1 სექტემბრიდან საქართველოში აიკრძალა რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაყიდვა.
აკრძალვა 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. გადავადების ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ 1 სექტემბრამდე 6 წლამდე ბავშვებისა და ასაკით პენსიონერთა სადაზღვევო მომსახურებას ჯერ ისევ კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ; თუმცა ისიც სავარაუდოა, რომ მთავრობამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა.
ფარმაცევტულ ბაზარზე დაწესებულმა ახალმა აკრძალვებმა ჩვენი საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. საზოგადოების ერთი ნაწილი “გაგებით მოეკიდა” შემოთავაზებულ ცვლილებას. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი აკრძალვები შეამცირებს “სააფთიაქო ნარკომანიის” საფრთხეს და თვითმკურნალობის შემთხვევებს, ხელს შეუწყობს წამლების რაციონალურ მოხმარებას. ახალი აკრძალვების მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები მხოლოდ კეთილსინდისიერ მყიდველს შეუქმნის პრობლემას, გაზრდის მედიკამენტების შესაძენად საჭირო ხარჯებს (პირდაპირს და არაპირდაპირს) და ერთადერთი შედეგი, რასაც მივიღებთ – მედიკამენტებზე კიდევ უფრო შემცირებული ხელმისაწვდომობა იქნება.
ამ სტატიის მიზანი არ არის ზოგადად რეცეპტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე საუბარი. რეცეპტის საჭიროება არც არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რა საფუძველი აქვს საზოგადოების აშკარა უკმაყოფილებას ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და წინასწარ განვსაზღვროთ ის საფრთხეები, რომლებიც ახალი აკრძალვების ამოქმედებასთან არის დაკავშირებული.
რას ნიშნავს მეორე ჯგუფის მედიკამენტები?
სანამ უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებულ აკრძალვებს შევეხებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს კანონი “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”) ფარმაცევტული პროდუქტი რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი; მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო მესამე ჯგუფს განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიღებაც ინსტრუქციის შესაბამისად შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც.
ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე სამინისტრომ მოახდინა მეორე და მესამე ჯგუფში შემავალი მედიკამენტების რეკლასიფიკაცია, რომლის შედეგადაც რეცეპტის გარეშე გაყიდვის აკრძალვა შეეხო ერთდროულად 1121 დასახელების გენერიულ სამკურნალო საშუალებას, ან მათ კომბინაციას, რაც ჯამში 5689 სხვადასხვა სავაჭრო დასახელებას აერთიანებს.
მედიკამენტების რეცეპტით გასაცემ (Rx – prescription) და თავისუფალ გაყიდვაში (OTC – over-the-counter ) არსებულ ჯგუფებად დაყოფა მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვყოთ მედიკამენტების კიდევ ერთი ჯგუფი: როცა წამლის რეალიზაცია რეცეპტის გარეშე, მაგრამ მხოლოდ ფარმაცევტის მეთვალყურეობითაა დაშვებული (P). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტის ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლას სპეციალური წესები არეგულირებს. რეცეპტით გასაცემი პრეპარატის თავისუფალ გაყიდვაში გადასვლას კი განაპირობებს პრეპარატის როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე ფინანსური (ბიუჯეტის შესაძლო დანაზოგები) და სოციალური ასპექტები. ისიც აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე პრეპარატი შესაძლოა ევროპის ერთ ქვეყანაში რეცეპტით გაიცემოდეს და მეორეში თავისუფალ გაყიდვაში იყოს. როგორც წესი, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის ღირებულებას მთლიანად, ან ნაწილობრივ სადაზღვევო ფონდები ანაზღაურებენ, მაშინ როცა თავისუფალ გაყიდვაში არსებული მედიკამენტის საფასურის გადახდა უმეტეს შემთხვევაში თავად მყიდველს უწევს.
რეცეპტი და მასთან დაკავშირებული სურვილები
საქართველოში მცირე გამონაკლისების გარდა (სპეციალიზებული მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა და სადაზღვევო პაკეტში შესული ანაზღაურებადი ესენციური მედიკამენტები) მედიკამენტების ხარჯებს მთლიანად მოსახლეობა იხდის.
ფარმაცევტულ პროდუქციაზე ჩვენი საერთო ყოველწლიური დანახარჯი 1 მილიარდ ლარს აღწევს, რაც ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტია. შედარებისთვის: სახელმწიფო ბიუჯეტმა 2013 წელს ჯანდაცვის ყველა პროგრამაზე ერთად 480 მლნ ლარი დახარჯა. დღევანდელი მდგომარებით, “საყოველთაო ჯანდაცვის” პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების 70%-ზე მეტს ოჯახები ისევ საკუთარი ჯიბიდან იხდიან და ამ ხარჯებში ლომის წილი მედიკამენტების შეძენაზე მოდის. 2010 წელს სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდილი ყოველი 100 ლარიდან 40 ლარი მედიკამენტების შესაძენად იყო გადახდილი. ეს ციფრი თითქმის ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და შედეგია როგორც მედიკამენტებზე არაპროპორციულად მაღალი ფასის, ასევე მედიკამენტების არარაციონალური მოხმარების. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი ფინანსური ტვირთი ჩვენი ოჯახების ბიუჯეტისთვის სწორედ წამლებთან დაკავშირებული ხარჯებია (HUES. 2010). ეს ტვირთი კიდევ უფრო აუტანელია ღარიბი ოჯახებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის, ვისაც წამლის მიღება ყოველდღიურად უწევს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი აკრძალვების ინიციატორთა სურვილი თვითმკურნალობის შემთხვევების შემცირება და ფარმაცევტულ პროდუქციაზე მუდმივად მზარდი ხარჯებისა გაკონტროლებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი აკრძალვების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეუწყობს თუ არა ხელს ახალი აკრძალვები ამ პრობლემების მოგვარებას.
“სააფთიაქო ნარკომანია” და თვითმკურნალობის შემთხვევები
ახალი აკრძალვების საჭიროებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ორი მთავარი არგუმენტი აქვს: ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა” და თვითმკურნალობის შემთხვევების შემცირება.
“სააფთიაქო ნარკომანიის” პრობლემა ნამდვილად არსებობს და მასთან ბრძოლის საჭიროებას არც არავინ უარყოფს. 1 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით ნარკოტიკული და მათი შემცველი საშუალებები, ცალკეული ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები მიეკუთვნებოდნენ (და დღესაც მიეკუთვნებიან) პირველი ჯგუფის მედიკამენტებს და ექვემდებარებიან სპეციალურ კონტროლს. მათი გამოწერა და გაცემა რეცეპტის სპეციალური ფორმით ხორციელდებოდა (და ხორციელდება). ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საჭიროებისამებრ ავსებს არსებულ ნუსხებს ადგილობრივი ნარკოლოგიური სიტუაციისა და სასამართლო-საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს კანონი “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”). ძნელი სათქმელია, რას შეცვლის ამ მიმართულებით მეორე ჯგუფის მედიკამენტების მხოლოდ რეცეპტით გასაცემ კატეგორიაში გადაყვანა. ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება უკვე არსებული წესების მკაცრი დაცვა, მოსახლეობის სამედიცინო განათლება და მომხმარებელთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია (სამწუხაროა, რომ ბევრ სხვა საჭირო პროექტთან ერთად გაჩერდა ბაზალეთის ტბაზე ნარკოდამოკიდებული პირებისთვის რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობაც).
თვითმკურნალობის შემთხვევებთან დაკავშირებით საინტერესო შედეგი აჩვენა 2010 წელს საქართველოში ჩატარებულმა ჯანდაცვის მოხმარებისა და დანახარჯების კვლევამ (HUES. 2010). ამ კვლევის მიხედვით, თვითმკურნალობის შემთხვევების რიცხვი 2010 წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული (59.3% 1000 მოსახლეზე) 2007 წელთან შედარებით (80.3% 1000 მოსახლეზე), რაც მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ თვითმკურნალობის შემთხვევების შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა; წამლების ურეცეპტოდ გაცემა კი არ არის მთავარი ფაქტორი მისი შემცირებისთვის.
რეცეპტი და ჩვენი შესაძლებლობები
არავისთვის საიდუმლო არ არის (და ეს ზემოთ მოყვანილი კვლევის შედეგითაც დასტურდება), რომ არარაციონალური მოხმარებისა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე მუდმივად მზარდი ხარჯების მთავარი მამოძრავებელი არა თვითმკურნალობა, არამედ მედიკამენტების ფასებზე კარტელური გარიგებები და ფარმაცევტული კომპანიების გავლენაა სამედიცინო პერსონალზე. ახალი რეგულაციების შედეგად მოსალოდნელია ფარმაცევტული სექტორის კიდევ უფრო გააქტიურება ამბულატორიული სერვისების მიწოდების მიმართულებით.
ფარმაცევტული ბაზრის წამყვანი მოთამაშეები შეეცდებიან გააფართოონ საკუთარი ამბულატორიების ქსელი და/ან მეტი გავლენა მოიპოვონ პჯდ და ჰოსპიტალურ ქსელში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე. ამის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა ე.წ. “სააფთიაქო ექიმების” სახით, რომელთა მთავარი ფუნქცია არა დიაგნოსტირება და დანიშნულების მიცემა, არამედ კონკრეტული აფთიაქის მიერ რეალიზებულ წამლებზე რეცეპტის გამოწერაა.
“ფარულ ჩანაწერში ჟურნალისტი ექიმის კაბინეტს ეწვია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს მისთვის რეცეპტის გამოწერა, ექიმი პასუხობს, რომ შეუძლია, მაგრამ მხოლოდ “ავერსის” მომხმარებლისთვის. ჟურნალისტის რეპლიკაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის (ექიმისთვის), თუ რომელ აფთიაქში იყიდის გაცემულ რეცეპტზე მითითებულ წამლებს, ექიმი პასუხობს – “თქვენთვის არა, მაგრამ სამაგიეროდ ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა” – ეს დიალოგი “ბიზნეს კურიერის” ერთ-ერთი სიუჟეტიდანაა, რომელიც ახალი აკრძალვების შემოღების შემდეგ მომზადდა და ადასტურებს ჩვენს მოსაზრებებს, რომ “სააფთიაქო ექიმების” პრობლემა უკვე რეალურ საფრთხედ იქცა.
ახალი რეგულაციები “აიძულებს” მოქალაქეს, იმ წამლების უმრავლესობის საყიდლად, რომლებიც სულ რამდენიმე კვირის წინ თავისუფალ გაყიდვაში იყო, რეცეპტის ასაღებად მიმართოს ექიმს და ამ იძულებას სამინისტრო ამავე მოქალაქის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვით ხსნის. სამინისტროს გეგმით, რეცეპტის აღება დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული, რადგან მოქალაქეებმა სწორედ იმ ექიმს და იმ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ, სადაც მათ “საყოველთაო ჯანდაცვის” პროგრამა უფასო მომსახურებას ჰპირდება.
ეს მოდელი კაბინეტში გამოკეტილი ჩინოვნიკის, ან საქართველოში ორი დღით ჩამოსული უცხოელი ექსპერტის ნააზრევს ჰგავს, რომელიც ნაკლებად უწევს ანგარიშს ქვეყანაში შექმნილ რეალობას.
რეცეპტთან დაკავშირებული მოლოდინების გამართლებაში მთავარი როლი პირველად ჯანდაცვაში (პჯდ) დასაქმებულმა ექიმებმა უნდა შეასრულონ (და არა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა). დღეს მომუშავე ოჯახის ექიმების, სოფლის ექიმების, პედიატრებისა და ექიმ-სპეციალისტების პროფესიონალიზმსა და მოუსყიდველობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეამცირებს მედიკამენტების არარაციონალურ მოხმარებას 1 სექტემბრიდან ამოქმედებული აკრძალვები.
დღეს არსებული სტატისტიკით, ყოველი მეორე პაციენტი ექიმის კონსულტაციას პჯდ-ის გვერდის ავლით იღებს. პჯდ სექტორში მიმართვიანობის მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს ბოლოდან პირველი ადგილი მყარად უჭირავს ევროპის რეგიონში (HSPA. 2011). პაციენტი არ ენდობა სოფლის ექიმისა თუ პოლიკლინიკის პერსონალის კვალიფიკაციას და ცდილობს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე, ან კერძო პრაქტიკის მქონე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს მიმართოს.
ახალი აკრძალვების შემოღების შემდეგ ბევრი პაციენტი არჩევანის წინაშე დადგება: ჩადგეს რიგში საყოველთაო ჯანდაცვის მიერ შეთავაზებული უფასო მომსახურების მისაღებად, თუ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს კონსულტაციის საფასური. ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას. ახალი აკრძალვები განსაკუთრებით იმ ქრონიკული პაციენტებისთვის იქნება მიუღებელი, ვინც ბევრ ექიმზე უკეთესად იცნობს საკუთარ დაავადებას და წლების განმავლობაში ერთი და იმავე მედიკამენტის მოხმარება უწევს. ასეთ პაციენტებს ექსპერტ-პაციენტებსაც უწოდებენ და ბევრ ევროპულ ქვეყანაში მათ მონაწილეობას თვითმკურნალობის პროცესში მხოლოდ მიესალმებიან. დერეგულაციები ფარმაცევტულ სექტორში ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მიდგომის მიზანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უსაფრთხო და მოქნილი მექანიზმების მოძებნა, როცა საზოგადოება მეტი უფლებებითა და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობით არის აღჭურვილი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ (იხ. http://www.npc.nhs.uk/patients_medicines/self_admin).
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების პირობებში სამედიცინო პერსონალის მხოლოდ დატვირთვა გაიზრდება და არა ხელფასი. ასეთ ვითარებაში ფარმაცევტული კომპანიების შანსი საკომისიო, ან სხვა რაიმე სარგებლის დახმარებით მოიპოვონ გავლენა დაბალხელფასიან პერსონალზე, მნიშვნელოვნად იზრდება. არსებობს საფრთხე, რომ რეცეპტის გამოსაწერად მისული პაციენტი დარჩება პირისპირ ექიმთან, რომელიც კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის წამლების რეალიზაციით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე მისი ჯანმრთელობით.
ჯანდაცვის სამინისტროს სურვილები და შესაძლებლობები
ნებისმიერი ცვლილება და რეგულაცია ჯანდაცვის სფეროში, როგორი კარგი და კეთილი სურვილებიც უნდა იდგეს ამ ინიციატივების უკან, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება წარმატებულად, თუ ის გააუმჯობესებს და არ გააუარესებს არსებულ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაბალი და საშუალო დაბალი შემოსავლების ქვეყნებში (საქართველოც ამ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება) არსებობს დამატებითი წინააღმდეგობები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეფორმის საბოლოო შედეგებზე. ამ წინააღმდეგობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჯარო სამსახურების ადმინისტრაციული და პროფესიული შესაძლებლობებია.
ზოგადად, რეფორმების განხორციელება ორი გზით არის შესაძლებელი: აკრძალვების დაწესებით (ე.წ. წითელი ხაზის კონცეფცია) და ახალი შესაძლებლობების შექმნით, ანუ წახალისებით (მწვანე შუქის კონცეფცია).
“მწვანე შუქის” იდეით ჩატარებული ფარმაცევტული რეფორმის მაგალითი იყო 2009 წელს განხორციელებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ სექტორში თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, წაახალისა მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი საქართველოში და შექმნა პირობები მედიკამენტებზე (განსაკუთრებით ე.წ. ბრენდ-მედიკამენტებზე) ფასნამატების მნიშვნელოვნად შემცირებისთვის. 1 სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებებს სხვა შინაარსი აქვს.
ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება რეცეპტის ინსტიტუტის საჭიროებაში. რეცეპტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ტელეეკრანებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივცემული ექიმებიც. მათ პოზიციას რეცეპტის თაობაზე მეც ვიზიარებ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს. რეცეპტის წინააღმდეგი არავინ არ არის. კითხვები ჩნდება თავად სამინისტროს სტრატეგიის, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების თაობაზე.
მეორე ჯგუფის მედიკამენტების სიის დამტკიცებიდან ათი დღის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ გადახედოს მის შემადგენლობას და გარკვეული მედიკამენტები ისევ თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმში დააბრუნოს. ბევრმა მაღალი დონის ექსპერტმა საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა, რომ მედიკამენტების სიის შედგენას მეტი კვალიფიკაცია და ყურადღება სჭირდება, რაც შეამცირებს კორუფციული გარიგებების რისკს და უფრო გამჭვირვალეს გახდის მედიკამენტების რეკლასიფიკაციის პროცესს (გ. კავკასიძე. “რატომ და რისთვის არის საჭირო რეცეპტი” www. iveria.biz). სხვა შემთხვევაში არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად გააუარესოს მედიკამენტებზე ისედაც დაბალი ხელმისაწვდომობა.
ბოლო წლებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული ნაციონალიზაციის (დეპრივატიზაციის) პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში შექმნილი პრობლემების საპასუხოდ. სამედიცინო დაზღვევაში არსებულ პრობლემებზე საუბარი კერძო კომპანიების ბაზრიდან გაძევებით და სახელმწიფო ფონდის შექმნით დასრულდა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება – კერძო კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტოპარკის ნაციონალიზაციით და სახელწიფო საწარმო “03”-ის აღდგენით. ჰოსპიტალურ სექტორში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის მაგივრად სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯზე “საჩვენებელი” სახელმწიფო კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა დააანონსა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ გამიკვირდება, თუ ფარმაცევტულ სექტორში არსებული ყველა პრობლემა კერძო ფარმაცევტულ კომპანიებსა და ფარმაცევტული სექტორის პრივატიზებას დაბრალდება. ალბათ ძნელი არ იქნება ამ მიმართულებით საზოგადოების განწყობით მანიპულირება და პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად სახელმწიფო აფთიაქების ქსელის განვითარების შემოთავაზება. იმედი მაქვს, ამ ყველაზე პესიმისტურ სცენარს განხორციელება არ უწერია, თორემ ნამდვილად გამართლდება ის ეჭვები, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა და ახალი რეგულაციების შემოღება “ძველი ნაცნობი მაშკევიჩის” სახელს დაუკავშირა. სახელმწიფო აფთიაქების ქსელის ექსკლუზიური მომარაგება ხომ ყველა მდიდარი ოლიგარქის ოცნებაა.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)