საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქსტატის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშენებლობაზე 5,059 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია. ნებართვა საერთო ჯამში 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის ნაგებობების ასაშენებლად გაიცა. ამ მაჩვენებლით კი წინა წელთან შედარებით 25.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 48% – თბილისზე, 9.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4% – იმერეთის რეგიონზე.
2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის მქონე 1 465 ობიექტი. ფართობის თვალსაზრისით წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ობიექტების რაოდენობის მიხედვით კი – 25.4%-იანი.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე: 34.3% – თბილისზე, 13.5% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6% – კახეთის რეგიონზე და 9.2% – ქვემო ქართლის რეგიონზე.