ამერიკულმა საინვესტიციო ფირმა Redbird Capital Partners-მა იტალიური საფეხბურთო კლუბის, AC Milan-ის შესყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. მოცემულ ინფორმაციას, საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის ჩემპიონ „მილანს“ ერთ დროს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ფლობდა. ამჟამად კი კლუბის 99.93%-იანი წილის მესაკუთრე საინვესტიციო კომპანია Elliott Management Corp.-ია. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, Redbird-მა „მილანის“ სანაცვლოდ დაახლოებით 1.2 მილიარდი ევრო გადაიხადოს.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Redbird-ი, რომელიც ჯერალდ კარდინალემ დააარსა, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 6 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს. ფირმა არის Fenway Sports Group Holdings LLC-ის აქციონერი, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბის, Liverpool FC-ისა და ამერიკის ბეისბოლის გუნდ Boston Red Sox-ის მფლობელი. ის ასევე ფლობს აქციების საკონტროლო პაკეტს ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ტულუზაში“.
შეგახსენებთ, რომ AC Milan-მა 2021-22 წლების უკვე დასრულებულ სეზონში იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს თასი მოიგო.