გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ (2017) აჩვენა, რომ მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 94 ლარს შეესაბამება). 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რიცხვი, შესაბამისად, 3.3, 5.9 და 2.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 188 ლარს შეესაბამება).
ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას 2009 წლიდან ატარებს 2-წლიანი შუალედებით. მე-5, 2017 წლის კვლევაში პირველად დაფიქსირდა როგორც უკიდურესი, ისე ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობის ზრდა. მანამდე როგორც უკიდურესი, ისე ზოგადი სიღარიბე საქართველოში მუდმივად იკლებდა – ერთადერთი გამონაკლისია პენსიონერებში უკიდურესი სიღარიბის მატება 7.3%-დან 8.1%-მდე 2009-დან 2011 წლამდე პერიოდში.
“სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. … დიდი ალბათობით, შინამეურნეობებმა დანაზოგები ამოწურეს, ხოლო დამატებით ფინანსურ რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ, რის გამოც კიდევ უფრო მოწყვლადნი გახდნენ. 2015 წელს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა”, – ასეთ ახსნას გვთავაზობს თავად გაეროს ბავშვთა ფონდი დღეს.
ჯერ კიდევ 2016 წლის 17 აგვისტოს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა Georgia: Recent Trends and Drivers of Poverty Reduction, სადაც ხაზგასმით აღნიშნა: “მსოფლიო ბანკის სიმულაციები აჩვენებს, რომ ფასების 6%-იანი ზრდა (რაც აღინიშნა 2014 წლის მესამე კვარტალიდან 2015 წლის მესამე კვარტალამდე პერიოდში) გაზრდის სიღარიბეს”. ანუ საქართველოს მთავრობას ეს მონაცემები ხელთ ჰქონდა, როდესაც 2016 წლის დეკემბერში საწვავზე აქციზის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და ბიძგი მისცა ფასების ზრდას (საშუალოდ 6% 2017 წლის განმავლობაში, ხოლო 2017 წლის ბოლოს 6.7%).
იმავე კვლევაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამბობენ, რომ 2006-2010 წლებში სიღარიბის შემცირების მთავარი მამოძრავებელი ძალა სოციალური ტრანსფერები (მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის შემოღება და ასაკობრივი პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა) იყო, 2010-2014 წლებში კი – ეკონომიკური საქმიანობა.
იმ ფონზე, როდესაც სიღარიბის შემცირების მთავარ ფაქტორად ეკონომიკურმა საქმიანობამ სოციალური ტრანსფერები ჩაანაცვლა, ლოგიკური იქნებოდა, მთავრობას აქცენტი ეკონომიკურ ზრდასა და, შესაბამისად, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით მეტი და მეტი ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანაზე გაეკეთებინა.
“ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ბიუჯეტი “ადამიანზე ორიენტირებულად” გამოაცხადა და ორიენტირი მთლიანად საბიუჯეტო სახსრებით სიღარიბის შემცირებაზე აიღო: 2013 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გასაცემი საარსებო შემწეობა გააორმაგა, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან და ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, შესაბამისად, ამბულატორიული და ჰოსპიტალური კომპონენტები აამოქმედა. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯი (საბიუჯეტო კოდი 35 03) 2013 წელს 435 მლნ ლარი იყო, 2017 წელს კი – 894 მლნ ლარი. ასევე, მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე (საბიუჯეტო კოდი 35 02 02) 2013 წელს 475 მლნ ლარი დაიხარჯა, 2017 წელს კი – 680 მლნ ლარი.
მაშ, რატომ გაიზარდა ზოგადი სიღარიბე 2015 წლის შემდეგ, ხოლო უკიდურესი სიღარიბე – 2013 წლის მონაცემებთან შედარებითაც კი? რაშია საქმე?
ამ წერილის მიზანია, არ დავკმაყოფილდეთ მარტივი ახსნით (დაბალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია), კიდევ უფრო მეტად ჩავიხედოთ საყოველთაო ჯანდაცვისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში; დავინახოთ, რატომ გვაქვს ქვეყანაში სიღარიბის ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის “ადამიანზე ორიენტირებულობის” მიუხედავად; და, შესაბამისად, ვიპოვოთ გამოსავალი.
