რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში გამგზავრებას ჯეფ ბეზოსზე ადრე გეგმავს

რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში გამგზავრებას ჯეფ ბეზოსზე ადრე გეგმავს

„მილიარდერთა კოსმოსური რბოლა“ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს კიდევ უფრო აქტუალური გახდა: Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ 11 ივლისს კოსმოსურ მოგზაურობას გეგმავს და ერთ-ერთი პირველი მგზავრი სწორედ სერ რიჩარდ ბრენსონი იქნება. გასათვალისწინებელია, რომ ბრენსონის ფრენა ჯეფ ბეზოსის კოსმოსში გამგზავრებამდე 9 დღით ადრე ჩაინიშნა.

თუ დაგეგმილი ფრენა შესრულდება, რიჩარდ ბრენსონი იქნება პირველი მილიარდერი, რომელიც საკუთარი ხომალდით გაემგზავრა კოსმოსში.  მისია „Unit 22“-ის მთავარი მიზანია, სანამ Virgin Galactic-ი კოსმოსის ტურიზმში ჩაერთვება, შეაფასოს მომხმარებლის გამოცდილება, მათ შორის – როგორ განიცდება უწონობის პერიოდი და როგორია დედამიწის ხილვა კოსმოსიდან. ამასთანავე, საცდელი ფრენებით კომპანიას სურს გააუმჯობესოს სამეცნიერო კვლევები და გამგზავრებამდე უზრუნველყოს მომხმარებელი საჭირო ტრენინგებით.

ბრენსონმა Virgin Galactic-ი 2005 წელს დააარსა. კომპანიამ აქციების გაყიდვა ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე 2019 წლიდან დაიწყო. თუ ივლისში დაგეგმილი ფრენა წარმატებით ჩაივლის, კომპანია მომხმარებლის გამოცდილების შესაფასებლად დამატებით ორ საცდელ ფრენას გეგმავს. 2022 წელს კი კოსმოსში გამგზავრების მსურველებს კომერციულ სერვისს შესთავაზებს.

ბრენსონის განმარტებით, მისია „Unit 22“, ერთი მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია მთავარი მიზნისკენ – გახდეს კოსმოსი ყველასათვის ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ კი მისთვის შესაძლებლობაა, იმუშაოს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რათა საკუთარი ოცნება რეალობად აქციოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *