რა ვიცით ილონ მასკის ჩიპების ქარხნის $55-მილიარდიან პროექტზე?

რა ვიცით ილონ მასკის ჩიპების ქარხნის $55-მილიარდიან პროექტზე?

ფოტო: Getty Images

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი აშშ-ში, კერძოდ კი ტეხასში, ჩიპების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. Terafab-ი $55 მილიარდის ღირებულების პროექტია, რომლის მშენებლობის გეგმა SpaceX-მა უკვე ოფიციალურად წარადგინა. SpaceX-თან ერთად, ჩიპების მწარმოებელ ქარხანაზე მილიარდერის სხვა კომპანიებიც, მათ შორის Tesla და xAI იმუშავებენ.

Terafab-ის პროექტი ილონ მასკმა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა. მილიარდერის უახლესი ინიციატივა წელიწადში ერთ ტერავატზე მეტი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოთვლითი სიმძლავრის გამომუშავებას ისახავს მიზნად და ძირითადად ორ მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული: ნახევარგამტარების წარმოებასა და მოწინავე გამოთვლით ტექნოლოგიებზე.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე თავად მასკმა განაცხადა, Terafab-ის მშენებლობა პასუხია ჩიპების სამომავლო დეფიციტზე, რომლის წინაშეც, მილიარდერის პროგნოზით, მსოფლიო აუცილებლად აღმოჩნდება. ამის მიუხედავად, ამერიკელმა ბიზნესმენმა არსებულ მიმწოდებლებს, მათ შორის Samsung-სა და TSMC-ს, მადლობა გადაუხადა, თუმცა დასძინა, რომ სამომავლოდ მისი კომპანიების მოთხოვნა ჩიპების მსოფლიო წარმოების საერთო მოცულობას გადააჭარბებს.

Terafab-ი გრაიმსის ოლქში აშენდება და, როგორც უკვე აღინიშნა, ნახევარგამტარების წარმოებასა და მოწინავე გამოთვლით ტექნოლოგიებზე იქნება ფოკუსირებული. ეს სწორედ ის ორი მიმართულებაა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსის ათვისების ამბიციებში მასკისთვის ცენტრალურ ადგილს იკავებს. ადგილობრივ დოკუმენტებში Terafab-ი მოხსენიებულია, როგორც „მრავალფაზიანი ობიექტი ნახევარგამტარების წარმოებისა და მოწინავე გამოთვლებისთვის“.

პროექტი მასკს ჩიპებსა და გამოთვლით სიმძლავრეზე მეტ წვდომას მისცემს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მილიარდერის საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიებისთვისაც. მაგალითად, Tesla-სთვის, რომელიც სრულად ავტონომიური ავტომობილების დანერგვასა და ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე მუშაობს; SpaceX-ისთვის, რომელიც Starlink-სა და სხვა თანამგზავრულ სისტემებს მართავს და xAI-სთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე მუშაობს და მნიშვნელოვან გამოთვლით რესურსებს საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ Terafab-ის პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ივნისის დასაწყისში ტეხასის ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო მოსმენაზე ობიექტისთვის შეთავაზებულ პირობებს განიხილავს. შედეგად, დაფინანსების მოპოვებამდე, მასკის ახალ პროექტს ჯერ ოფიციალური ნებართვის მიღება დასჭირდება.