Revolut-ის თანადამფუძნებელი ნიკ სტორონსკი მულტიმილიარდერების სიას უერთდება

Revolut-ის თანადამფუძნებელი ნიკ სტორონსკი მულტიმილიარდერების სიას უერთდება

Revolut-ი 6 წლის წინ შეიქმნა და დღევანდელი მონაცემებით კომპანია £24 მილიარდად არის შეფასებული. კომპანიის 36 წლის აღმასრულებელი დირექტორი ნიკ სტორონსკი კი მულტიმილიარდერთა სიაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც Revolut-ი ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანული ფინტექ-კომპანია გახდა. ნიკ სტორონსკის ხელმძღვანელობით Revolut-ი 35 ქვეყანაში ოპერირებს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიაში კი 2,200 თანამშრომელია დასაქმებული.

რუსული წარმოშობის ნიკოლაი სტორონსკიმ განათლება მოსკოვში მიიღო. მას მოპოვებული აქვს ფიზიკისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები. კომპანიის გაკოტრებამდე Lehman Brothers-ისა და შემდგომ Credit Suisse-ის დატოვების შემდეგ, 2015 წელს სტორონსკიმ ფინტექ-კომპანია Revolut-ი დააარსა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი კომპანიისთვის £200-მილიონიანი ზარალის მომტანი აღმოჩნდა, ხოლო ერთი წლის წინ კომპანია მხოლოდ £3.98 მილიარდად იყო შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ წარსულში პუბლიკის ნეგატიური განწყობა გამოიწვია Revolut-ის თანამშრომლების ზეგანაკვეთური არაანაზღაურებადი საათებისა და არაეთიკური სამუშაო გარემოს შესახებ დეტალების გავრცელებამ, რასაც თან სდევდა სტორონსკის გაფრთხილება ნაკლებად პროდუქტიული თანამშრომლების მოლაპარაკებების გარეშე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. რის შემდეგაც, იმიჯის აღსადგენად, სტორონსკის კომპანიის პრაქტიკების შეცვლა მოუწია.

ამას გარდა, იმის დადგენის შემდეგ, რომ სტორონსკის მამა „გაზპრომის“ ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, Revolut-ს ლიეტუვასთან, სადაც კომპანია ევროპული საბანკო ლიცენზიით სარგებლობს, ურთიერთობები დაეძაბა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო გამოძიებამ კრემლთან კავშირები ვერ დაადგინა და  კომპანიის უსაფრთხოება აღიარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *