რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში?

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში?

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპმა კლება დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედა­რებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარ­­და, ხოლო მეორე კვარტალში – 7.5%-ით. ჯამში, წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) ზრდამ 7.6% შე­ადგინა. ცნობილი არ არის მესამე კვარტალის ზრდის დაზუსტებული მონაცემები, თუმცა წინასწარი მონა­ცემებით ვიცით, რომ ივლისში ზრდამ 5.5% შეადგინა, ხოლო აგვისტოში – 5.8%. 8 თვის (იანვარ-აგვისტო) ეკონომიკური ზრდა კი 7%-ია.

როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, მნიშ­­ვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგუ­ლისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს, რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცუ­ლობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.

2023 წლის პირველი ნახევრის ძირითადი ეკონო­მიკური მაჩვენებლები უკვე ცნობილია და შეგვიძლია გავაანალიზოთ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის 7.6%-ით ზრდა რამ გამოიწვია.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი

მონაცემების წყარო: საქსტატი

დავიწყოთ იმის გარკვევით, ეკონომიკის რომელ სექტორებში იყო ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წლის იანვარ-ივნისში. ყველაზე მაღალი ზრდა – 31.3% ინ­­ფორმაციის (IT) და კომუნიკაციის სექტორში დაფიქ­­სირდა. მშენებლობაში 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა, განათლებაში – 16.4%, ვაჭრობაში – 14.3%. ყველაზე დიდი კლება -5.4% სოფლის მეურნეობაშია, შემდეგ მოდის დამმუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწ­­ველობა -4.6%-ით და -4.5%-ით.

ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამ­­დენად დიდია სექტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრ­­დება ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის 7.6%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ და ავტომობილების შეკეთებამ შეიტანა – 2.2% პუნქ­­ტი. 2022 წელს ეს სექტორი 6%-ით გაიზარდა, ხოლო მისი წვლილი ჯამურ ზრდაში 0.9% იყო. 2023 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელი დიდწი­ლად 4-ჯერ გაზრდილ ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, რომელიც როგორც ვაჭრობას, ასევე ავტომობილების შეკეთების მომსახურებას ზრდის.

ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით (1.4% პუნქტი) მეორე ადგილზე მშენებლობაა, რომლის ზრდა (19%-ით) საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნის ზრდამ და მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ინ­­ფრასტრუქტურულმა პროექტებმა განაპირობა.

საქართველოს ეკონომიკა სექტორების მიხედვით 2023 წლის იანვარ-ივნისში

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

მლნ ლარი

ზრდის ტემპი

წილი ეკონომიკურ ზრდაში, % პუნქტი

ვაჭრობა, ავტომობილების შეკეთება

4678

14.3%

2.2

მშენებლობა

2234

19.0%

1.4

ინფორმაცია და კომუნიკაცია

1607

31.3%

1.4

განათლება

1701

16.4%

0.9

სახელმწიფო მმართველობა

2303

10.8%

0.8

ხელოვნება, გართობა და დასვენება

1402

9.6%

0.5

სასტუმროები და რესტორნები

1075

11.8%

0.4

საფინანსო საქმიანობები

1620

7.3%

0.4

ტრანსპორტი და დასაწყობება

1852

5.3%

0.3

პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები

676

9.3%

0.2

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

3507

1.2%

0.1

სამთომოპოვებითი მრეწველობა

396

-4.5%

-0.1

ელექტროენერგიის, აირისა და ჰაერის მიწოდება

974

-4.1%

-0.2

ჯანდაცვა

1271

-6.3%

-0.3

სოფლის მეურნეობა

2056

-5.4%

-0.4

დამმუშავებელი მრეწველობა

2839

-4.6%

-0.6

სხვა

560

18%

0.6

მონაცემების წყარო: საქსტატი

ყველაზე მაღალი ზრდის ტემპის (31.3%) მქონე სექტორმა – ინფორმაციამ და კომუნიკაციამ ჯამურ ზრდაში 1.4%-პუნქტიანი წვლილი შეიტანა. 2022 წელს ეს სექტორი 50%-ით გაიზარდა და მისმა წვლილმა ჯამურ ზრდაში 1.7% შეადგინა. ზრდა ძირითადად სა­ინფორმაციო ტექნოლოგიებშია, რაც კომპიუტერულ მომსახურებას გულისხმობს. აღნიშნულმა სექტორ­­მა მაღალი ტემპით ზრდა 2021 წლიდან დაიწყო და ამ წელს 30%-ით გაიზარდა. 2022 წლიდან სექტორის ზრდის ტემპის დაჩქარება საქართვე­ლოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემე­ბით, 2022 წელს საქართველოში 1,200-მდე კომპანია საქმიანობდა კომპიუტერუ­ლი მომსახურების სფეროში, საიდანაც 600-ზე მეტი კერძო უცხოური კომპანია იყო. აქედან, 470 კომპანია 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მა­თი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართვე­ლოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 40% რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაა და ეს კომპანიები ძირითადად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქარ­­თველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსა­ხურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 430 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირვე­ლი ნახევრის მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ძირითადად, ამან განაპირობა ამ სექტო­რის 31.3%-იანი ზრდა.

რომ შევაჯამოთ, 2023 წლის პირველი ნახევრის 7.6%-იანი ზრდიდან 5% ვაჭრობაზე, მშენებლობაზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მოდის, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთ­­­-უკრაინის ომის გავლენა, რასაც საქართველოში შემოსული 100 ათასამდე ემიგრანტი მოჰყვა, 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ეკონომიკურ ზრდასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს.

ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე განათლების, სა­ხელმწიფო მმართველობისა და გართო­ბის სექტორებმა. მათი ჯამური წვლილი 2.1% პუნქტია.

მშპ-ს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკის ზრდა მომსა­ხურების ექსპორტის ზრდამ და მთლიანი კაპიტალის ფორმირებამ (ინვესტიციებმა) განაპირობა. მომსახურების ექსპორტი 42%-ით გაიზარდა. მომსახურების ზრდა ძირითადად მოდის ტურიზმზე, საინფორ­­მაციო ტექნოლოგიებსა და ტრანსპორ­­ტზე. კაპიტალის ფორმირება 11.6%-ით გაიზარდა. ეკონომიკა არ გაზრდილა შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე, რადგან შიდა მოხმარების ზრდას (4.2%) საქონლისა და მომსახურების იმპორტის ზრდამ (4.4%) გადააჭარბა.

საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც საქართველოში წარმო­ების ზრდაზე (მიწოდების მხარე), ასევე წარმოებული საქონლისა და მომსახუ­რების მოხმარების ზრდაზე (მოთხოვნის მხარე). ამ მხრივ სამი მნიშვნელოვანი გა­რემოება გამოიკვეთა 2023 წლის პირველ ნახევარში:

  1. საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები), რაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა;
  2. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით და 2.9 მლნ შეადგინა. რაოდენობრივად ყველაზე მეტად რუსი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა – 330 ათასით და 578 ათასი შეადგინა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 58%-ით გაიზარდა და 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, რუსი ვიზიტორების დანახარჯი 482 მლნ დოლარია, რაც გასული წლის იანვარ­­­-ივნისის დანახარჯზე 2.2ჯერ მეტია;
  3. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც მშპ-ის ზრდის პოტენციალს ამაღლებს, 11%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მეტი – 262 მლნ დოლარის დამმუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა, 261 მლნ კი საფინანსო სექტორში, 202 მლნ დოლარი ენერგეტიკაში, 125 მლნ დოლარი – ვაჭრობაში.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ივლისიდან სა­ქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%-ს ჩამოსცდა, წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 7.6%-იანი ზრდის გამო, წლიური 6.5%-ის მიღწევა რეალურია. სავა­ლუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს 6.5%-ზე მეტად მხოლოდ 12 ქვეყნის ეკონო­მიკა გაიზრდება მსოფლიოში.

საინტერესოა, რატომ შენელდა ეკო­ნომიკური ზრდის ტემპი ივლისიდან. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: 1. ფულადი გზავნილების შემცირება და 2. საქონლის ექსპორტის ზრდის შეჩერება.

2023 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები თვეში საშუალოდ 100%-ით იზრდებოდა, მაისიდან კი კლება დაიწყო, რაც სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. საშუალო თვიურმა კლებამ -17% შეად­­გინა. კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებშია. მაგალითად, აგვისტოში 46%-ით შემცირდა, ხოლო სექტემბერში – 66%-ით. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამდე პერიოდს, 2021 წლის აგ­­ვისტო-სექტემბერს თუ შევადარებთ, ზრდა 60%-მდე არის.

ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საქონლის ექსპორტი 2023 წლის პირ­­ველ ნახევარში თვეში საშუალოდ 21%-ით იზრდებოდა, ივლისში კი 1%-ით შემცირ­­და. აგვისტოში 5%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბერში – 1%-ით. ჯამური ექსპორ­­ტის ზრდის შეჩერება ფაქტობრივად სამ სასაქონლო ჯგუფში დაფიქსირებულმა მნიშვნელოვანმა კლებამ განაპირობა: ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა 77%-ით, სპილენძის კონცენტრატების ექ­­სპორტი – 56%-ით და სასუქების – 41%-ით. სამივეს ჯამური შემცირება თანხაში 240 მლნ დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, 2022 წლის მსგავ­­სად, 2023 წელსაც ეკონომიკის ზრდაში რუსეთიდან შემოსულ ფულს და უკრა­ინა-რუსეთის ომის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს ჯერ კიდევ მაღალი წვლილი შეაქვს. იგივე ხდება საქართველოს მეზო­ბელ ქვეყანაში – სომხეთში, სადაც წელს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.