რეკომენდაციები განახლებადი ენერგიების წასახალისებლად

რეკომენდაციები განახლებადი ენერგიების წასახალისებლად

საქართველოში 5 მეგავატი ან მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების, რიგ შემთხვევებში კი 2-დან 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების აშენება მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. თავის მხრივ, ეს მდგომარეობა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისთვის არსებითი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღნიშნულის მიზეზია ის, რომ მათ ასაშენებლად განკუთვნილი სამშენებლო ნებართვის გაცემის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება, რასაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ლიცენზია/ნებართვა, აღნიშნული შეიძლება ძალაში შევიდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების გაცემა კი სააგენტოს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მხედველობაში მიღებით ხდება. გზშ − ეს არის შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს და რომელსაც მრავალ საქმიანობათა შორის ზემოაღნიშნულ სიმძლავრეებზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია მიეკუთვნება. გზშ-ის ანგარიში სხვა ინფორმაციასთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვების შეფასებას უნდა მოიცავდეს, რაც დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით საჯარო განხილვების გზით ხორციელდება.

ახალ ჰიდროელექტროსადგურთა აშენების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ძალიან ხშირად სააგენტოს მიერ შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები არ გამოიცემა, ვინაიდან საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საჯარო განხილვებისას ცალკეული ენერგეტიკული პროექტის განხორციელების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ფიქსირდება. ბოლო წლებში მსგავს შემთხვევათა მომსწრენი არაერთხელ გავხდით.

სამწუხაროდ, კანონმდებლობით ორაზროვნად არის მოწესრიგებული საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სავალდებულოა საჯარო განხილვების დროს დაფიქსირებულ შენიშვნათა გაზიარება. ერთ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.

გარდა ამისა, კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • კრიტერიუმები, რასაც სააგენტო დაფიქსირებულ შენიშვნათა დამაჯერებლობისა და ობიექტურობის შე­ფასებისას დაეყრდნობოდა;
  • სააგენტოს ვალდებულება, მიიღოს ცალსახა გადაწყვეტილება ისეთ დროს, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი – დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად აფასებს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობას. კერძოდ, საჯარო განხილვების დროს მონაწილე პირთა ხმათა რა პროპორციით უნდა შეფასდეს პროექტის საჭიროება და, შესაბამისად, ხმათა გარკვეული რაოდენობა რამდენად საკმარისი ან/და სავალდებულოდ გასათვალისწინებელი უნდა იყოს სააგენტოსთვის;
  • შემთხვევა, როდესაც პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე პირთა დაკვეთით ალტერნატიული კვლევა ჩატარდა, რომელმაც ასეთი კვლევის ინიციატორთა მოსაზრებებისგან განსხვავებული შედეგები დაადგინა. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობით არაორაზროვნად უნდა გაეცეს პასუხი კითხვას – ასეთ შემთხვევაში სააგენტო კვლავ მოწინააღმდეგე პირთა მოსაზრებებს დაეყრდნობოდა თუ ალტერნატიული კვლევის შედეგებს? ამავდროულად, თუ ალტერნატიული კვლევის შედეგები ინვესტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ნაწილობრივ იზიარებს, ნაწილობრივ კი განსხვავებულ პოზიციას აყალიბებს, ასეთ დროს კვლევის რომელი შედეგით/შედეგებით უნდა იხელმძღვანელოს სააგენტომ და რატომ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ებს წარ­მო­ვად­გენ:

1) გაიწეროს დებულება, რომელიც სააგენტოსთვის საჯარო განხილვათა შედეგების სარეკომენდაციო ხასიათს განსაზღვრავს;

2) კოდექსის ფარგლებში შემუშავდეს ყველა ის ნორმა, რაც საჯარო განხილვათა შეფასების ობიექტურ და დამაჯერებელ კრიტერიუმებს დაადგენს, ასევე დაარეგულირებს ალტერნატიული კვლევების ჩატარების შეფასების შედეგებს და საჯარო განხილვების ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებათა რაოდენობრივ პროპორციებს;

3) იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება ლიცენზიების /ნებართვების გაცემის წინაპირობაა და აგრეთვე, არაერთი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის აშენება საჯარო განხილვების ნეგატიური შედეგების გამო შეფერხდა, საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში და კოდექსში გაიწეროს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე სამინისტროს ვალდებულებები, რომელთა მიხედვით სამინისტრო განახლებადი ენერგიების მიმართულებით დაინტერესებულ ინვესტორებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაში მიეხმარება.