თამაშის წესები შეიცვალა – საქართველოს 1 მილიონი მოქალაქე რამდენიმე თვეში უკანასკნელ „ფრისპინს“ დაატრიალებს და აზარტულ თამაშებს საკმაო ხნით „დაემშვიდობება”.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და რეკორდულად მაღალი ინფლაციის ფონზე, მთავრობამ ვერ მოძებნა სხვა უფრო პოპულარული ან აქტუალური საკითხი და რეპუტაციადამძიმებულ გემბლინგის ინდუსტრიას მიადგა.
გადაწყვეტილება რომ მოულოდნელი იყო, ეს სექტორის რეაქციიდანაც ჩანდა, რომელმაც ორი კვირის წინ ახალ რეალობაში გაიღვიძა.
გაზრდილ გადასახადებს, რეკლამის აკრძალვასა და 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლების შეზღუდვას შორის ყველაზე პრობლემური სწორედ ეს უკანასკნელია, რომლითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 25-წლიანი ასაკობრივი ცენზი დგინდება. 300 ათასი საჯარო მოხელისთვის კი თამაშის უფლება სრულად იკრძალება.
საგადასახადო მიმართულებით ცვლილებები მხოლოდ აზარტულ ონლაინთამაშებს შეეხება. ეს სფერო აქამდე ჩვეულებრივი მოგების გადასახადით იბეგრებოდა. მაგალითად, თუკი ფირმას ჰქონდა 100 მლნ ლარის წმინდა მოგება, საიდანაც ნახევარს დივიდენდად გასცემდა, ნახევარს კი რეინვესტირებისთვის დებდა, ამ დროს ის მოგების გადასახადის სახით 7.5 მილიონ ლარს იხდიდა. ბოლო წლებში აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი ზრდა სწორედ ონლაინმიმართულებით იყო, სადაც არსებული ბუმი გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებად ვერ ითარგმნა.
რა თანხას იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები საქართველოს ბიუჯეტში?
აზარტული თამაშების კომპანიები არაერთი სპეციფიკური გადასახადით იბეგრებიან, ესენია სხვადასხვა ტიპის მოსაკრებლები და სანებართვო ლიცენზიები, რაც უმეტესად ფიზიკურ სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ეხება. სპეციფიკური გადასახადების გარდა, სექტორში არსებული ყველა კომპანია იხდის დღგ-ს, მოგების გადასახადს თუ საშემოსავლო გადასახადს, რაც გაცემული ხელფასების 20%-ია.
2020 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და რეკორდული 32 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს კი მოხდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ფიზიკური სამორინეები დახურული იყო. ბრუნვის მატება სწორედ ონლაინგემბლინგის გააქტიურებამ გამოიწვია.
გაზრდილი ბრუნვის მიუხედავად, შემცირდა გადახდილი გადასახადების მოცულობა. თუკი 2019 წელს სექტორმა 420.3 მილიონის გადასახადები გადაიხადა, 2020 წელს ეს თანხა 302.1 მილიონამდე შემცირდა.
კლების მიზეზი კი სწორედ ფიზიკური სამორინეების დახურვა იყო, რადგანაც ყველაზე მეტი რაოდენობის სალიცენზიო მოსაკრებლებს ფიზიკური კაზინოები იხდიან. 2019 წელს სექტორის მოსაკრებლების ჯამმა 191 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი ის 92 მილიონამდე შემცირდა.
წლების განმავლობაში ყველაზე მეტი გადასახადის მობილიზება სწორედ 2019 წელს, ანუ პანდემიამდელ პერიოდში მოხდა.
2021 წლის პირველ ნახევარში კი გადახდილი გადასახადების ჯამმა 194 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, სექტორის კონტრიბუცია ბიუჯეტის შემოსავლებში კვლავ 400 მილიონ ლარს მიაღწევს.
რა შეიცვლება ონლაინთამაშების დაბეგვრის მიმართულებით?
თუკი დღეს ამ სეგმენტისთვის მთავარი გადასახადი განაწილებული მოგების გადასახადია, მომავალში ის ახალი ტიპის გადასახადით შეიცვლება. ცვლილება შეეხება მოთამაშეებსაც, რომლებიც ნებისმიერი მოცულობის მოგებული თანხის გატანის დროს დამატებით 2%-ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ამ კომპანიებისთვის დაიბეგრება არა განაწილებული მოგება, არამედ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, საუბარია აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოეფიციენტის, GGR-ის დაბეგვრაზე.
