ევროპაში ახალი ომის დაწყება დღითი დღე რეალური ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. მოსალოდნელი საფრთხის გამო კიევს დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გაუწიეს დიდძალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინის კრიზისი 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიას წააგავს, რადგან ორივე შემთხვევაში მიზეზი რუსეთის ინტერესი იყო, არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოება. თუმცა, მაშინ როდესაც უკრაინა პარტნიორებისგან დახმარებას იღებს, საქართველოს მთავრობა კვლავ უმოქმედოა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა მესვეურები ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც უკრაინას სიტყვიერი მხარდაჭერა აღუთქვა, ქვეყნის საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანია. მან 23 იანვარს სოციალური ქსელი Twitter-ის მეშვეობით უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. თბილისის ხანგრძლივი დუმილის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა მოცემულ საკითხზე საპარლამენტო დებატები მოითხოვეს და მმართველი პარტია აიძულეს, რეზოლუცია შემოეღო. თუმცა რეზოლუციის ტექსტი ფაქტობრივად არაფრის მთქმელია, რადგან მასში საერთოდ არაა ნახსენები არც რუსეთი და არც მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა. დოკუმენტს ოპოზიცია ბოიკოტით შეხვდა, ხოლო ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის დაგმო. პოზიციის გასამართლებლად, მთავრობამ განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი „პრინციპული იყო, თუმცა არ შეიცავდა ზედმეტ პროვოკაციულ სიხისტეს“. მთავრობამ ვერ შეძლო კიევისთვის მინიმალური სიტყვიერი მხარდაჭერის გამოცხადება, რომ აღარაფერი ვთქვათ მატერიალურ დახმარებაზე. მმართველი პარტიის ასეთი ნეიტრალური პოზიცია კრემლთან მიმართებით მის შემრიგებლურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და დასავლელი პარტნიორების თვალში ძირს უთხრის საქართველოს იმიჯს.
საფუძველს მოკლებული პარტნიორობა
საქართველოს მთავრობის სიფრთხილე დამაბნეველია, რადგან საქართველოსა და უკრაინას დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ ინტერესმა ამ ორი ქვეყნის ბედი მყისიერად დააკავშირა. 2003 წლის ვარდებისა და 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ საქართველომ და უკრაინამ თავიანთი პოსტსაბჭოთა ტრაექტორია საბოლოოდ მიატოვეს და აქტიურად დაიწყეს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა. თბილისსა და კიევს შორის სტრატეგიულმა პარტნიორობამ მალევე მოიცვა უსაფრთხოების საკითხიც, მას შემდეგ, რაც მათი პროდასავლური კურსით განრისხებულმა კრემლმა ორივე ქვეყანას აგრესიული პოლიტიკით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ღრმა ინტეგრაციისა და რუსული აგრესიის შეკავების სტრატეგიები უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვდა. თუმცა ასეთი თანამშრომლობა რამდენიმე წელია, ამ ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს.
კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები არცთუ ისე დიდი ხნის წინ ძირითადად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო დაიძაბა. 2013 წელს სააკაშვილმა თავი შეაფარა უკრაინას, საქართველოს მთავრობის მიერ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც, სააკაშვილის მიხედვით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მის არყოფნაში, პრეზიდენტობის დროს სავარაუდო ჩადენილი დანაშაულების გამო, მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2015 წელს სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეთავაზების შემდეგ უკრაინის მოქალაქე გახდა. თუმცა მათ შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა, სააკაშვილს მალევე ჩამოართვეს უკრაინული პასპორტი და იგი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა. ამის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინას შორის გაუარესებული ურთიერთობების მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა 2017 წელს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და მისი დეპორტირება მოახდინა, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები თითქმის არ გაუმჯობესებულა. 2019 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც რუსულ საპატრიარქოს გამოეყო, შესაბამისი მხარდაჭერა არ გაუმჟღავნებია არც საქართველოს ხელისუფლებას.
თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობებში დადებითი ძვრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თუმცა თბილისმა კვლავ არჩია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ შედგენილ „ჩრდილოეთის ნაკადი II-ის“ გაზსადენის წინააღმდეგ გამიზნულ და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერ დოკუმენტზე არ მოეწერა ხელი. მეტიც, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი უკვე საქართველოშია და სრულიად მოწყვეტილია უკრაინის პოლიტიკას, „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, მაინც არ სურს უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც მიანიშნებს, რომ პარტიის პოზიციაზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
არგაღიზიანებიდან – შერიგების პოლიტიკამდე
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მიზნად დაისახა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება და ორმხრივი დიალოგის გზით „კომუნიკაციის წყაროს შენარჩუნება“, რაც, ფაქტობრივად, არ არსებობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ მოსკოვთან ურთიერთობების დასათბობად შეიმუშავა ე.წ. „არგაღიზიანების“ დოქტრინა, რომელიც ერთ-ერთი მიზეზი იყო პარტიის არჩევნებში წარმატებისა. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზება ყველაზე რაციონალური მიდგომა იყო. მიუხედავად ამისა, უკრაინის კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ დუმილმა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დააფიქრა, რომ მთავრობა კრემლის ინტერესების თანმხლებ პოლიტიკას ატარებს.
პარტიის რიტორიკა განმეორებითი რუსული აგრესიის მიმართ შიშს ეფუძნება. მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ინტერესების პრიორიტეტს სრულიად არ წარმოადგენს. მთავრობის ასეთი სიფრთხილე პრაგმატიზმს ემყარება, რაც გულისხმობს კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ნეიტრალურობის შენარჩუნებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის გათვლა ლოგიკურია, მას გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ინტერესების დაზიანება შეუძლია.
მთავრობის არგაღიზიანების პოლიტიკას ჯერ არანაირი სარგებელი არ მოუტანია საქართველოსთვის. უკვე ოც წელზე მეტია, რაც რუსული სამხედრო დანაყოფები განაგრძობენ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციულ ხაზსა და მის მიღმა საზღვრის დემარკაციას. ამ პროცესს ხშირად „არაკანონიერ ბორდერიზაციას“ ან „მცოცავ ოკუპაციასაც“ უწოდებენ. ქართველი მოქალაქეების გატაცება და მათი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტყვეობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ამასთანავე, რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას და ორივე ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო დანაყოფები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უთხრის ძირს.
მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთისგან კვლავ დიდძალ დახმარებას იღებს, საქართველოს მთავრობის უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა გაუმართლებელია და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებადაც კი შეიძლება იყოს აღქმული. „ქართული ოცნების“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიული რეფორმებისადმი გულცივობამ უკვე გააჩინა ბზარი საქართველოსა და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის. 2021 წლის სექტემბერში მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომლის მისაღებად მას ევროსაბჭოს ვენეციის კონვენციის მიერ რეკომენდებული სასამართლო რეფორმის გატარება ევალებოდა. ამის მაგიერ, მთავრობამ სესხი ჩინეთის მიერ დაარსებული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან აიღო, რეფორმებთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის არქონას ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, არა მარტო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არამედ მთელ ევროკავშირსა და აშშ-ს, შესაძლოა თბილისთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი დაუკარგოს. ეს კი გამოიწვევს საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ეკონომიკური დახმარების გარეშე დარჩენას. „ქართული ოცნების“ მოსკოვისადმი არგაღიზიანების პოლიტიკა თანდათანობით გარდაიქმნება ერთგვარ „შერიგების“ პოლიტიკად, რაც თბილისს რუსულ ორბიტასთან დაახლოებს. ამ სცენარის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხმა უნდა აიმაღლოს და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, რითაც ის თავის მხრივ შეინარჩუნებს ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარებას. „ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ ის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილად რჩება. უკრაინაში მოსალოდნელ კონფლიქტში კიევისთვის მხარდაჭერისგან თავის შეკავება საქართველოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ასეთი დისტანცირების შედეგად საქართველო შესაძლოა, მოსკოვსა და დასავლეთს შორის წარმოქმნილი ახალი რკინის ფარდის უკან აღმოჩნდეს.