რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებას?

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებას?

18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრების შესახებ განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს. თუმცა ორი სახელმწიფოს ისტორიულ მცდელობას, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, დიდ წინააღმდეგობას უწევს თურქეთი და მისი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მისი და სხვა თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთი ალიანსის სკანდინავიური გაფართოების წინააღმდეგია. ქვეყნების მიერ ალიანსის წევრობის შესახებ ოფიციალურად შეტანილი განაცხადი თურქეთმა ადრეულ ეტაპზევე, იმავე დღეს დაბლოკა.

ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა თურქეთის პოზიციის შესაცვლელად ქვეყანაში დიპლომატების გაგზავნა გადაწყვიტეს. თუმცა 16 მაისს თურქეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებს შეუძლიათ, თავი არ შეიწუხონ ანკარაში გამგზავრებით“. მისი განმარტებით, შესაბამისი ზომების მიღებამდე თურქეთი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ორი ისტორიულად ნეიტრალური ქვეყნის ალიანსში გაწევრებას მწვანე შუქი ნატოს 30-მა წევრმა სახელმწიფომ ანონიმურად უნდა აუნთოს. თუმცა თურქეთს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან თავის შესაკავებლად საკუთარი მიზეზები აქვს. ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

თავად თურქეთი ნატოს წევრი საბერძნეთთან ერთად 1952 წელს, ალიანსის დაარსებიდან სამ წელში, მეორე გაფართოების ტალღის დროს გახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წევრის სტატუსს უკვე 70 წელია იკავებს.

ორშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა სკანდინავიური სახელმწიფოები ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნებად მოიხსენია. „არც ერთ ამ ქვეყანას არა აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ“, – განაცხადა მან. რეჯეფ თაიფ ერდოღანს აღნიშნული სიტყვების წარმოთქმისას მხედველობაში ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) ჰყავდა, რომელიც ოფიციალური ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. გარდა PKK-სა, თურქეთის პრეზიდენტი თურქეთსა და მის პერიფერიებზე მოქმედ სხვა ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებებსაც გულისხმობდა. „როგორ უნდა ვენდოთ მათ?“

იმავე დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედეთი და ფინეთი ოფიციალური ანკარის მოთხოვნის მიუხედავად თურქეთში ძებნილი ეჭვმიტანილების ექსტრადირებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააკრიტიკა. ცნობისათვის, თურქეთში ძებნილ პირებს ბრალად PKK-სთან და გიულენის მოძრაობასთან კავშირი ედებოდათ. შეგახსენებთ, რომ ფეთჰულა გიულენს თურქეთი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

თურქული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პოზიციით გაკვირვებულები არიან, მათთან ვაჭრობას არ აპირებენ.

გარდა აღნიშნული არგუმენტებისა, ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრების წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად, ოფიციალური სტოკჰოლმის მიერ თურქეთის წინააღმდეგ იარაღის სანქციების დაწესება დაასახელა. 2019 წელს ანკარას მიერ მეზობელ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო შვედეთმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეაჩერა.

დარგის ექსპერტების მოსაზრებით, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის წევრობის შესახებ განაცხადს შეერთებულ შტატებთან არსებული პრობლემების გადასაწყვეტ ბერკეტად გამოყენებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების გამო ანკარას ამერიკული გამანადგურებლების F-35-ების შეძენაზე უარი ეთქვა. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, S-400-ის შეძენა გახლდათ. 2019 წლის ივლისში რუსული სისტემის პირველი პარტიის მიღების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ანკარა F-35-ების პროგრამიდან ოფიციალურად ამოიღო.

აშშ-სა და მოკავშირეების მიერ მაშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნატოს წევრი სახელმწიფოს მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა თავად ნატოს თავდაცვით სისტემებს უქმნიდა საფრთხეს. თუმცა მაშინ თურქეთმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მათთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის მიყიდვაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, თურქეთი აშშ-ს სირიაში არსებული ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოც აკრიტიკებს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მოსაზრების გამო, შესაძლოა, თურქეთმა საკითხი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს.

ცნობისათვის, ამგვარი დიპლომატიური უთანხმოება ნატოს გაფართოების საკითხზე აქამდეც მომხდარა. საბერძნეთი ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრებას წლების განმავლობაში ბლოკავდა. პროტესტის მიზეზი კი მაკედონიის სახელწოდება გახლდათ, რომელსაც ბერძნები საკუთარი ისტორიის საგანძურად მიიჩნევდნენ. 2019 წელს კი საბერძნეთმა და მაკედონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაკედონიამ სახელი შეიცვალა, სანაცვლოდ კი ოფიციალურმა ათენმა მისი ნატოში გაწევრების საკითხი აღარ დაბლოკა.

ისტორიულად თურქეთი ნატოს გაფართოების მომხრე იყო. ამიტომაც, სფეროს მკვლევრების მოსაზრებით, კომპრომისის მოძებნა შესაძლებელი იქნება. შესაძლოა, თურქეთმა ზუსტად ის ვერ მიიღოს, რაც სურს, თუმცა პარტნიორები მას გარკვეულ შეთავაზებებს გაუკეთებენ. ოფიციალური ანკარა მოლაპარაკებებში მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვის წინაპირობით შევა. მასთან მოლაპარაკების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კოლეგას ნიუ-იორკში შეხვდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *