რამდენი ფული შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში?

რამდენი ფული შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში?

მიმდინარე წლის 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსული კანონის“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი) მიღებას ისევ აპირებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ევროკომისიის 9 დათქმა შეესრულებინა და ქვეყანა ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასულიყო, ამის საწინააღმდეგოდ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორების გზა აირჩია.

პარალელურად, ხელისუფლების წევრებისგან და მისი მხარდამჭერებისგან ანტიდასავლური რიტორიკა გაძლიერდა, რაც საქართველოს და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

დასავლეთის ქვეყნების გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. დასავლეთი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი. დასავლური სამყაროდან საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირია. საქართველო ყველაზე მეტს ვაჭრობს ევროკავშირთან, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოდის ევროკავშირიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი არის დასაქმებული ევროკავშირში, ევროკავშირიდან შემოდიან მაღალბიუჯეტიანი ტურისტები და საქართველო ყველაზე მეტ სამთავრობო დახმარებებს იღებს ევროკავშირისგან. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზრდება. გარდა ამისა, ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების გაზრდილ გარანტიებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

სტატიაში მიმოვიხილავ, რამდენი ფული შემოდის საქართველოში ევროკავშირიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან (გაერთიანებული სამეფო) და იაპონიიდან, ანუ დასავლეთის მთავარი აქტორებიდან.

2023 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან საქონლის ექსპორტით საქართველომ 823 მლნ დოლარი მიიღო. რეკორდულ მაჩვენებელს – 1,158 მლნ დოლარს 2022 წელს აღწევდა. 823 მლნ დოლარიდან ყველაზე დიდი წილი – 704 მლნ დოლარი – ევროკავშირზე მოდის. აშშ-ში ექსპორტი 97 მლნ დოლარი იყო.

საქართველოს საქონლის ჯამური ექსპორტი ევროკავშირში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2023 წელს საქართველოდან ევროკავშირში შეტანილ საქონელში პირველ ადგილზე ლითონის მადნები იყო 297 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები 77 მლნ დოლარით და თხილი 50 მლნ დოლარით. ასევე, გავიტანეთ 36 მლნ დოლარის სასუქები და 20 მლნ დოლარის ტანსაცმელი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში, ესპანეთსა და გერმანიაში შედის.

საქართველო დასავლეთის ქვეყნებისგან მომსახურების ექსპორტით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე საქონლის ექსპორტიდან. 2023 წელს მომსახურების ექსპორტით დასავლეთის ქვეყნებისგან სულ მცირე 1.4 მლრდ დოლარი მიიღო. აქედან 630 მლნ დოლარი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალია, ანუ დაახლოებით ეს თანხა დახარჯეს საქართველოში ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ვიზიტორებმა. მომსახურების სხვა სახეობების ექსპორტიდან 2023 წელს მიღებული შემოსავალი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია 2022 წლის მონაცემები ქვეყნების მიხედვით. 2023 წელს შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობითაც კი სხვადასხვა სახის მომსახურების ექსპორტით საქართველომ 760 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო დასავლეთის ქვეყნებისგან. აქედან ყველაზე დიდი წილი – 487 მლნ დოლარი – კომპიუტერულ და საინფორმაციო მომსახურებაზე მოდის. ყველაზე მსხვილი დამკვეთი აშშ-ია, რომელსაც ქართულმა კომპანიებმა 157 მლნ დოლარის მომსახურება გაუწიეს. შემდეგ მოდის ბრიტანეთი 97 მლნ დოლარით.

დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტი თანხა წლიურად ფულადი გზავნილების სახით შემოდის. ეს არის ის თანხა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები საქართველოში გზავნიან. 2023 წელს რეკორდული თანხა – 1.8 მლრდ დოლარი გადმოირიცხა. აქედან ევროკავშირზე 1.3 მლრდ მოდის, ხოლო აშშ-ზე 456 მლნ დოლარი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან (519 მლნ დოლარი), საბერძნეთიდან (243 მლნ დოლარი) და გერმანიიდან (229 მლნ დოლარი) გადმოირიცხა.

ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: ეროვნული ბანკი

საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ევროკავშირიდან შემოდის. 2004 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 8.3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ბოლო 5 წელიწადში წლიურად საშუალოდ 523 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოდიოდა. ინვესტიციები ძირითადად მრეწველობაში, საფინანსო სექტორში, ენერგეტიკასა  და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩაიდო. 2023 წელს 925 მლნ დოლარის ინვესტიცია  ევროკავშირიდან შემოვიდა.

დიდი ბრიტანეთიდან 2004-2023 წლებში საქართველოში 4 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, აშშ-დან – $1.7 მლრდ-ის, იაპონიიდან – 290 მლნ დოლარის. ჯამში, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და იაპონიიდან ბოლო 20 წელიწადში საქართველოში 14.3 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. მხოლოდ 2023 წელს ამ ქვეყნებიდან 1.1 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ჯამური ინვესტიციის 70%-ია.

ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და იაპონიიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები, მლნ დოლარი, ნაზარდი ჯამი

მონაცემთა წყარო: საქსტატი

საქართველო მნიშვნელოვან თანხებს დასავლეთისგან სამთავრობო დახმარების (გრანტი) და შეღავათიანი კრედიტების სახით იღებს. 2004 – 2023 წლებში მხოლოდ გრანტის სახით საქართველოს მთავრობამ 6 მლრდ ლარამდე მიიღო (დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარი). ეს არის ნაჩუქარი თანხა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა რეფორმის  გატარებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა. 2023 წელს დასავლური გრანტი 70 მლნ დოლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად მიღებულ გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, 2004 – 2023 წლებში დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს მთავრობამ 29 მილიარდ ლარამდე დაფინანსება მიიღო, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით11 მლრდ დოლარამდეა. 2023 წელს მთავრობამ დასავლეთის ქვეყნებისგან 2 მლრდ ლარის (740 მლნ დოლარის) კრედიტი მიიღო. ეს თანხები ძირითადად მაღალბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, მაგალითად, როგორიც არის ავტობანების მშენებლობა. დასავლეთისგან სესხის აღება მნიშვნელოვნად ორჯერ გაიზარდა: 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი დროს და 2020-2021 წლების პანდემიის დროს.

დასავლეთის ქვეყნებისგან მიღებული კრედიტები, მლნ დოლარი, ნაზარდი ჯამი

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

თუ შევაჯამებთ, ექსპორტს, ფულად გზავნილებს, ტურიზმს, მომსახურების ექსპორტს, პირდაპირ ინვესტიციებს, გრანტებსა და სამთავრობო სესხებს, 2023 წელს საქართველომ ჯამში 5.8 მლრდ დოლარი მიიღო დასავლეთის ქვეყნებისგან. გარდა ამისა, კერძო ბიზნესმა დასავლეთის ქვეყნებისგან სესხების, დეპოზიტებისა და სხვა სახის ინვესტიციების სახით 1 მლრდ დოლარი მიიღო.

ჯამში, 2023 წელს, დასავლეთის ქვეყნებისგან მიღებული ყველა სახის შემოსავლისა და დაფინანსების ჯამი 6.8 მლრდ დოლარია, რაც 2023 წლის საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 22%-ია. 

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, საქართველომ ეკონომიკური განვითარება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე შეძლოს. რაც მეტად დავშორდებით დასავლეთს, მით მეტად გაგვიჭირდება ეკონომიკის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება. თუ დავუშვებთ იმ სცენარს, რომ საქართველო შესაძლოა დასავლურ სანქციებში მოჰყვეს (რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შედარებით მნიშვნელოვნად მსუბუქიც რომ იყოს), ამ შემთხვევაში საქართველოში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყება. შესაძლოა, ქვეყანა 1990-იანი წლების ეკონომიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.