GGR არის კომპანიის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, ანუ მისი რეალური საოპერაციო შემოსავალი, რაც პერიოდის განმავლობაში აზარტული თამაშის ოპერატორს საქმიანობიდან რჩება. სახელმწიფო დაბეგრავს GGR-ის 10%-ს, რაც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, დღევანდელ მოცემულობასთან შედარებით საგადასახადო ბაზის 65%-70%-ით გაფართოებას ნიშნავს.
თუმცა ბიუჯეტში, სავარაუდოდ, უფრო მეტი გადასახადი არ შევა და მისი შემოსავალი წლიურად კვლავ 300-400 მილიონი ლარის ფარგლებში დარჩება. ამის მიზეზია ის, რომ 1 მილიონ მოქალაქეს თამაშის უფლება აეკრძალება, რაც კომპანიების შემოსავლებს შეამცირებს. შესაბამისად, ამ ცვლილებას მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში არ ექნება.
გლობალური ინტერესი საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის მიმართ
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გემბლინგის, განსაკუთრებით კი ონლაინთამაშების მიმართულებით საქართველოში არაერთი მსხვილი გარიგება შედგა, რომელთა შედეგადაც ქვეყანაში შემოვიდნენ ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟაზე დალისტული ისეთი კომპანიები, როგორიცაა Flutter-ი, Entain-ი და Betsson-ი, ამ ინვესტირების მიზეზი კი, თავის მხრივ, მხოლოდ საქართველოს 3.7-მილიონიანი ბაზარი არ იყო და ის განპირობებული იყო იმითაც, რომ საქართველოს გარშემო არსებულ უმსხვილეს ქვეყნებში აზარტული თამაშები ფაქტობრივად აკრძალულია და ამ ნიშის კაპიტალიზებით ქვეყანას მნიშვნელოვანი შემოსავლების გენერირება შეუძლია.
თუმცა ამ მხრივ რიტორიკის შეცვლა და 1 მილიონი ადამიანისთვის თამაშის უფლების შეზღუდვა მომავალში ამ მიმართულებით საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირების საბაბი შეიძლება გახდეს.
თამაშებზე მოთხოვნა არსად გაქრება
ალბათობის თეორია მათემატიკის ნაწილია და ის შემთხვევით პროცესებს აღწერს, თუმცა იმაში შემთხვევითი არაფერია, რომ აზარტული თამაშის დროს, სასწორის მხარე არა თქვენკენ, არამედ “House”-ისკენ არის გადახრილი და ნებისმიერი კონკრეტული ფსონის დროს სამორინეს მოგების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე თქვენი.
სამწუხაროდ, საქართველოშიც ათასობით ადამიანს აზარტული თამაშების დამოკიდებულება აქვს, რაც ქვეყნის ერთ-ერთ სოციალურ პრობლემათაგანია. სწორედ ეს პრობლემაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ ჩათვალა, რომ ამჟამად 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლების აკრძალვა ამომრჩევლებში პოპულარულ ნაბიჯად შეფასდება.
თუმცა ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილება, სადაც აზარტული თამაშების აკრძალვა მოხდა, აჩვენებს, რომ თამაშებზე მოთხოვნა არსად გაქრება და არსებობს ალბათობა, რომ მომხმარებლებმა, რომელთაც ის შეეზღუდათ, სხვა ქვეყნის სისტემებზე გადაინაცვლონ. ამის პრევენციისთვის ფინანსთა სამინისტრომ დააანონსა, რომ ისინი ქართული საბანკო ბარათებით უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე თანხების გადარიცხვას აკრძალავენ, თუმცა უცნობია, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს აკრძალვა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს არაერთი კრიტპოსამორინეც, სადაც სრულიად არარეგულირებადი ვირტუალური ფულით ხდება თამაში და, შესაბამისად, მოგებული თუ წაგებული ფულიდანაც საქართველოს ბიუჯეტში არცერთი თეთრის შემოსავალი არ შევა.