სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელისა და „ჰამასის“ რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ შორისაა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. ორდერი 7 ოქტომბერსა და ღაზაში მიმდინარე დაპირისპირების დროს ჩადენილ „ომის სავარაუდო დანაშაულის“ საფუძველზეა გაცემული. თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც არ არსებობს იმის გარანტია, რომ ლიდერებს ოდესმე დააპატიმრებენ ან გაასამართლებენ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) 2002 წელს შეიქმნა. ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულების იმ საქმეებზე, სადაც ტრადიციული კრიმინალური სისტემის გამოყენება შეუძლებელია. თუმცა სასამართლოს ორდერების აღსრულების უფლება არ აქვს და მხოლოდ თანამშრომლობა შეუძლია 124 წევრ სახელმწიფოსთან დაპატიმრების, პატიმრების გადაყვანის, აქტივების გაყინვისა და სასჯელის აღსრულების საკითხებზე. ცნობისთვის, წევრ სახელმწიფოებს შორის არ არის არც ისრაელი და არც ამერიკის შეერთებული შტატები.
ICC-ს დაპატიმრების ორდერი ათეულობით ადამიანზე აქვს გაცემული. პირველი მნიშვნელოვანი საქმე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მეთაურ თომას ლუბანგა დიილოს დანაშაულს იკვლევდა. კონგოელი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი არასრულწლოვანთა ჯარში ძალდატანებით გაწვევისთვის დამნაშავედ ცნეს. თუმცა, სხვა შემთხვევებში, ბრალდებულთა უმეტესობამ სასჯელის თავიდან აცილება ეფექტიანად შეძლო.
გასული წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა, ასევე ომის შესაძლო დანაშაულზე. ICC-მა პუტინს უკრაინელი ბაშვების უკანონო დეპორტაციაში – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაყვანაში დასდო ბრალი. თუმცა, ICC-ის წევრი არც რუსეთის ფედერაციაა, მისმა წარმომადგენლებმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამართლებრივად უმნიშვნელო“ უწოდეს. ორდერის გაცემის შემდეგ კი, თავად რუსეთის პრეზიდენტმაც რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა და არცერთ მათგანს პუტინი სასამართლოსთვის არ გადაუცია.
ასეთი პირების სიაშია სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირიც, რომელიც ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო იძებნება. ალ-ბაშირი, რომელსაც გენოციდის ბრალდება აქვს წაყენებული, სუდანში ცხოვრობს და ICC-ის წევრ ქვეყნებშიც – სამხრეთი აფრიკა, ჩადი, კენია – სტუმრობს ხოლმე. თუმცა, ალ-ბაშირი სასამართლოსთვის არცერთ მათგანს გადაუცია მიუხედავად უშიშროების საბჭოს მოთხოვნისა ICC-ისადმი, აიძულოს წევრი სახელმწიფოები, მოთხოვნებს დაემორჩილონ.
ჰააგის სასამართლოში ამ დროისთვის 31 საქმეა აღძრული. მოსამართლეებმა დაკავების ორდერი 46 პირზე გასცეს, საიდანაც 21-ზე ბრძანება აღესრულა. დანარჩენები ან გაქცეულები არიან, ან ბრალდებები მოხსნილი აქვთ.
ICC-ის ისრაელ-„ჰამასის“ ომში მონაწილე ხუთი ადამიანის დაკავების მოთხოვნით აღმასრულებელმა პროკურორმა კარიმ ხანმა და მისმა გუნდმა მიმართა. ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის ტერიტორიაზე შიმშილობის გამოწვევაში, ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდების შეზღუდვაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად სამიზნედ ამოღებასა და სხვა ომის დანაშაულებში არიან ბრალდებულნი.
ომის დანაშაულებს ედავებიან „ჰამასის“ სამ წევრსაც. ბრალდებები მოიცავს „მასობრივ გაჟლეტას, მკვლელობებს, მძევლად აყვანას, გაუპატიურებას, პატიმრობის დროს მძევლებზე სექსუალურად ძალადობას და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასი“ ისრაელს თავს გასული წლის 7 ოქტომბერს დაესხა – 1,200-მდე ადამიანი მოკლა და 250 პირი გაიტაცა. თავდასხმის შემდეგ, ისრაელი ღაზის ტერიტორიაზე შეიჭრა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 34,900 ადამიანი, 124 ისრაელელი მძევალი კი კვლავ ტყვეობაში რჩება. ნეთანიაჰუს მხრიდან ქალაქ რაფაჰზე თავდასხმისთვის მზადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატებისგანაც. აშშ-მა მკაცრად დაგმო ისრაელის პრემიერის გეგმა, თავს დასხმოდა ქალაქს, სადაც მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, ორდერის შესაძლო გაცემის შესახებ აშშ-მა ნეთანიაჰუ გააფრთხილა. Axios-ის ინფორმაციით, პრემიერმა ბაიდენს ორდერის გაცემის პროცესის შეჩერებაც სთხოვა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც განიცდიდა.
ბაიდენმა განცხადება ორდერის გაცემის შემდეგაც გააკეთა და დაგმო ის ფაქტი, რომ „ჰამასის“ ლიდერებსა და ისრაელის წარმომადგენლებს პროკურორებმა ბრალი მსგავს დანაშაულში დასდეს. „რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, არ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და „ჰამასს” შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით, მისი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.