შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვამ Brent-ის ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება 140$-მდე გაზარდა. ცნობისათვის, 2008 წლის შემდეგ, ეს Brent-ის ნავთობის ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, რუსეთი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა. ყოველდღიურად რუსეთიდან მსოფლიო მიწოდების 7%-ის, ანუ 7 მილიონი ბარელის ექსპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყანაში.
შეერთებული შტატების მიერ ამგვარი აკრძალვა კი, ისედაც გაძვირებულ ფასებს საგრძნობლად გაზრდის. გარდა ამისა, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გაზრდის ინფლაციური შოკის რისკსაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ რამდენიმე გარემოებას, რომელიც შეიძლება აკრძალვის შედეგად შეიქმნას.
რეკორდული ფასები
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მთავრობების მიერ რუსული ენერგოსექტორისათვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი არც ისე დიდია, უკვე ბევრი მომხმარებელი იკავებს თავს რუსული ნავთობის შეძენისაგან სამომავლო სამართლებრივი პრობლემებისაგან თავის ასაცილებლად.
JP Morgan-ის პროგნოზით, თუკი რუსული ნავთობის ექსპორტისათვის დაწესებული შეზღუდვები დიდხანს გასტანს, მიმდინარე წლის ბოლოსათვის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა 185 აშშ დოლარს გადააჭარბოს.
ინფლაციური შოკი
ბუნებრივ აირზე ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგორესურსებზე გაწეულ ხარჯებს. ამან კი შესაძლოა უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ინფლაცია 7%-ზე მაღლა ასწიოს, შინამეურნეობების მსყიდველობითუნარიანობა კი მნიშვნელოვნად შეაფერხოს. დაახლოებითი დათვლებით, ნავთობის ფასის 10%-იანი ზრდა, დასავლური ეკონომიკების ინფლაციას 0.1-0.2%-ით ზრდის.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გარდა ნავთობისა და გაზის მთავარი ექსპორტიორისა, რუსეთი მარცვლეულისა და სასუქების ყველაზე დიდი ექსპორტიორიც არის. გარდა ამისა, ის პალადიუმის, ნიკელის, ქვანახშირისა და ფოლადის მთავარი მწარმოებელიცაა. მისი ეკონომიკის საერთაშორისო სავაჭრო სისტემიდან გარიცხვა კი ინდუსტრიების ფართო სპექტრს დააზარალებს და სურსათის ხელმისაწვდომობის შიშს გააძლიერებს.
პოსტპანდემიური აღდგენის ტემპების შენელება
პანდემიისაგან ეკონომიკების აღდგენის პროცესი შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ომი ევროზონის ეკონომიკურ ზრდას 0.3-დან 0.4%-მდე შეამცირებს. უარესი სცენარის შემთხვევაში კი ეს პროგნოზი შესაძლოა 1%-მდეც გაიზარდოს.
ცენტრალური ბანკების გავლენა
ფასების ზრდისა და მოსალოდნელი ინფლაციური შოკის გამო, სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას მოისურვებენ. შეერთებულ შტატებში ასეთი გზავნილი უკვე გაჟღერდა. დიდი ალბათობით, შემდეგი თვიდან აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი მოიმატებს. მსგავსი ზომების მიღება ევროპაშიც მოსალოდნელია.
გრძელვადიანი ეფექტი
რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებამ, შესაძლოა მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობა გააძლიეროს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაუმართავია.
მოსალოდნელია ისიც, რომ მოთხოვნა განახლებადი ენერგიის წყაროებზე კიდევ უფრო გაიზრდება. დასავლური სახელმწიფოები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისაგან თავის დაღწევას ცდილობენ, ეს კი მწვანე ენერგიის ინტეგრაციით არის შესაძლებელი. შესაბამისად, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.