რატომ განახორციელა თავდასხმა ISKP-მ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე?

რატომ განახორციელა თავდასხმა ISKP-მ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე?

გასულ კვირას, 21 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იან მაქკერიმ The Washington Institute-ში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი მოხსენებისას კითხვებს უპასუხა. დასავლურმა კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით 2019 წლის 23 მარტს სირიაში ბაღუზიდან ტერორისტული ორგანიზაცია საბოლოოდ განდევნა, „ისლამური სახელმწიფო“ კი კოალიციურმა ძალებმა დამარცხებულად გამოაცხადეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ერთ დღეში რუსეთში, მოსკოვში, Crocus-ის საკონცერტო დარბაზში ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 კი დაშავდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა, იმავე ხორასნის პროვინციამ“ აიღო.

მართალია, სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია დამარცხდა, თუმცა ტრანსნაციონალურმა ქსელმა გადაჯგუფება და ძალების მოკრება სხვა ტერიტორიებზე დაიწყო. „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ჰაბი და სიმძიმის ცენტრი ავღანეთი აღმოჩნდა, სადაც ზემოაღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. „თალიბანის“, „პაკისტანის თალიბანის“, „ალ-კაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი წევრების გაერთიანებით შექმნილი ISKP ახლო აღმოსავლეთში ISIS-ის მთავარი დასაყრდენი გახდა. ავღანეთში პოზიციების გაძლიერების შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია ექსტრემიზმის ექსპორტს იწყებს, სამიზნე ტერიტორიებად კი ცენტრალურ აზიას განიხილავს.

ISKP-ის მიერ რუსეთში მოწყობილი ტერაქტი დემონსტრაციული ქმედებაა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში მთავარი საგარეო მოთამაშის სტატუსს იკავებს. მოსკოვამდე „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ“ ტერაქტი ირანში, ქერმანშიც მოაწყო, სადაც თავდასხმას 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი ალბათობით, ირანზე თავდასხმაც რეგიონის უმსხვილესი მოთამაშის მიმართ დემონსტრაციულ ქმედებას წარმოადგენდა. თუმცა ირანსა და რუსეთზე თავდასხმის მიზანი არა მხოლოდ ორი რეგიონული მსხვილი მოთამაშის მისამართით ძალის დემონსტრირება, არამედ გლობალურ ასპარეზზე საკუთარი პოლიტიკური რელევანტურობისა და ოპერატიული წვდომის შესაძლებლობების ხაზგასმაა.

ტერორისტული ორგანიზაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აშშ-მა ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა და ქვეყნის მმართველობა „თალიბანმა“ დაიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანი“ და ISKP მოწინააღმდეგე ძალებს წარმოადგენენ, ამ უკანასკნელმა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლითა და ქვეყნიდან აშშ-ის გასვლით ყველაზე მეტად ისარგებლა. სირიაში დამარცხებულის სტატუსისა და რეპუტაციის აღსადგენად კი ISKP-ისთვის ირანსა და რუსეთზე თავდასხმა „საუკეთესო“ საშუალებაა.

ტერორისტული ორგანიზაციის რუსეთზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზეზი რუსეთის მუსლიმურ რეგიონებში არსებული რეპრესიული ვითარებაა. საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრა, რუსეთის ომი ჩეჩნეთში, პუტინის ხელისუფლების ახლო კავშირები სირიისა და ირანის მთავრობებთან და სირიასა და აფრიკაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები იმ მიზეზთა ერთობლიობას წარმოადგენს, რის გამოც ISKP-ის სამიზნე სწორედ რუსეთი გახდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება ავღანეთის თალიბ მთავრობასთან მჭიდროდ პარტნიორობს. „თალიბანი“ კი, როგორც აღვნიშნეთ, ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ, თავდასხმის შემდეგ, რუსეთისა და, კერძოდ, ვლადიმირ პუტინის მისამართით კიდევ ერთი მუქარის შემცველი შეტყობინება გაავრცელა და მიზანში რუსეთის პრეზიდენტი ამოიღო.

ჯერჯერობით უცნობია, ISKP-ის ტერაქტი კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთჯერადი ქმედებაა თუ ტერორისტულ ტალღას წარმოადგენს, რომელიც სხვა მიმართულებითაც გაივრცობა.