რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, უკრაინის მხარდასაჭერად დასავლელი პარტნიორებისგან სხვადასხვა ტიპის სანქციები და დახმარებები მოჰყვა. თუმცა, იმ ქვეყანაში ჯარების გაგზავნისგან, რომელიც ნატოს წევრი არაა, აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები თავს იკავებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა CNN-ს განუცხადა, ამერიკა არ აპირებდა ქვეყნის ჯარების საფრთხეში ჩაგდებას. შესაბამისად, საინტერესოა ის ფაქტორები, რაც აშშ-ს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან აკავებს.
რატომ არ გზავნის აშშ ჯარებს უკრაინაში?
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა გმობს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები არ შევლენ უკრაინაში და პირდაპირ არ ჩაერთვებიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ბაიდენმა NBC-სთან ჯერ კიდევ თვის დასაწყისში აღნიშნა, „ამერიკელებისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება მსოფლიო ომს ნიშნავს“. შესაბამისად, კონფლიქტში ჩართვას გლობალური ომის პოტენციალი აქვს. ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა მარკ ჰერტლინგმა კი დასძინა, რომ დიპლომატიისთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ომის პოტენციალის შეზღუდვაა.
მისივე განცხადებით, თუ ნატო და აშშ უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, რუსეთთან პირდაპირ ბრძოლაში ჩასართავად, მაშინ სიტუაცია მრავალეროვნულ კონფლიქტად გადაიქცევა, პოტენციური გლობალური შედეგებით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნის სტატუსი, ორივე მხარეს, როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს აქვს. აქედან გამომდინარე, აშშ და ნატო – ასევე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები – ცდილობენ უკრაინის გამარჯვებასა და რუსეთის დამარცხებაზე გავლენა სხვა ხერხებით მოახდინონ.
რა ხდება ევროპაში არსებული აშშ-ის ჯარების შემთხვევაში?
შეერთებულმა შტატებმა ათასობით ჯარისკაცი განალაგა ევროპის მასშტაბით, როგორც უკრაინაში შეჭრამდე, ასევე მის შემდგომ. CNN-ის ინფორმაციით, ევროპაში დროებით განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 4,000-ს აღემატება. ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმეკვირიანი მისიით არიან წარდგენილნი, როგორც აშშ-ის ძალისხმევის ნაწილი, მიმდინარე კრიზისის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
თუმცა, ეს ჯარები რუსეთთან საბრძოლველად არ არიან. ხუთშაბათს, თეთრ სახლში, ბაიდენმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის ძალები არ არიან და არ იქნებიან ჩართულნი უკრაინაში რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში. პრეზიდეტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ჯარები, ამერიკის სრული ძალით, დაიცავენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ნაწილს.
არსებობს რაიმე სცენარი აშშ-ის პირდაპირი ჩართვის რუსეთთან?
უკრაინა ნატოს წევრ ქვეყნებს: პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ესაზღვრება. თუ რუსეთი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქვეყანას დაემუქრება, მაშინ, აშშ-ს, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, ნატოს მე-5 პუნქტის შესაბამისად თავდასხმაზე კოლექტიური რეაგირება მოეთხოვება.
ნატოს მე-5 პუნქტი, ერთი წევრის დასაცავად, ალიანსის სრული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის გარანტიას იძლევა. პირველი და ერთადერთი შემთხვევა მე-5 პუნქტის გამოყენების 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმა იყო, როდესაც ავღანეთში შეჭრას ნატოს მოკავშირეებიც შეუერთდნენ.
დაეხმარებიან ამერიკული ჯარები უკრაინაში აკრძალული საფრენი ზონის შექმნას?
ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის თანახმად, აშშ იმუშავებს უკრაინელებთან და მათ თავდაცვაში მაქსიმალურად დაეხმარება, თუმცა საკუთარ ჯარს საჰაერო სივრცეში არ განალაგებს. მიუხედავად უკრაინის ოფიციალური პირების ნაწილის მოწოდებისა ნატოს ქვეყნებისადმი, „დახურონ ცა“ უკრაინის თავზე, ფრენის აკრძალული ზონის შექმნა აშშ-ს პირდაპირ რუსეთის სამხედროებს დაუპირისპირებს.
კიდევ როგორ ეხმარება აშშ უკრაინას და სანქციები:
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა $350 მილიონის სამხედრო დახმარება გაგზავნა უკრაინაში. დამატებით, უკრაინას, რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთათვის, $54 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.
აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესეს საბანკო, საჰაერო, კოსმოსურ და ტექნოლოგიურ სექტორებზე. სანქციები მოიცავს უმსხვილესი ბანკებისთვის აქტივების გაყინვას, რუსეთის ძირითადი სამხედრო და სამრეწველო სექტორებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას და ა.შ. ასევე, აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის განცხადებით, პერსონალური სანქციები უწესდებათ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
აშშ-მა და ევროკომისიამ, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, SWIFT-დან რუსეთის ბანკების ნაწილის გარიცხვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
მოკლედ აშშ-ის მოსახლეობის დამოკიდებულებაზე:
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის შესახებ, ასე გამოიყურება:
AP-NORC-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 26% თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და უკრაინის კონფლიქტში მთავარი როლი უნდა შეასრულოს, 52%-ის თქმით, აშშ-ის როლი კონფლიქტში უმნიშვნელო უნდა იყოს, 20% კი ქვეყნის ჩართვას საერთოდ ეწინააღმდეგება. დემოკრატების მესამედს (32%) და რესპუბლიკელების 22%-ს სურდა, აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი ფიგურა ყოფილიყო.