სტატიაში “დავით სერგეენკო: ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ” (გამოქვეყნებულია “ფორბსში” 2015 წლის თებერვალში) აღვწერე, რომ ერთნაირი პრინციპით ყველას – ღარიბისა და შეძლებულის – დაფინანსებით მთავრობა შეძლებულებს უფრო ეხმარებოდა, ვიდრე ღარიბებს. მართალია, 2017 წლის გაზაფხულიდან ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პრინციპი შეცვალა (და შემოსავლების მიხედვით 4 სხვადასხვა ჯგუფისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 4 სხვადასხვა პაკეტი განსაზღვრა), მაგრამ ეს ნაბიჯი უკვე ძალიან გვიანი, არასრულყოფილი და არასაკმარისი იყო.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მთავრობის მიერ რომელიმე სექტორის სუბსიდირება იმ სექტორში ფასებს ზრდის. უყაირათო სუბსიდირება (და მათი უმრავლესობა ქვეყნების უმრავლესობაში ასეთია), მით უფრო. 2013-2017 წლებში ჯანდაცვის სფეროში ინფლაციამ 32% შეადგინა.
ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების შეკავების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მის მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ფასების კონტროლი კი დაიწყო, მაგრამ იმ ნაწილში, რომელზეც ეს კონტროლი არ ვრცელდებოდა, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყო (მაგალითად, მედიკამენტებზე დაახლოებით 50%) და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად დააწვა მოქალაქეების, განსაკუთრებით ღარიბების, ჯიბეებს.
ეს ჯერ კიდევ 2014 წლის ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციის კვლევაში გამოჩნდა:
მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებულ “საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში”, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით ჩატარდა, პირდაპირაა ნათქვამი, რომ “ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)”.
ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკუთარ ჯიბეზე არა მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირად ღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მიდის, რაც პრობლემაა სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც და პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვისაც.
ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების უდიდესი ნაწილი თბილისსა და 2-3 რეგიონულ ცენტრში იხარჯება, ხოლო რაიონულ საავადმყოფოებში – სულ უფრო და უფრო ნაკლები. შესაბამისად, რაიონულ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისები სულ უფრო იკარგება და შედარებით მარტივი სამედიცინო მანიპულაციებისთვისაც კი პაციენტს რეგიონულ ცენტრში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) ან დედაქალაქში უწევს წასვლა. ჯანდაცვაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესება კიდევ უფრო აუარესებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან მკურნალობის ხარჯს მგზავრობისა და “თავზე დგომის” ხარჯი ემატება. რაც უფრო ღარიბია ადამიანი და რაც უფრო შორს ცხოვრობს დედაქალაქიდან ან რეგიონული ცენტრიდან, მით უფრო უჭირს, ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა.
რა თქმა უნდა, გრძელვადიანი გამოსავალი მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაშია. მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესების გარეშე (რაც ისევ ჩვენი ცხოვრების გაძვირებას და გაუარესებას ნიშნავს), სუსტი ეკონომიკა ვერ აუვა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების უსასრულო ზრდას. ამიტომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ყაირათიანობა მთავრობის ერთ- ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
მე 2013 წელსვე, როდესაც მივესალმე ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდას, განვაცხადე: “ქართულ ოცნებას” ამდენი ფული იმ სისტემით რომ დაეხარჯა, რაც 2010-12 წლებში ჩამოყალიბდა და არ დაჰბრუნებოდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სოციალისტურ მეთოდს, გვექნებოდა დადებითი ეფექტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების, სახელმწიფო ფინანსების ხარჯთეფექტიანობის, საავადმყოფოების ფინანსური მდგრადობის მხრივ (საგულისხმოა, რომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედაპირული და პოპულისტური პოპულარობის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წლიდან აღარ გამოუქვეყნებია ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ანგარიში).
სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს.
ოღონდ!
ეს რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებული დიზაინის პირობებში განხორციელდეს, ბიუჯეტის ეს უკვე “უძირო ქვევრი” ნამდვილ “შავ ხვრელად” გადაიქცევა. ამიტომ ჯერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა დაუბრუნდეთ და ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა გაიზარდოს, ხოლო მედიკამენტების კომპონენტი პროგრამაში მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიდეს.
იმის მიუხედავად, რომ ყველა ზემოთ ნახსენები კვლევა და რეკომენდაცია გიორგი კვირიკაშვილსაც ედო მაგიდაზე, მან დავით სერგეენკო არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე ვერ დაიყოლია და ჯანდაცვაზე გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯების პირობებში მომატებული სიღარიბე ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი გადაყენების საბაბად გამოიყენა. მაღალი ალბათობით, ივანიშვილის ნებისმიერი პრემიერი კვირიკაშვილის ბედს გაიზიარებს, რადგან “ქართულ ოცნებას” ასეთი რეფორმისთვის საჭირო იდეოლოგიურ-პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსი უკვე აღარ აქვს.