თანამედროვე ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ელექტროენერგიაზე. ამასთან, ქვეყნები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად იყვნენ დამოკიდებული ადგილობრივ ელექტროენერგიაზე, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ამაღლებს. გარდა უსაფრთხოებისა, ელექტროენერგიის გარანტირებული და მზარდი მიწოდება ტარიფების სტაბილურობას უწყობს ხელს. სტაბილური ტარიფები კი ხელსაყრელია როგორც ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ისე ბიზნესის საკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ეფექტიანად მოხმარების ტექნოლოგიებიც ვითარდება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მაინც მზარდია. საქართველოში ენერგოეფექტიანობის პრობლემაც სერიოზულად დგას, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის შემთხვევაშიც კი, გრძელვადიან პერიოდში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მზარდი იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტენდენციებია ენერგეტიკის სექტორში.
2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება წლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს, 14,247 მლნ კვტ-სთ-ს 2022 წელს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 3%-ით გაიზარდა და 10,065 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ზრდა ძირითადად თბოელექტროსადგურებმა (თეს) განაპირობა, რომელთა გამომუშავება 14%-ით გაიზარდა. 0.6%-ით გაიზარდა ჰეს-ების გამომუშავება, თუმცა ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% ჰეს-ებზე მოდის.
საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია, მლნ კვტ-სთ
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2011-2022 წლებში წლიურად საშუალოდ 5.5%-ით იზრდებოდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს, 14,181 მლნ კილოვატ-საათს 2022 წელს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 8%-ით შემცირდა და 8,891 მლნ კვტ-სთ შეადგინა.
მოხმარების შემცირება განაპირობა იმან, რომ ე.წ. პირდაპირი მომხმარებლების მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია 25-ით შემცირდა. პირდაპირი მომხმარებლები არიან დიდი საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიას გამანაწილებელი კომპანიებისგან, როგორიცაა „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“, არ ყიდულობენ. ელექტროენერგიის მოხმარება ფაქტობრივად შეწყვიტა კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებულმა კომპანიამ „ბი ეფ დი სიმ”. 2022 წლის 8 თვეში მან 170 მლნ კვტ-სთ მოიხმარა. ასევე განულდა მეორე მსხვილი კრიპტოკომპანიის „აითილების“ მოხმარება, რომელმაც გასული წლის 8 თვეში 96 მლნ კვტ-სთ მოიხმარა. 111 მლნ კვტ-სთ-ით შემცირდა ყველაზე მსხვილი მომხმარებლის, „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. კლების მიუხედავად, აღნიშნულმა ქარხანამ 659 მლნ კვტ-სთ მოიხმარა.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში, მლნ კვტ-სთ
2023 წლის 8 თვეში „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარებული ელექტროენერგია 3%-ით გაიზარდა. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 265 მლნ კვტ-სთ-ით (12%-ით) შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებულ ელექტროენერგიას საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსში აერთიანებს.
2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შიდა მოხმარებას გადააჭარბა. სიჭარბემ 65 მლნ კვტ-სთ შეადგინა. შესაბამისად, 2022 წელს საქართველომ ექსპორტზე უფრო მეტი ელექტროენერგია გაიტანა (971 მლნ კვტ-სთ), ვიდრე იმპორტით შემოიტანა (637 მლნ კვტ-სთ აფხაზეთში გადინებული რუსული ელექტროენერგიის გამოკლებით). აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს, ოქტომბერ- -დეკემბერში, როდესაც ტრადიციულად საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, მხოლოდ 114 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც აღნიშნული 3 თვის მოხმარების 3.3% იყო.
ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებისა და მოხმარების თანაფარდობა საქართველოში
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 1,336 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გავიდა, იმპორტით კი 601 მლნ კვტ-სთ შემოვიდა. იმპორტირებული 601 მლნ კვტ-სთ-დან 598 მლნ კვტ-სთ რუსეთიდან შემოვიდა, საიდანაც 589 მლნ კვტ-სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმპორტირებული ელექტროენერგიიდან მხოლოდ 12 მლნ კვტ-სთ დარჩა. ეს კი 8 თვის მოხმარების მხოლოდ 0.1%-ია. შეიძლება ითქვას, რომ წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება შეწყდა. ამის მიზეზი შიდა გამომუშავების ზრდა და შიდა მოხმარების კლებაა. თვეების მიხედვით თუ ვნახავთ, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
ელექტროენერგიის გაუმჯობესებული ბალანსის გამო 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 248%-ით გაიზარდა და 971 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ეს წლიური ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. 2010 წელს ექსპორტი 1,524 მლნ კვტ-სთ იყო. 2023 წლის 8 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტმა 1,336 მლნ კვტ-სთ შეადგინა, რაც 2022 წლის 8 თვის მაჩვენებელზე 52%-ით მეტია. ექსპორტირებული ელექტროენერგიის 88%-მდე თურქეთში გავიდა, 6.5% – აზერბაიჯანში, ხოლო 6% – სომხეთში.
ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდამ საქართველოს შემოსავლები გაზარდა. 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან 85 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 5-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის 8 თვის შემოსავალმა უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ შემოსავალს და 94 მლნ დოლარი შეადგინა.
ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან
გაიზარდა საქართველოზე ტრანზიტით გამავალი ელექტროენერგიის მოცულობაც. 2023 წლის 8 თვეში ტრანზიტით საქართველოდან 1,770 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 2022 წლის 8 თვის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. ტრანზიტის 81% აზერბაიჯანიდან თურქეთში მიწოდებული ელექტროენერგიაა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 67% 10 უმსხვილესს ჰეს-ზე და თეს-ზე მოდის. მხოლოდ ენგურჰესმა 2,678 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, რაც მთლიანი გამომუშავების 27%-ია. 2022 წლის 8 თვეში ენგურჰესმა 1.7%-ით მეტი გამოიმუშავა. შემდეგ მოდის გარდაბნის თბოსადგური 2, რომელმაც 743 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა. გასული წლის 8 თვეში აღნიშნულმა თეს-მა 17%-ით ნაკლები გამოიმუშავა. ვარციხე ჰესის გამომუშავება 1%-ით გაიზარდა და 676 მლნ კვტ-სთ შეადგინა. თითქმის 5-ჯერ გაიზარდა თბილსრესის გამომუშავებული ელექტროენერგია.
10 ჰესი/თესი, რომლებმაც 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მლნ კვტ-სთ
კრიპტოვალუტების მსხვილი კომპანიების გაჩერებამ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში („ბი ეფ დი სი”) და სვანეთში („აითილები“), ასევე „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვნად კლებამ საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა. მაღალია ალბათობა, რომ მსხვილი კომპანიების მსგავსად ბევრმა მცირე და საშუალო კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა შეწყვიტა ან მნიშვნელოვნად შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება კრიპტოვალუტების გამომუშავებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის „საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორი 2010-2022 წლებში“ მიხედვით, 2021 წელს საქართველოში (ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის გარეშე) მოხმარებული ყოველი 1 კვტ-სთ-ით 1.73 აშშ დოლარის დოვლათი (მშპ) შეიქმნა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე იყო, რაც ეკონომიკაში ელექტროენერგიის საკმაოდ არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კრიპტოვალუტების გამომუშავებაში მოხმარებული ელექტროენერგია იყო, რადგან ბევრი ელექტროენერგიის მოხმარების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკას (მშპ-ს) ფაქტობრივად არაფერი ემატებოდა. 2022 წლიდან და, მით უმეტეს, 2023 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა 2021 წელს 164-ე ადგილზე ყოფნა უჩვენებს, რომ საქართველოს ენერგოეფექტიანობის ამაღლების გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.