რუსული ნაკადების შემცირების გამო ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა

რუსული ნაკადების შემცირების გამო ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი უპრეცედენტოდ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის მიზეზი რუსეთიდან გაზის ნაკადების შემცირებაა. ეს კი ზამთარში ევროპელ მომხმარებელზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის.

ქსელის ოპერატორ Gascade-ის მონაცემებით, პარასკევს რუსეთიდან გაზმომარაგება Yamal-Europe-ის მილსადენით თითქმის 77%-ით შემცირდა. გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირება ევროპელებისათვის საკმაოდ კრიტიკულ მომენტს დაემთხვა, შესაბამისად, მათ გადასახადების ზრდა ემუქრებათ.

„გაზპრომის გადაწყვეტილება, რომ ოქტომბერში ერთ-ერთი მთავარი მილსადენი სრული სიმძლავრით არ დატვირთოს, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის გაზის ბალანსისა და, შესაბამისად, ამ ზამთრის TTF ფასების შემდგომი ზრდის რისკებს განაპირობებს“, – აღნიშნავს Goldman Sachs-ი.

ნოემბრის გაზის ფასი ჰოლანდიურ TTF კვანძში პარასკევს ყველა დროის მაქსიმუმს გაუტოლდა და მეგავატ-საათში €97.73-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მიწოდების შემცირებასთან ერთად ფასზე ზეწოლას მოთხოვნის ზრდაც ახდენს. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად მოთხოვნა ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაიზარდა.

კრემლმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სრულად ასრულებდა კონტრაქტით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. „გაზპრომის“ გაზის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ 15.3%-ით გაიზარდა.

„გაზპრომი მომხმარებლებს გაზს საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისად აწვდის“, -ნათქვამია კომპანიის პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაზპრომის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კლიენტმა, გერმანულმა კომპანია Uniper-მა დაადასტურა, რომ რუსეთი მათ წინაშე დადებულ ყველა საკონტრაქტო ვალდებულებას ასრულებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *