ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირასაც მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ რუსეთ-უკრაინისკენაა მიმართული, რაც გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზეც ახდენს გავლენას. გასულ კვირას, როდესაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ნებისმიერ დროს თავდასხმა განახორციელოს უკრაინაზე, უოლ-სტრიტის სამი მთავარი ინდექსი მკვეთრად შემცირდა. თუმცა გაიზარდა ოქროს ფასი და ასევე ნედლი ნავთობის ფასებიც, ვინაიდან რუსეთზე მოსალოდნელი სანქციების გამო, ნავთობის მსხვილი მწარმოებლები შიშობენ, რომ შესაძლოა, ამან გლობალურ მიწოდებებზეც იქონიოს გავლენა.

პარალელურად მსხვილი ამერიკული კომპანიები შემოსავლების შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. მათ შორის იქნებიან ბინების გაქირავების კომპანია Airbnb-ი, NVIDIA, Cisco, მათ მოჰყვება ამერიკული რიტეილ-კომპანია Walmart-ი და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობის მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Deere.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ჩინეთი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს გამოაქვეყნებს, ინდოეთი – იანვრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს. იაპონია კი მშპ-ის გასული წლის მეოთხე კვარტალის მონაცემს.

ამასთან, სამშაბათს დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის განახლებული მაჩვენებლების გამოქვეყნება იგეგმება. ევროკავშირი კი გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის, სავაჭრო ბალანსის და დასაქმების მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. გარდა ამისა, სამშაბათსვე მოსალოდნელია ევროჯგუფის შეხვედრაც. ხოლო ხუთშაბათს ევროპის ცენტრალურ ბანკში იგეგმება შეხვედრები და გამოსვლებიც. დაბოლოს, რუსეთი დოლარში ცენტრალური ბანკის რეზერვების შესახებ ინფორმაციას განაახლებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები (2022 წლის იანვარი), ასევე, უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2021 წლის წლიური, 2021 წლის IV კვარტალი) და საარსებო მინიმუმი 2022 წლის იანვრის მონაცემებით. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ 2021 წლის მეოთხე კვარტალის და მთლიანი 2021 წლის მეცხოველეობის წინასწარი მაჩვენებლებისა და სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგების (2021 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნებას. მიმდინარე კვირასვე მნიშვნელოვანი იქნება მატერიალური ნაკადების ანგარიშის (MFA) წარმოების და გასული წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო ძალის მაჩვენებლების (დასაქმება და უმუშევრობა) გამოქვეყნებაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *