ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) 31 ქვეყანას აერთიანებს და წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, ორმხრივ თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაწევრიანების მოთხოვნით ფინეთმა და შვედეთმა მიმართეს. ფინეთი NATO-ს წევრი გასული წლის აპრილში გახდა, ხოლო შვედეთის მოთხოვნა ამ კვირაში უნგრეთის პარლამენტმაც დაამტკიცა. შესაბამისად, შვედეთი NATO-ს წევრი 32-ე ქვეყანა გახდება.
NATO-ს წევრი თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ეროვნული შიდა პროდუქტის 2% ყოველწლიურად ალიანსის თავდაცვის გაძლიერებისთვის უზრუნველყოს. თავდაცვის ხარჯების ძირითადი კომპონენტი მოიცავს გადასახადებს როგორც შეიარაღებული ძალების მოქმედი პერსონალისთვის, ისე პენსიაზე გასული სამხედროებისთვისაც. ასევე მასში შედის სამხედრო ტექნიკის ან საომარი რეზერვების შენახვის ხარჯებიც. ამ ყველაფერს დამატებული სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციების ხარჯები.
მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანა პირნათლად სულაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. წლებია, NATO-ს ბიუჯეტის უმსხვილესი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებული შტატებია. 2023 წელს მხოლოდ შტატებმა ალიანსის თავდაცვაზე $860 მილიარდი გაიღო – მთლიანი ხარჯის დაახლოებით 68%. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ დახარჯული თანხა ათჯერ აღემატება გერმანიის მაჩვენებელს, რომელიც მსგავსი მონაცემითაც კი რეიტინგის მეორე ადგილზეა წარმოდგენილი.
გერმანიის მიერ 2023 წელს ორგანიზაციის თავდაცვაზე დახარჯული თანხა მხოლოდ $68 მილიარდს შეადგენს. მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – $65 მილიარდის ხარჯით, რომელსაც ხუთეულში საფრანგეთი და იტალია მოჰყვებიან შესაბამისად, $56 მილიარდითა და $31 მილიარდით.
ამის მიუხედავად, NATO-ს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯები სწორედ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და მათთვის დამატებით სამხედრო რესურსებზე წვდომას უზრუნველყოფს.
ბოლო ორი წელია, ალიანსისთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონში რუსეთის აგრესიის შეკავების საკითხიც. გასაკვირი არაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ NATO-ს გაწევრიანების თხოვნით ფინეთმა და შვედეთმა მიმართა. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით თავად ორგანიზაციის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წევრ სახელმწიფოებს წერილობითაც მიმართა და 2%-იანი მინიმალური მიზნის მისაღწევად, თავდაცვაზე ხარჯების გაზრდა მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში თავდაცვითი ხარჯები კვლავ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა და 2021 წელთან შედარებით, ხარჯებში 6%-იან მატებასაც მიაღწია.
ალიანსის მონაცემების გამოყენებითა და მიმდინარე ფასებისა და გაცვლითი კურსის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2023 წელს NATO-ს თავდაცვისთვის წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაღებულ თანხებს:
- ამერიკის შეერთებული შტატები – $860 მილიარდი
- გერმანია – $68 მილიარდი
- გაერთიანებული სამეფო – $65.7 მილიარდი
- საფრანგეთი – $56.6 მილიარდი
- იტალია – $31.6 მილიარდი
- პოლონეთი – $29 მილიარდი
- კანადა – $28.9 მილიარდი
- ესპანეთი – $19.2 მილიარდი
- ნიდერლანდები – $16.7 მილიარდი
- თურქეთი – $15.8 მილიარდი
- ნორვეგია – $8.8 მილიარდი
- რუმინეთი – $8.5 მილიარდი
- ფინეთი – $7.3 მილიარდი
- საბერძნეთი – $7.1 მილიარდი
- ბელგია – $7 მილიარდი
- დანია – $6.8 მილიარდი
- უნგრეთი – $5 მილიარდი
- ჩეხეთი – $5 მილიარდი
- პორტუგალია – $4 მილიარდი
- სხვა – $12.4 მილიარდი