რამდენია რომის პაპის ხელფასი და რა უპირატესობებით სარგებლობს ის ვატიკანში?

რამდენია რომის პაპის ხელფასი და რა უპირატესობებით სარგებლობს ის ვატიკანში?

8 მაისს კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური ჩიკაგოში დაბადებული, 69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ სახელად ლეო XIV დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. პრევოსტი, მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს დროს ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტი იყო, რაც ვატიკანში გავლენიანი თანამდებობაა, რადგან ის ეპისკოპოსების დანიშვნას აკონტროლებს. 2014 წლიდან 2023 წლამდე კი ის პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად მსახურობდა და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა, რომლის მოქალაქეობაც აქვს. 2023 წელს ფრანცისკემ პრევოსტი კარდინალად დანიშნა, რამდენიმე დღის წინ კი ამ უკანასკნელმა მისი თანამდებობაც დაიკავა.

პაპად არჩევა არა მხოლოდ დიდი პატივი და დაწინაურებაა, არამედ მას ექვსნიშნა ხელფასი და გარკვეული უპირატესობებიც ახლავს თან. გამოცემა Fortune-ის ინფორმაციით, პაპის ყოველთვიური ანაზღაურება 30,000 ევროს (დაახლოებით $33,800) შეადგენს, რაც წელიწადში დაახლოებით $405,600-ს უტოლდება. ამ მონაცემს მას დანიელ რობერი უზიარებს – პროფესორი Sacred Heart University-დან. შედარებისთვის, ეს ანაზღაურება აშშ-ის პრეზიდენტის წლიურ ხელფასს უტოლდება და ბევრი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის კანცლერის ანაზღაურების მსგავსია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის ელიტური სკოლების პრეზიდენტების ნაწილი წელიწადში 1.5 მილიონ დოლარამდე საბაზისო ხელფასს გამოიმუშავებს, რაც გაცილებით მაღალია ქვეყნის ლიდერისა და პაპის ანაზღაურებაზე. თუმცა, როგორც წესი, აშშ-ის უნივერსიტეტების კანცლერების ხელფასის დიაპაზონი წელიწადში 250,000-დან 372,000 დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სოლიდურ ხელფასზე უარი თქვა და თანხა გაჭირვებულების დასახმარებლად გაიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაპი ლეო XIV ხელფასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ მას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების მსგავსი ანაზღაურება გამოიმუშაოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ვატიკანში პრივილეგიებითა და შეღავათებითაც ისარგებლებს.

თუმცა პრივილეგიებით მთავრობის ლიდერებიც სარგებლობენ. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტები 400,000 აშშ დოლარის საბაზისო ხელფასთან ერთად, წელიწადში მინიმუმ კიდევ 170,000 აშშ დოლარს იღებენ სამსახურებრივი მოვალეობების, მოგზაურობისა და გართობისთვის. პრეზიდენტებს ასევე აქვთ წვდომა Air Force One-ზე, Marine One-ზე და საიდუმლო სამსახურის 24-საათიან დაცვაზე, რაც მათ ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თანხის დაზოგვაში ეხმარება.

რაც შეეხება პაპის პრივილეგიებს, ლეო XIV ვატიკანის მდიდრულ, აპოსტულურ სასახლეში ცხოვრობს, სადაც მისი ყოველდღიური ხარჯები სრულად ფინანსდება. მას უფასოდ მიეწოდება კვება, ემსახურება პირადი ავტომობილები და, რა თქმა უნდა, Popemobile – პაპის სპეციალური მანქანა, რომლითაც საჯარო ღონისძიებებზე გადაადგილდება.

გარდა ამისა, პაპისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი ვატიკანის კერძო აფთიაქი და სამედიცინო სერვისები – ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დაბოლოს, მომავალი – როცა პაპი პენსიაში გასვლას გადაწყვეტს, ის თვეში €2,500 ($3,300)-ის ოდენობის თანხას მიიღებს. თუმცა ვატიკანის მზრუნველობა მხოლოდ პენსიით არ შემოიფარგლება – პაპს სთავაზობენ საცხოვრებელს ვატიკანში და დააფინანსებენ მის ყოველდღიურ ხარჯებს, მათ შორის კვებასა და საცხოვრებლის მომვლელთა მომსახურებას.