Apple-მა ახალი iPad Pro და iPad Air-ი წარადგინა

Apple-მა ახალი iPad Pro და iPad Air-ი წარადგინა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე ახალი პროდუქტები წარადგინა. სმარტფონების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა მომხმარებლებს ახალი პლანშეტები: iPad Pro და iPad Air-ი გააცნო.

ღონისძიებაზე Apple-მა საკუთარი მოწინავე ტექნოლოგიის პროდუქტებისთვის ახალი ჩიპიც წარადგინა – M4. თუმცა უცნაურია, რომ კომპანიამ უახლესი ჩიპის შესახებ საზოგადოებას პლანშეტით აუწყა და არა ლეპტოპით (Mac). როგორც წესი, Apple-ი ახალ ჩიპებს საკუთარი ლეპტოპების განახლებისას წარადგენს ხოლმე. ახალი iPad Pro-სთვის განკუთვნილი M4-ჩიპის სპეციფიკაციებისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტი დეტალი ცნობილი 10 ივნისს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გახდება ცნობილი.

Apple-ის განმარტებით, ახალი ჩიპი მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, მომდევნო თვეს დაგეგმილ კონფერენციაზე Apple-ი ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფასაც წარადგენს, რომლის ინტეგრირებაც კომპანიის პროდუქტებში მოხდება და მომხმარებელს შესაბამის გამოცდილებას მისცემს.

ახალი iPad Pro ორი სხვადასხვა ზომის ეკრანით იქნება ხელმისაწვდომი. მისი 11-ინჩიანი ვერსიის ღირებულება $1,000-ით, ხოლო 13-ინჩიანი ვერსიის ღირებულება $1,300-ით განისაზღვრა. ცნობისთვის, iPad-ის Pro-ვერსიები კომპანიის პლანშეტების ყველაზე ძვირად ღირებული  მოდელებია.

iPad Pro

რაც შეეხება iPad-ების უფრო დაბალფასიან ვერსიას, Air-ებს – მათი ღირებულება $600 (11-ინჩიანი) და $800-ით (13-ინჩიანი) განისაზღვრა. Air-მოდელები Apple-ის M2-ჩიპით იქნება აღჭურვილი, რომელიც კომპანიის MacBook-ების 2022-წლიან ვერსიებში გვხვდება.

iPad Air

ახალი პროდუქტების წარდგენას Apple-ის აქციათა ფასზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. საფონდო ბირჟაზე დღის ბოლოსთვის კომპანიის აქციათა ღირებულება მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა.