აშშ-მა ტაივანისათვის $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

აშშ-მა ტაივანისათვის $345 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაივანისათვის სამხედრო დახმარების ახალი, $345-მილიონიანი პაკეტი წარადგინა. ბაიდენმა პაკეტის ფარგლებში გამოყოფილი შეიარაღების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისაგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, კონგრესს 2023 წლის ბიუჯეტში ტაივანისათვის სამხედრო დახმარების სახით $1 მილიარდი აქვს გამოყოფილი, რითაც ჩინეთი უკმაყოფილოა. ოფიციალური პეკინი ვაშინგტონისაგან ტაივანისათვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტას მუდმივ რეჟიმში მოითხოვს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაივანისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტში 4 ერთეული MQ-9A-ტიპის სათვალთვალო დრონები იყო გამოყოფილი. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ტაივანისათვის გამოყოფილი იარაღის ჩამონათვალი არ გვხვდება. აშშ-ის მიერ გაცხადებული უსაფრთხოების მხარდაჭერისათვის მადლობა პარტნიორებს ტაივანის თავდაცვის მინისტრმა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტაივანმა აშშ-საგან 4 ერთეული MQ-9B-ტიპის SeaGuardian დრონების შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყანას 2025 წლისთვის მიეწოდება.

ცნობისათვის, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო წლების განმავლობაში კუნძულის ირგვლივ სამხედრო წნეხი განსაკუთრებით გაზარდა. ტაივანის პარტნიორი აშშ მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და ქვეყანას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს.