რას ითვალისწინებს ისრაელ-„ჰამასის“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება?

რას ითვალისწინებს ისრაელ-„ჰამასის“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება?

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა ომის შეჩერებასა და ღაზაში გატაცებული მძევლების, ასევე ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. შეთანხმების დანარჩენი ფაზების მიმდინარეობა კი მეტწილად პირველი ფაზის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ეს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეორე შეთანხმებაა. 2023 წლის ნოემბერში გაფორმებული პირველი შეთანხმება ერთ კვირას გაგრძელდა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ 105 ტყვე გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის უმეტესად ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ. საპასუხოდ კი ისრაელმა ციხეებიდან 240 პალესტინელი გაათავისუფლა.

ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელი შეთანხმება სამ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა 19 იანვარს დაიწყება და ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ფაზის დროს შეწყდება ცეცხლი, ისრაელის სამხედრო შენაერთები გავლენ ღაზის სექტორიდან, მხარეები გაცვლიან ტყვეებსა და პატიმრებს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები შევა. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, პირველ რიგში ღაზის სექტორში ტყვედ აყვანილი აშშ-ის მოქალაქეები გათავისუფლდებიან.

კატარის პრემიერ-მინისტრის მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე და მესამე ფაზები ჯერჯერობით ბუნდოვანია და ისინი მეტ სიცხადეს პირველი ფაზის მიმდინარეობისას შეიძენს.

იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდეს, მას კენჭი ისრაელის მთავრობის კაბინეტმა უნდა უყაროს. დამტკიცების შემთხვევაში კი შეთანხმება ძალაში 19 იანვრიდან შევა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და პირობები მხარეებისთვის მისაღებია, მისი ოფიციალურად დამტკიცება პროცესის დასაწყებად აუცილებელია. ცეცხლის შეწყვეტის სიტყვიერად შეთანხმების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში კიდევ რამდენიმე შეტევა განახორციელა, რასაც 100-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ისრაელს შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კენჭისყრას აჭიანურებს, რაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო ხდება. კერძოდ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი შეთანხმებას მხარს არ უჭერს და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის დაშლით ემუქრება. აღნიშნულის გამო კენჭისყრა დროებით გადადებულია. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება ისრაელის მთავრობის შიდაპოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეა დამოკიდებული.

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კონფლიქტის გარდამტეხ მომენტად აფასებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წინა შეთანხმების შემდეგ 400 დღეზე მეტი გავიდა და ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ საპასუხო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიღუპა 46,645 და დაშავდა 110,000-ზე მეტი პალესტინელი.

ისრაელის მთავრობის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორიდან გასვლის ოპერაციას დაიწყებს. თუმცა ისრაელი საკუთარ სამხედრო შენაერთებს ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე მაინც დატოვებს. გარდა ამისა, ისრაელი ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის საზღვარზე ბუფერულ ზონასაც დააწესებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის წინა რამდენიმე მცდელობის წარუმატებლად დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ აღნიშნული ბუფერული ზონის ზომა და მასშტაბები გახლდათ. როგორც ჩანს, ამჯერად მხარეებმა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

კონფლიქტოლოგების მოსაზრებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მთავარი მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადებებია. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ჰამასის“ მისამართით მუქარის მესიჯი არაერთხელ გაავრცელა. ტრამპის განცხადებებით, „ჰამასს“ ტყვეები 20 იანვარს, მის ოფისში შესვლამდე უნდა გაეთავისუფლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ „ჯოჯოხეთის მოწყობით“ დაემუქრა. როგორც ჩანს, აღნიშნულმა მუქარამ კომპრომისების მიღწევაში  საკუთარი წვლილი შეიტანა.

შეთანხმების პირობების თანახმად, პალესტინელებს ღაზის სექტორში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ. დაჭრილებს და დაშავებულებს კი სექტორის დატოვების უფლებას და მკურნალობის სხვაგან გაგრძელების შესაძლებლობას მისცემენ.

კატარის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, „ჰამასი“ პირველ ეტაპზე 33 ტყვეს გაათავისუფლებს, რომელთა შორისაც სამხედრო ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. თუმცა სანაცვლოდ კონკრეტულად რა რაოდენობის პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება, უცნობია. „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბასემ ნაიმის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ დღეს სამი ტყვე ქალი, მეშვიდე დღეს კი დამატებით ოთხი ტყვე გათავისუფლდება. ბასემ ნაიმის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ამის შემდეგ ყოველ მეშვიდე დღეს სამ-სამ დატყვევებულს გაათავისუფლებენ. გათავისუფლების პრიორიტეტი კი სამოქალაქო და სამხედრო სამსახურში მყოფ ტყვე ქალებს მიენიჭებათ.

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში 94 ადამიანია. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, მათგან 34 გარდაცვლილია. თუმცა შესაძლოა, დაღუპულთა რეალური რიცხვი უფრო დიდი იყოს. 94-დან 81 – მამაკაცი, 13 კი ქალია. 84 ტყვე ისრაელის მოქალაქეა, რვა ტაილანდიდან არის, ერთი – ნეპალიდან და ერთი – ტანზანიიდან. გარდა ამისა, „ჰამასს“ 2014 წლის შემდეგ დატყვევებული ოთხი ადამიანიც ჰყავს. მათგან ორი, დიდი ალბათობით, გარდაცვლილია. თავის მხრივ, ისრაელს სხვადასხვა ბრალდებით 10,000-მდე პალესტინელი ჰყავს დაპატიმრებული.

ისრაელის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე და მესამე ფაზებზე მოლაპარაკება პირველი ფაზის დაწყებიდან მე-16 დღეს დაიწყება. თუმცა მეორე და მესამე ფაზის განხორციელება, როგორც აღვნიშნეთ, გარანტირებული არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მიზანს ყველა დატყვევებულის გათავისუფლება წარმოადგენს, მოლაპარაკებები ენთუზიაზმით დაიწყება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მეორე ფაზის დროს „ჰამასის“ ტყვეობიდან უფრო მეტ ადამიანს გამოიხსნიან და ისრაელი ღაზის სექტორს სრულად დატოვებს. მისივე განმარტებით, მესამე ფაზაში ღაზის სექტორის აღმშენებლობა დაიწყება და ტყვეები სრულად გათავისუფლდებიან.

კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია გადაცდომების გარეშე მოხდეს და ამისათვის აშშ, ეგვიპტე და კატარი შესაბამის ბერკეტებს იყენებენ. მისივე განმარტებით, საკოორდინაციო ქსელი კაიროში განთავსდება და ის სამივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარეობას გააკონტროლებენ, რათა რომელიმე მხარემ პირობები არ დაარღვიოს.