მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ნამდვილად უცნაური სურვილებითა და გეგმებით გამორჩეული ადამიანია, თუმცა მისი $220-მილიარდიანი ქონება და წარმატება ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ ილონ მასკის ქმედებების უკან თითქმის ყოველთვის დგას გარკვეული ლოგიკა და საღი აზრი, რომელიც მისი ბიზნესიმპერიის გაფართოებისა და გავლენების გაზრდისკენაა მიმართული.
ილონ მასკის ამჟამინდელი სურვილი კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას უკავშირდება, რომელიც რეალურად გაცილებით უფრო ამბიციური გეგმის მცირე ნაწილია.
კომპანია Twitter-ი კალიფორნიაში ინოვატორი ინჟინრების, ჯეკ დორსის, ნოა გლასის, ბიზ სტოუნისა და ევან უილიამსის მიერ 2006 წელს დაფუძნდა. ის რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მას ყოველდღიურად იყენებენ ოფიციალური სამთავრობო უწყებები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და უმსხვილესი კომპანიები.
Twitter-ის მთავარი უპირატესობა არა მისი ბიზნესმოდელი, არამედ სოციალური გავლენაა, რომელიც სტრატეგიულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე ღირებულ რესურსადაც კი იქცეს. ამჟამად Twitter-ი კომერციულად წამგებიანი კომპანიაა, მაგალითად, 2021 წელი კომპანიამ $221-მილიონიანი ზარალით დაასრულა, რაც ტექნოლოგიური კომპანიისათვის ნამდვილად უჩვეულოა.
შედარებისთვის, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta Platforms-ის წმინდა მოგებამ 2021 წელს 39 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სხვა სოციალური ქსელების მსგავსად, Twitter-იც შემოსავალს ძირითადად რეკლამების განთავსებით იღებს, თუმცა Facebook-ისგან განსხვავებით, მას გაცილებით უფრო ნაკლები წვდომა აქვს მომხმარებელთა პირად მონაცემებთან, რაც ტარგეტირებული და პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზებას მნიშვნელოვნად ართულებს. სწორედ ამის გამო, დამკვეთებს ურჩევნიათ, მარკეტინგზე გამოყოფილი ბიუჯეტი Facebook-სა თუ Instagram-ისკენ მიმართონ, ვიდრე Twitter-ისკენ.
აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგის რჩეული მარკეტინგის აგრესიული სტრატეგია და მონაცემების კომერციალიზაციის პრაქტიკა Twitter-ის ყოფილი გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის, ჯეკ დორსისთვის მიუღებელი იყო, რამაც დიდი გავლენა იქონია კომპანიის სტრატეგიაზე და სოციალური ქსელის ალგორითმზე.
წმინდად კომერციული თვალსაზრისით, ცუკერბერგის სტრატეგია ყველაზე ეფექტიანია, რადგან ის კომპანიისთვის მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული; Twitter-ის უპირატესობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური გავლენაა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პრეზიდენტები თუ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის სწორედ Twitter-ს ირჩევენ.
კომპანიის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესაფასებლად ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორი საფონდო ბირჟაა. 2013 წელს Twitter-ის აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან დღემდე, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 23%-ით, 40 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის ათწლიანი პერიოდისთვის უაღრესად იმედგამაცრუებელი შედეგია.
საფონდო ბირჟაზე კომპანიის არასახარბიელო შედეგები სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Twitter-ი სტაბილური მოგების გამომუშავებას ვერ ახერხებს, ინვესტორებს კი მენეჯმენტის სამომავლო გეგმების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ.
მიუხედავად ყველაფრისა, 2022 წლის აპრილში ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა და ამით ის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა; რამდენიმე დღეში კი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Twitter-ის ხელმძღვანელობას კომპანიის 100%-იანი წილის 44 მილიარდ დოლარად შეძენის წინადადება შესთავაზა.
საბაზრო ფასთან შედარებით თითქმის 40%-ით უფრო ძვირად კომპანიის აქციების გაყიდვის ინიციატივას, ბუნებრივია, ინვესტორთა აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდა. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, მასკისა და Twitter-ის წარმომადგენლობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვეში სრულმასშტაბიან სასამართლო დავაში გადაიზარდა.
ივნისში ილონ მასკმა უარი განაცხადა კომპანიის შეძენაზე, რაც, მისი მტკიცებით, იმით იყო განპირობებული, რომ Twitter-ის წარმომადგენლობა ტროლებისა და ბოტების რეალური რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ უზიარებდა გარიგების მხარეს. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელისათვის არაავთენტური მომხმარებლების რაოდენობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია იმის განსასაზღვრად, რეალურად რამდენად ჯანსაღად ფუნქციონირებს სოციალური პლატფორმა.
