მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, სასურველი ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, მაღალი კომპენსაციებისა და სხვა სახის ბენეფიტების შეთავაზების პრაქტიკას საკმაოდ ხშირად მიმართავენ. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შენატანების წყალობით, ცნობილი გახდა, თუ საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს Meta-ს თანამშრომელი და მათ შორის რამდენს შეადგენს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის კომპენსაციაც.
SEC-ის მონაცემებით, Meta 67 ათასს ადამიანს ასაქმებს, კომპანიის საშუალო პაკეტი კი დაახლოებით $379,000-ია. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის განცხადებით, სწორედ ამ რაოდენობის თანხა გამოიმუშავა Meta-ს თანამშრომელმა საშუალოდ გასულ წელს. ზოგადად, ტექნიკური პოზიციებისთვის, დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება $35,000-დან $120,000-მდე მერყეობს, თანამდებობისადა მიხედვით, თუმცა ამ შემთხვევაშიც Meta თავის თანამშრომლებს ბევრად მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს. მსგავსი მდგომარეობაა სხვა ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Google-ისა და Amazon-ის შემთხვევაშიც, რომელთა კომპენსაციაც ძირითადად $300 ათასს აღემატება.
გარდა ამისა, Meta-ში უფრო მაღალი დონის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებსა და მკვლევრებს უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე, მაგალითად, პროდუქტის დიზაინერებსა და მომხმარებლის გამოცდილების სპეციალისტებს. თავად ცუკერბერგის შეფასებითაც, Meta-ში მუშაობა მარტივი არ არის, მაშინაც კი, თუ კომპანია დასაქმებულებს მათთვის სარფიან პაკეტებს სთავაზობს. მისივე თქმით, 2024 წელი კომპანიისთვის „ეფექტიანობის წელი“ იქნება, რაც გამომუშავებისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურ ზრდაში უნდა გამოიხატოს.
გასულ წელს, ცუკერბერგის ჯამურმა კომპენსაციამ $24.4 მილიონი შეადგინა, თუმცა CEO-ს საბაზისო ხელფასი მხოლოდ $1 იყო. $1-ის ნომინალურ ხელფასს მილიარდერი 2013 წლის შემდეგ იღებს და, შედეგად, Meta-ს ყველაზე „დაბალანაზღაურებადი“ თანამშრომელია. თუმცა ცუკერბერგი ერთადერთი აღმასრულებელი არაა, რომელიც თავისივე კომპანიიდან მხოლოდ სიმბოლურ ხელფასს სჯერდება. „ელიტარულ ჯგუფში“ ასევე ვხვდებით ილონ მასკს, მეგ ვაიტმენს, მარკ პინკუსსა და სხვებს.
Forbes-ის მონაცემებით, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად $164.3 მილიარდს შეადგენს, რის შედეგადაც ის მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. გამოცემის მიერ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშით, ცუკერბერგის სიმდიდრეს წლიურ ჭრილში $116.2 მილიარდი შეემატა – Meta-ს აქციების თითქმის გასამმაგების წყალობით, ხარჯების შემცირებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ინვესტორების მიერ დადებული დიდი ფსონების ფონზე.
რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, Meta-ს წმინდა მოგება იანვარ-მარტის პერიოდში $12.4 მილიარდითაა გაზრდილი.