„დიდი სლემის“ 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი კარიერის დასრულებისთვის ემზადება

„დიდი სლემის“ 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი კარიერის დასრულებისთვის ემზადება

ჩოგბურთის ამერიკელი სუპერვარსკვლავის, სერენა უილიამსის განცხადებით, მას ყოველთვის ჰქონდა „კარიერის დასრულების გეგმა“ და ამ დღისთვის უკვე თითქმის ათი წელია, მზადაა. „დიდი სლემის“ 23-გზის გამარჯვებულმა ჩოგბურთიდან წასვლის გეგმებზე Entertainment Tonight-თან ისაუბრა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

40 წლის ვეტერან ჩოგბურთელს გასული წლის უიმბლდონის შემდგომ, რომელსაც ტრავმის გამო გამოეთიშა, პროფესიონალურად არ უასპარეზია. უკანასკნელ პერიოდში უილიამსი უფრო მეტად ოჯახსა და მეწარმეობაზე გადაერთო. როგორც თავად აცხადებს, ოჯახის გაფართოებაზეც ფიქრობს, თუმცა ამისთვის სწორ დროს ელოდება. პირველი შვილი, ოლიმპია, ჩოგბურთელს 2017 წელს ეყოლა.

ამერიკელი ჩოგბურთელის მიერ კარიერის დასრულებაზე 2021 წლის ავსტრიის ღია პირველობაზე წაგების შემდგომაც ალაპარაკდნენ. თუმცა გასულ თებერვალს პატრიკ მურატოღლუმ, რომელიც 2012 წლიდან უილიამსის მწვრთნელია, განაცხადა, რომ სერენას ჩოგბურთიდან წასვლაზე ფიქრი ჯერ ადრეა. მურატოღლუ მისგან „დიდი სლემის“ 24-ედ მოგებასაც ელოდება.

სერენა უილიამსმა პროფესიონალური კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში დაიწყო. 40 წლის უილიამსს ამჟამად ერთი ტიტული აშორებს მარგარეტ კორტის შედეგამდე, რომელსაც ქალთა ტურნირზე 24 „დიდი სლემი“ აქვს მოგებული და თანამედროვე ისტორიის ყველაზე დამსახურებული ჩოგბურთელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *