როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ბლოკში შემავალი ქვეყნები ენერგიის ფასების ზრდისგან თავდაცვის სხვადასხვა გზებს განიხილავენ.
ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს იმ ზომებს – „ინსტრუმენტთა პანელს“, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის ფასების რეკორდული ზრდის საპასუხოდ წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლო სარგებელსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა წინა კვირას ესპანეთის მთავრობამ გააჟღერა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნებს ერთობლივი გაზის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.
წელს ევროპაში ელექტროენერგიისა და გაზის ფასი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ერთის მხრივ, შეზღუდვების შემსუბუქებამ ენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც თან დაერთო მიწოდების შემცირება. მიწოდება–მოთხოვნას შორის განსხვავებამ კი თავისთავად ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ფასების ზრდის კვალდაკვალ გარკვეული ზომები მიიღო, როგორიცაა ფასების ზედა ზღვრის დაწესება და საწვავის ან ელექტროენერგიის გადასახადის დროებით შემცირება. ასეთი ზომები ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. შემცირებული გადასახადი კი ნაწილობრივ შეიძლება იმ შემოსავლებით დაფინანსდეს, რომელსაც ეროვნული მთავრობები იღებენ ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან.
რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ სურს ევროკავშირის რეაგირება ენერგიის ფასების მატებაზე. გერმანიას და ნიდერლანდებს ბაზრის ფუნქციონირებაში ჩარევა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ბელგიას კი ეჭვი ეპარება, რომ ერთობლივი გაზის შესყიდვა ფასების შემცირებაზე გავლენას მოახდენს.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე ეფექტური გზა განახლებად ენერგიაში ინვესტიციების ზრდა და იმპორტდამოკიდებულების შემცირება იქნება.