რას მოიცავს აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა?

რას მოიცავს აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა?

გუშინ, ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა „აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისია“, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იქნება ფოკუსირებული.

ამ დრომდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთში დაახლოებით 3.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური ზრდის, მდგრადობისა და ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად. მათ შორის 340 მილიონი აშშ დოლარი ქვეყანას 2021 წლის შემდეგ გამოუყო. როგორც მხარეები აცხადებენ, მათი პარტნიორობა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და ახალი შეთანხმებით ისინი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლიანობის განმტკიცებას გეგმავენ.

ეკონომიკური თანამშრომლობა

ახალი შეთანხმებით, აშშ გააგრძელებს სომხეთისთვის ეკონომიკური მდგრადობის მიღწევაში დახმარებას, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ხელშეწყობასა და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით რეფორმების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2020-2023 წლებში სამჯერ გაიზარდა და 2023 წელს 321 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, აშშ-მა მხარი დაუჭირა და დაეხმარა 300-მდე ამერიკულ ფირმას სომხეთის ბაზარზე შესვლაში.

2024 წლის მარტში, ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოს პირველმა შეხვედრამ ამ მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების გზები გამოკვეთა. შედეგად, იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად. ეს სომხეთს ბირთვული ენერგეტიკის მიმართულების გაძლიერებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, სომხეთი და აშშ მუშაობენ სურსათის უსაფრთხოების პროგრამებზე, ექსპორტის კონტროლსა და სანქციების აღსრულებაზე, ექსპორტის კონტროლის სამუშაო ჯგუფით, რომელიც 2024 წლის სექტემბერში შეიქმნა.

უსაფრთხოება და თავდაცვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა თავდაცვის სფეროში სომხეთთან ურთიერთობა და სამომავლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. იგი მასპინძლობს ორმხრივ წვრთნებს, გარდა ამისა, გამოყო 27 მილიონი დოლარის დაფინანსება სომხეთისთვის საზღვრებთან უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა, რომ აშშ მომავალ თვეში სომხეთში საბაჟო და სასაზღვრო პატრულირების ჯგუფს გაგზავნის. მიზანი, სომეხ კოლეგებთან ერთად, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ამასთან, აშშ მხარს უჭერს სომხეთის თავდაცვის სექტორის რეფორმებს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაფინანსების სახით დაახლოებით $18 მილიონი მიაწოდა ჯავშანტექნიკის შესყიდვის, კიბერუსაფრთხოების ცენტრის განვითარებისა და ეროვნული სასწავლო ცენტრის გასაუმჯობესებლად.

დემოკრატიის, სამართლიანობისა და ინკლუზიის გაძლიერება

შეერთებული შტატები თანამშრომლობს სომხეთის მთავრობასთან ინსტიტუციურ კორუფციასთან საბრძოლველად, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების დასახვეწად, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგრადობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად. აშშ-ის დახმარება სომხეთისთვის ასევე ფოკუსირებულია ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქალთა, ასევე ლტოლვილთა, მათ შორის მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ჩართულობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდაზე. ახალი შეთანხმებით, ამ მიმართულებით მხარდაჭერა კიდევ უფრო განმტკიცდება.

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას განავითაროს თანამედროვე, პროფესიონალური და სერვისზე ორიენტირებული სამართალდამცავი ინსტიტუტები. ეს მოიცავს 16 მილიონ აშშ დოლარს სომხეთის ეროვნული საპატრულო პოლიციის სამსახურის შექმნის, სწავლებისა და აღჭურვის მხარდასაჭერად. სომხეთის დამოუკიდებელი მედიის გასაძლიერებლად, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისთვის და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უამრავ გაცვლით პროგრამას და პროფესიული განვითარების აქტივობას.

ხალხთა შორის კავშირების ზრდა

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ხალხთა შორის კავშირები აშშ-სომხეთის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს. შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა სომხეთის უნივერსიტეტებსა და კორნელის უნივერსიტეტს, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობას. აშშ-ში სასწავლებლად ჩასული სომხეთის მოქალაქეების რიცხვი სულ უფრო იზრდება და 2023 წელს რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია.

აშშ-ის საელჩო სომხეთში, სხვადასხვა დონეზე, 16 გაცვლით პროგრამას ახორციელებს. ახლახან შეერთებულმა შტატებმა სომხეთს SABIT-ის ბიზნესლიდერების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. აშშ ასევე ეხმარება სომხეთს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, მათ შორის ელჩის კულტურული დაცვის ფონდის გრანტების მეშვეობით.