ინვესტორებისთვის მიყენებული ზიანისა და გარიგების პირობების უხეშად დარღვევის გამო, Twitter-მა ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა და აღნიშნული პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
მიმდინარე კვირას ილონ მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ისევ მზადაა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინოს, თუკი მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი შეჩერდება.
იურისტების შეფასებით, დავის გაგრძელების შემთხვევაში, მასკი დამარცხებისთვისაა განწირული და, სავარაუდოდ, სასამართლო მას სოლიდურ ჯარიმასაც დააკისრებს და Twitter-ის შეძენასაც აიძულებს. ბუნებრივია, ამ მოცემულობას აცნობიერებენ მასკის ადვოკატებიც, ამ კვირას გავრცელებული განცხადება კი, შესაძლოა, სწორედ ამ მარტივ ფაქტს უკავშირდებოდეს.
გარიგებაზე თანხმობა, გარკვეულწილად, მასკის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებას გულისხმობს, თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ მასკის მცირე ბრძოლაში დამარცხება თითქმის ყოველთვის მის ომში გამარჯვებისკენაა მიმართული.
ივნისში მასკი ამბობდა, რომ Twitter-ის შეძენის სურვილი მას გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო გაუჩნდა და ის მიზნად ისახავდა, რომ სოციალური ქსელი ჭეშმარიტად სამართლიან და თანასწორ საჯარო პლატფორმად ექცია.
ზემოხსენებული არგუმენტი რთულია სერიოზულად მივიღოთ და დავიჯეროთ, რომ პლანეტის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი Twitter-ს მხოლოდ სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით ყიდულობდეს და ამისათვის თითქმის 30 მილიარდი დოლარის ვალს იღებდეს, ვინაიდან, 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით თავად ილონ მასკსაც კი არ აქვს.
მასკის რეალური განზრახვისა და ამბიციური გეგმის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ სწორედ ახლა მიიღო – პლანეტის უმდიდრეს ადამიანს „სუპერ აპლიკაციის“ შექმნა სურს, სახელწოდებით „X”.
სუპერ აპის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის მიერ შექმნილი პლატფორმა WeChat-ია, რომელიც მილიარდამდე მომხმარებელს ასამდე სერვისს სთავაზობს. სუპერ აპი სოციალურ ქსელს, საკომუნიკაციო პლატფორმას, ონლაინ მარკეტს, გართობის პლატფორმებს, ტაქსის გამოძახების სერვისს, რუკას და სხვა ასობით ისეთ აპლიკაციასა თუ ფუნქციას აერთიანებს, რომელთაც ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
სუპერ აპლიკაციას პრაქტიკულად ულიმიტო კომერციალიზაციის შესაძლებლობები აქვს, რასაც, ცხადია, ყველაზე კარგად სწორედ ილონ მასკი აცნობიერებს, რომელსაც ამბიცია არა მარტო მილიარდერობაზე, არამედ ტრილიონერობაზეც აქვს.
Twitter-ი მასკის ამბიციურ გეგმაში საკვანძო როლს ასრულებს, სწორედ ეს იქნება ის ფუნდამენტი, რომელზეც აპლიკაცია „X“ დაშენდება. მოგეხსენებათ, სუპერ აპლიკაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქტიურ მომხმარებელთა დიდი ბაზა, როგორთან წვდომაც ტექნოლოგიურ გიგანტებს, უმსხვილეს ბანკებსა და სოციალურ ქსელებს აქვთ.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბანკის შესაძენად საკმარისი კაპიტალი ილონ მასკს არ აქვს; Apple-ის, Google-ისა თუ Microsoft-ის შეძენა უბრალოდ გამორიცხულია; რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, კომპანია Meta და ცუკერბერგი Facebook-სა თუ Instagram-ს არასოდეს დათმობენ; Twitter-ი კი ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ალტერნატივაა, რომელსაც 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და, რაც მთავარია, ის საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობს, განსხვავებით ჩინური TikTok-ისა.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ილონ მასკი თავისი სუპერ აპლიკაციისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ სოციალურ ფუნდამენტს ყიდულობს, რომელზეც მომავალში Tesla-სა თუ SpaceX-ის პროდუქტები დაშენდება.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი საკმაოდ მარტივ ლოგიკამდე შეგვიძლია დავიყვანოთ. ილონ მასკი თავისი არსითა და ბუნებით, პირველ რიგში, ბიზნესმენია, თანაც ექსტრემალურად წარმატებული, მისი Twitter-ით დაინტერესების მთავარი მიზეზიც სწორედ საკუთარი ბიზნესიმპერიის გაფართოების სურვილს უკავშირდება – არაფერს სხვას.