ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც თანამშრომლების დაქირავებას ამცირებენ

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც თანამშრომლების დაქირავებას ამცირებენ

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია გავლენას ტექნოლოგიური გიგანტების გადაწყვეტილებებზეც ახდენს. ინფლაცია, რეცესიის რისკი, უკრაინაში მიმდინარე ომი და კორონავირუსის პანდემია ის მთავარი საკითხებია, რის გამოც მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი თანამშრომლების დაქირავების ტემპს დღითიდღე ამცირებს.

Apple-ი, Google-ი, Amazon-ი, – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტექნოლოგიური კომპანიებისა, რომლებიც არსებული ვითარების ფონზე პერსონალის საჭიროებაზე უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებენ. შედეგად, მათი ნაწილი დასაქმების გაყინვისა და შეთავაზებების გაუქმების, ნაწილი კი თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილებასაც კი იღებს.

Alphabet Inc: რეკრუტირების პროცესს Google-ის მშობელი კომპანიაც ანელებს. Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, სხვა კომპანიების მსგავსად, არც ისინი არიან დაზღვეულნი შესაძლო ეკონომიკური რისკებისგან. შიდა მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანია თანამშრომლების დაქირავების ტემპს შეანელებს, პრიორიტეტი კი ამ პერიოდში ინჟინერია და ტექნოლოგიური ტალანტი იქნება.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ მეორე კვარტალში Google-ს 10,000 თანამშრომელი დაემატა. მარტის ბოლოს კომპანიას თითქმის 164,000 დასაქმებული ჰყავდა.

Amazon.com Inc: Amazon-მა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში დიდი რაოდენობით თანამშრომლების აყვანის გამო, რეკრუტირების ტემპის შენელებას გეგმავდა. ამ ეტაპისთვის კომპანიამ დასაქმებულთათვის განკუთვნილი ობიექტების განვითარებაც შეაჩერა და ცდილობს დაადგინოს, თუ რამხელა სივრცე დასჭირდება კომპანიას თანამშრომლების ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობის შემთხვევაში. მარტის მონაცემებით, Amazon-ს 1.6 მილიონი თანამშრომელი ჰყავდა, რაც მას ტექნოლოგიურ სამყაროში უდიდეს დამსაქმებლად აქცევს.

Apple Inc: Apple-ი შესაძლო ეკონომიკურ ვარდნასთან გასამკლავებლად, დაქირავების შენელებასა და კომპანიის ზოგიერთი დანაყოფის ხარჯის შემცირებასაც გეგმავს. თუმცა ეს მთლიანად კომპანიის პოლიტიკა არაა, და iPhone-ის მწარმოებელი პროდუქტის გამოშვების ამბიციურ გეგმებზე უარს კვლავ არ ამბობს. გასული წლის სექტემბერში, ფისკალური წლის დასრულებისთვის, Apple-ში დასაქმებულთა რიცხვი 154,000 თანამშრომელს აღწევდა.

Coinbase Global Inc: კრიპტოვალუტის ბირჟამ ეკონომიკური რისკებისგან თავის დაცვის მიზნით თანამშრომლების 18%-ით შემცირების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა. Coinbase Global-მა გააუქმა სამუშაო შეთავაზებები, რაც 10-წლიანი ეკონომიკური ბუმის შემდგომ, რეცესიის რისკებით ახსნა. კვარტალის დასასრულს, კომპანიას დაახლოებით 5,000 თანამშრომელი ჰყავდა.

Meta Platforms Inc: Facebook-ის მშობელმა კომპანიამ, ინჟინრების აყვანის გეგმა მინიმუმ 30%-ით შეამცირა. კომპანიის CEO-მ, მარკ ცუკერბერგმა, თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი ეკონომიკური ვარდნის მოლოდინი აქვს. მარტის ბოლოს Meta-ს 77,800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა.

Microsoft Corp: Microsoft-მა თანამშრომლები მაისში, Windows-ის, Office-ისა და Teams-ის ჯგუფებში შემცირებების შესახებ გააფრთხილა. 2021 წლის მონაცემებით, Microsoft-ში დასაქმებულების რიცხვი 181,000-ს უტოლდებოდა. ცოტა ხნის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ რეორგანიზაციის ფარგლებში, თანამშრომელთა 1%-ზე ნაკლები შეამცირა.

Tesla Inc: ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ივნისში კალიფორნიაში ობიექტის დახურვის გამო, ავტოპილოტის 200 თანამშრომელი დაითხოვა. აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, თანამშრომელთა შემცირებები, არსებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, აუცილებელია. მასკის ინფორმაციით, მომავალი სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილს ანაზღაურებადი თანამშრომლების დაახლოებით 10% დაკარგავს. გასული წლის ბოლოს Tesla-ს გლობალურად 100,000 თანამშრომელი ჰყავდა.

Twitter Inc: Twitter-მა დაქირავების პროცესის გაყინვა და შეთავაზების შეჩერება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. რეკრუტირების შენელება უმეტესწილად ილონ მასკის მიერ კომპანიის შესაძლო შესყიდვის თემას მოჰყვა. 2021 წელს კომპანიას სულ 7,500 თანამშრომელი ჰყავდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *