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანის სანქციებს აუქმებდა, მარტში ბოლო ეტაპზე გადავიდა. თუმცა ბოლო წამს რუსეთმა ვაშინგტონისგან წერილობითი გარანტია მოითხოვა იმის დასადასტურებლად, რომ მოსკოვის მიმართ დასავლური სანქციები ირანთან მის ვაჭრობაზე გავლენას არ იქონიებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ზეწოლის შედეგად რუსეთმა სწრაფადვე უკან დაიხია, შეთანხმების მიღწევისთვის დიპლომატიური იმპულსი დაიკარგა. მას შემდგომ, დარჩენილ საკითხებზე მოლაპარაკებები შეჩერდა.  JCPOA-ის შეთანხმების წარმატება ან წარუმატებლობა კი რუსეთისა და ირანის ლიდერებს შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს. დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის ჩარევამ თეირანში რუსეთის სანდოობისა და ერთგულებისადმი ეჭვები უკვე გააჩინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *