დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ნეთანიაჰუს შეხვდნენ - Reuters

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ნეთანიაჰუს შეხვდნენ - Reuters

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო პოლიტიკის მრჩევლები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდნენ.

ანონიმური წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მხრიდან შეხვედრას მისი მეოთხე და ბოლო მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ რაკოლტა და შვეიცარიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ედ მაკმალენი ესწრებოდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დელეგაცია ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდსა და ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისრაელის კომპლექსურ შიდაპოლიტიკაში უკეთ გარკვევა იყო. შეგახსენებთ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ 7 ოქტომბრის თავდასხმის პრევენციის შესახებ კრიტიკა ქვეყნის შიგნით სულ უფრო იზრდება.

ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც ტრამპის პარტნიორებმა საზღვარგარეთ პოლიტიკური შეხვედრები დელეგაციის ფორმატში, ორგანიზებულად ჩაატარეს. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე და ალტერნატივებზე საუბარიც იყო.

აქვე აღსანიშნავია, რომ გუშინ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის, სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მუჰამად ალ-მასრისა (იგივე მუჰამად დეიფი) და ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს დაკავების ორდერი გამოსცა.