რატომ სურს დონალდ ტრამპს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება?

რატომ სურს დონალდ ტრამპს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება?

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლის დაბრუნება სურს. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ავღანურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს ბაგრამის ავიაბაზა რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციების მართვისათვის ესაჭიროება. შესაბამისად, ამ მიზეზით ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანისგან ტერიტორიის უკან გადაცემას მოითხოვს. გარდა ამისა, ტრამპის განმარტებით, ავიაბაზის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც ისიც არის, რომ ის იმ ადგილიდან 1 საათის გზაზეა, სადაც ჩინეთი საკუთარ ბირთვულ იარაღს ქმნის. ჟურნალისტის კითხვა გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას უარის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.

ტრამპი ავღანეთიდან ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის გასვლას „სრულ კატასტროფად“ აფასებს. განსაკუთრებით კი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლის დაკარგვას აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესი თავად დაიწყო, ჯო ბაიდენს პროცესის დამახინჯებაში ხშირად ადანაშაულებს. „ჩვენ მათ [ბაზა] არაფრის სანაცვლოდ გადავეცით. და ახლა ის უკან უნდა დავიბრუნოთ“, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ ჩინეთის ბირთვულ იარაღზე მინიშნებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა უპასუხა. „ჩინეთი პატივს სცემს ავღანეთის დამოუკიდებლობლას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ავღანეთის მომავალი მხოლოდ მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რეგიონში დაძაბულობის გაზრდა და კონფრონტაციის შექმნას არაპოპულარული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვესაუბრებით ავღანელებს და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ ის. და თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, გაიგებთ რასაც გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა. მოგვიანებით ტრამპმა თალიბანის მისამართით უფრო მძიმე მუქარაც გააჟღერა. „თუ ავღანეთს არ სურს, დაუბრუნოს ბაგრამის ავიაბაზა მას, ვინც ის ააშენა, ანუ შეერთებულ შტატებს, ძალიან ცუდი რამ მოხდება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოცმედია პლატფორმა Truth-ზე.

თალიბანის მთავრობამ ტრამპის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. მათი განმარტებით, ავღანეთს ყველა სახელმწიფოსთან კონსტრუქციული ურთიერთობა სურს და შეერთებულ შტატებთან მუდმივად კომუნიცირებს, რომ ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. „უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, „შეერთებული შტატები არ გამოიყენებს მუქარას ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარჩნენ საკუთარი ვალდებულებების ერთგულნი“, – განაცხადა თალიბანმა.

შეგახსენებთ, დოჰას სამშვიდობო შეთანხმება, ერთი მხრივ, თალიბანსა და ავღანეთის მაშინდელ მთავრობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, თალიბანსა და შეერთებულ შტატებს შორის 2020 წლის თებერვალში, ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ვადისას, გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

2021 წელს, ავღანეთიდან ბოლო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის აფრენიდან მალევე, თალიბანმა ავღანეთის მმართველობა ხელში ჩაიგდო და შესაბამისად ყველა ყოფილი ამერიკული სამხედრო ბაზაც დაიკავა. აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების განმარტებით, ბაგრამის ავიაბაზის უკან დაბრუნება შესაძლოა ქვეყანაში თავიდან შეჭრად აღიქმებოდეს, ვინაიდან ამას 10,000-მდე სამხედრო მოსამსახურე და საჰაერო თავდაცვის საშუალებების განთავსება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წარსულშიც არაერთი ტერიტორიის დაბრუნების სურვილი გამოუთქვამს. თუმცა, თუკი აქამდე ეს სურვილი პანამის არხსა და გრენლანდიას ეხებოდა, ამჯერად ტრამპს შორეულ აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ავიაბაზაზე კონტროლის დაბრუნება სურს.

ბაგრამის ავიაბაზა ფარვანის პროვინციაში, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ის 2001-დან 2021 წლამდე ამერიკელების ყველაზე დიდი ბაზა იყო. ავიაბაზაზე ორი საფრენი ბილიკია, რომელთაგან ერთი 3.6 კილომეტრის სიგრძისაა და დიდი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება შეუძლია. ავიაბაზაზე სულ მცირე სამი დიდი ზომის ანგარი, საკონტროლო კოშკი, მხარდამჭერი შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი კომპლექსებია განლაგებული. ბაგრამის ავიაბაზა 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ აშენდა, თუმცა სამხედრო ბაზას მოდერნიზაცია შეერთებულმა შტატებმა ჩაუტარა.

2001 წელს შეერთებული შტატების ავღანეთში შეჭრის შემდეგ, ბაგრამის ავიაბაზა რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარ სამხედრო ობიექტს წარმოადგენდა. ბაზაზე სამხედრო, სამედიცინო და საზოგადოებრივი ობიექტების გარდა ფუნქციონირებდა ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები, Pizza Hut-ი, Subway და სხვა. ავიაბაზაზე განთავსებული იყო ციხეც, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების, “ალ-კაიდასა“ და „თალიბანის“ ასობით წევრი იმყოფებოდა. 2021 წელს თალიბანის მიერ კონტროლის აღდგენის შემდეგ, აღნიშნული პირები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ახალი ხელისუფლების პირველი რეაქცია უარყოფითი იყო, ბაგრამის ავიაბაზაზე ამერიკელების წვდომისა და კონტროლის საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. აშშ-ის გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, ამ პროცესში დიდი როლი ექნება ჩინეთსაც, რომელსაც ავღანეთის მთავრობის დარწმუნება მოუწევს, არ გადასცენ შეერთებულ შტატებს ავიაბაზაზე კონტროლი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.