პანდემიის კვალდაკვალ, NETFLIX-მა უკვე შეძლო HOLLYWOOD-ის თავდაყირა დაყენება. მაგრამ ერთობ უჩვეულო მენეჯმენტის სტილის გამოყენებით, მისმა მილიარდერმა დამფუძნებელმა თავისი გიგანტი წარმატების მიღწევის იმგვარ პოზიციაში ჩააყენა, ცოტა კომპანია თუ არის ამწუთას მსოფლიოში.
კაცი, რომელიც სამყაროს გართობაზეა პასუხისმგებელი, ამას მარტო აკეთებს (ყოველ შემთხვევაში, ახლა) – კომპიუტერის ეკრანის პირისპირ მოკალათებული, თავისი ვაჟის მეჩხრად დეკორირებული ბავშვობის დროინდელი ოთახიდან. გარკვეულწილად ეს იდეალური გარემოა რიდ ჰასტინგსისთვის – Netflix-ის არაპრეტენზიული თანადამფუძნებლისა და თანააღმასრულებელი დირექტორისთვის, კომპანიისა, რომლის ინოვატორთა გლობალური არმია შინ გართობის სფეროს რევოლუციონერები არიან. თუ Hollywood-ი ხალხის ოფისებს მათი ტოტემებისა და გრანდიოზულობის მიხედვით აფასებს, ანალიტიკოსი ჰასტინგსი – სილიკონის ხეობის არასასურველი სტუმარი – გარეგნულ ზიზილ- პიპილებს ფუნქციონალურობას ამჯობინებს.
Netflix-ი ამჟამად, ნებისმიერი საზომით, მსოფლიო კლასის დონეზე ფუნქციონირებს. მაშინ როცა პანდემია თავდაყირა აყენებს გართობის კომპანიებს, – გავიხსენოთ Disney-ს გაღარიბებული თემატური პარკები, Warner Bros.-ის შეფერხებული ბლოკბასტერები, AMC-ის დახურული თეატრები, – Netflix-ს წარმატებისა და პრესტიჟის ჟამი უდგას. მასთანაა დაკავშირებული 160 – Emmy Award-ის რეკორდული – ნომინაცია, სტაჟიანად დომინანტი HBO-ს ჩაფერფვლა და Oscar-ზე უფრო მეტი წარდგინება, ვიდრე ნებისმიერი სხვა მედიაკომპანია დაიკვეხნიდა. ეს სერიოზული გავლენის ჟამია. Netflix-მა წელს, პირველ ექვს თვეში, იმდენი მომხმარებელი დაიმატა, რამდენიც მთლიანად 2019-ში, და თითქმის 200 მილიონი გამომწერი მოიხვეჭა 190 ქვეყანაში. და ეს მოგებების ჟამიცაა. გაყიდვები, წლიდან წლამდე, 25%- ითაა გაზრდილი, შემოსავალი – სულ მცირე, გაორმაგებული, ხოლო აქციათა ფასი 50%-ით არის ავარდნილი, ეს კი იმის ფონზე, რომ ბაზრის უმეტესობა ციბრუტივით ტრიალებს, გარკვეულ სტაბილურ ბალანსს რომ მიაღწიოს. ამასობაში, ბოლო მონაცემებით, Netflix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $213.3 მილიარდი შეადგინა.
ყველა ამ მონაცემის წყარო, თავის მხრივ, მონაცემებია და Hollywood-ისა და სილიკონის ხეობის არაჩვეულებრივი სინთეზი, რის შედეგადაც მომხმარებლებს მათი გემოვნების ღრმა ცოდნის საფუძველზე შექმნილი პროდუქტი მიეწოდებათ. “ძირითადი მიზანია, უკეთესები გავხდეთ იმ ისტორიებისა თუ ამბების შექმნის თვალსაზრისით, რომელთა ყურება და რომლებზე ლაპარაკიც ადამიანებს უფრო მეტად უნდათ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მეტოქისაზე“, – ეუბნება ჰასტინგსი Forbes-ს.
ამ მეტოქეებმა კომპანიებს შიგნით ბიზნესმემორანდუმები გამოაცხვეს და მილიარდების ხარჯვას შეუდგნენ Netflix-თან დასაპირისპირებლად, იქნება ეს Disney-ს სწრაფად მზარდი Disney+-ის მეშვეობით, WarnerMedia-ს არასტაბულური HBO Max-ისა თუ NBCUniversal-ის ციცნხალი Peacock-ით. „ხალხს ავიწყდება, – ამბობს ჰასტინგსი მხრების აჩეჩით, – რომ ინტენსიური კონკურენცია მუდამ არსებობს. იმას ვგულისხმობ, რომ, მაგალითად, Amazon-მა სტრიმინგი 2007-ში დაიწყო – იმავე დროს, როცა ჩვენ. ამდენად, Amazon-თან 13 წელია, კონკურენციაში ვართ“.
სავსებით სამართლიანი განაცხადია. მაგრამ Amazon- ისთვის სტრიმინგი, დიდი ალბათობით, სტრატეგიული პროდუქტია – საბაზროზე დაბალ ფასად შეთავაზებული, რათა Prime-ის წევრობის სტიმულირება მოახდინოს. ჯეფ ბეზოსისთვის გართობის სფერო მუდამ მთავარის თანამდევი აქტივობა იქნება. Hollywood-ის ისტებლიშმენტს, ამასობაში, თავისუფლად შეუძლია, თავისი კონტენტის ბიბლიოთეკები და ნოუ- ჰაუ გამოიყენოს, მაგრამ ის, რაც Netflix-ს გამოარჩევს, ფაქტობრივად მიუღწეველია ეგოსა და იმიჯზე აგებული კომპანიებისთვის. ეს არის ვულკანური მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის კულტურა, მუდმივ, სწრაფ განახლებებთან შეწყვილებული.
ამ ყველაფერმა კრიტიკულ მომენტს გართობის სფეროსთვის ყველაზე ძირგამომთხრელ პერიოდში მიაღწია (ყოველ შემთხვევაში, ასეთი პერიოდი ბოლო თაობაში ინდუსტრიას არ ახსოვს). რაღაც თვალსაზრისით, $5 მილიარდის მფლობელი ჰასტინგსი, რომელიც 132-ე ადგილს იკავებს Forbes 400-ში, ბოლო ორი ათწლეულია, ამ პერიოდისთვის ემზადებოდა. ის, რასაც ეს 59 წლის მილიარდერი აკეთებს ახლა და როგორც ახდენს ამ კულტურის – ერთობ უჩვეულოსი, ტექნოლოგიური სტანდარტებითაც კი – ბერკეტად გამოყენებას, განსაზღვრავს იმას, რასაც მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე უყურებთ, რაზეც გაიცინებთ და იტირებთ.
თუ ჰასტინგსი არაბუნებრივად კომფორტულად გრძნობს კატასტროფულ 2020-ში თავს, ეს ალბათ იმიტომ, რომ მისი კომპანიის კულტურა სწორედ კრიზისის დროს გამოიწრთო. 2001-ში ეს ახალბედა ბიზნესი, Netflix-ი, დაფინანსების ამოწურვის მომსწრე შეიქნა პირველი დოტ-კომ ბუშტის გასკდომის შედეგად. მერე 11 სექტემბერი იყო. და როცა ამ საშინელი წელიწადის ბოლო მოახლოვდა, ჰასტინგსს თანამშრომელთა ერთი მესამედის განთავისუფლება მოუხდა.
ამისათვის, ისა და პატი მაკქორდი – Netflix-ის ტალანტების დირექტორი – ბეჯითად ცდილობდნენ ყველაზე ეფექტიანი კადრების – მათ მიერ “მოსაფრთხილებლებად“ წოდებულების – იდენტიფიცირებას. როცა “სისხლის გაღების“ მტკივნეული დღე მოახლოვდა, ჰასტინგსი ნერვიულობამ აიტანა, ღელავდა, ვაითუ მათი სულისკვეთება დაცემულიყო, ვინც გაზრდილი სამუშაოს წნეხებთან გასამკლავებლად დარჩენილიყო კომპანიაში.
საპირისპირო რამ მოხდა. ერთობ კომპეტენტური თანამშრომლების ამარა, ოფისი გამომოცხლდა, „ენერგიით, ენთუზიაზმითა და იდეებით“ გაივსო. კადრების გაშვების მტკივნეულ პროცესს ჰასტინგსი მოიხსენიებს, როგორც თავის „გზას დამასკოს გამოცდილებისაკენ“ – როგორც თვალის ამხელ მომენტს, რომელმაც შეცვალა მისი წარმოდგენა თანამშრომელთა მოტივაციისა და ლიდერობის შესახებ. სწორედ ამ ნაბიჯმა დაუდო საფუძველი იმას, რასაც “Netflix- ის სტილი“ შეგვიძლია, ვუწოდოთ და რაც “HP-ის სტილის” მემკვიდრედ შეგვიძლია, მიგვიჩნიოთ ვებ- ეპოქაში – ბილ ჰიულეტისა და დევიდ პაკარდის პიონერული მენეჯმენტ- -მიდგომისა, რომელმაც სილიკონის ხეობაში ერთ- ერთი პირველი „გარაჟიდან დიდებამდე“ – ტიპის წარმატების ისტორია დაწერა.
“Netflix-ის სტილი“ ელიტური ტალანტის არმიის შექმნით იწყება. ჰასტინგსის ახალ წიგნში, “წესები წესების გარეშე” (No Rules Rules), ის თავისი კომპანიის კულტურას ჩემპიონატის პროფესიონალური სპორტული გუნდისას ადარებს – რაღაც ისეთს, რაშიც ერთი ადამიანი მეორისთვის მუშაობს, მაგრამ ცრემლებს არ ღვრის, როცა გუნდის წევრის დათხოვნა ხდება განახლების სასიკეთოდ. თასების განუწყვეტელი მოპოვება წამყვანი კადრების განუწყვეტელ დაქირავებას ითხოვს.
მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ როგორ ოპერირებს, რეალურად, Netflix-ი? პირველ რიგში, ის მსუყედ უხდის სათანადო ტალანტს. ეს პრაქტიკა 2003-იდან იღებს სათავეს, როცა Netflix-მა Google-თან, Apple-თან და, მალევე, Facebook-თან დაიწყო მეტოქეობა „როკვარსკვლობისთვის“ – კომპანიებთან, რომელთა კოდირების, ხარვეზების აღმოფხვრისა და პროგრამირების უაღრესად დახვეწილი უნარები დრამატულად აღემატობდა მათი საშუალო “კოლეგებისას“. ეს გულუხვი გასამრჯელო Netflix-მა Hollywood-ში მომუშავე შემოქმედებით აღმასრულებლებზე განავრცო, დაწყებული კონტაქტებით აღჭურვილი ფიგურებით (მეტ თანელით, მაგალითად, რომლის კავშირებმა ტალანტის კომუნასთან ჰასტინგსს საშუალება მისცა, Hollywood-ში, ლანჩისას, სამეცნიერო ფანტასტიკის სერიების, “უცნაური ამბების“ (Stranger Things), პირველი სამუშაო ვერსია წაეკითხა), დამთავრებული გამჭრიახი ხალხით (იგულისხმებიან შონდა რაიმსი, ჯოელ და ითან კოენები, მარტინ სკორსეზე). ამ მსხვილმა ჩეკებმა, ერთი ხელის მოსმით, სტრიმინგი ერთ ადგილას გაყინული წამოწყებიდან საავტორო ფილმების რეჟისორთა სამოთხედ აქცია და ისეთი ძველი ჰიტები დაბადა, როგორიც გახლავთ „ბანქოს სახლი“ (House of Cards) და “ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური“ (Orange Is the New Black). ურიცხვმა მაყურებელმაც არ დააყოვნა.
“თავიდან შევძელით და მეამბოხე ხალხი მოვიზიდეთ, ხალხი, რომელთაც სტუდიების სიტუაცია სულს უხუთავდათ ან ჯერ არ იყვნენ სისტემის ისეთ შრეებში შესულები, განადგურებულები რომ ყოფილიყვნენ, – ამბობს მაკქორდი. – უბრალოდ დიდ ჩეკებს ვწერდით. ვიცი, რომ პირადი ასისტენტი არ გეყოლებათ, არ გექნებათ ავტოსადგომზე საგანგებო ადგილი. ჰოდა, ოხრად ფული რომ მოგცეთ, რას იტყვით? – ასეთი იყო ჩვენი მიდგომა“.
ფულის ეს გროვები სუფთად რიგდება. კომპანიის ანაზღაურებას მთლიანად ხელფასის სახე აქვს, ხოლო კომპენსაცია სააქციო ოპციონების სახით ისეთი მაღალია ან ისეთი დაბალი, როგორსაც თავად ისურვებთ. Netflix-ს არ სწამს ბონუსების; ჰასტინგსის აზრით, ბონუსები არასწორ რამეებს აგულიანებს. „ეს უკავშირდება მცდელობას, ვიღაც ისეთი გყავდეს ანგარიშვალდებულად, ვისაც შეცდომაში შეჰყავხარ, – ამბობს ის და ამატებს: კი, ჩვენ ვახდენთ ადამიანების შეფასებას, მაგრამ მიზნების მიკრომენეჯმენტით არ ვართ დაკავებულები“.
თუმცა აქედან ერთი რამ გამომდინარეობს: ამ ვარსკვლავებმა, რომელთაც ვარსკვლავურ ფულს უხდიან, ვარსკვლავურადვე უნდა განაგრძონ მუშაობა. კომპანიის ვერც ერთი ნაწილი ვერ იტანს მიღწეულით დაკმაყოფილებას. „ადეკვატური შრომა გულუხვ ანაზღაურებას იღებს სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში“, – დაწერეს ჰასტინგსმა და მაკქორდმა SlideShare-ის 129-გვერდიან პრეზენტაციაში, Netflix-ის კულტურას რომ ეხებოდა. რომელიც აქტიურად იქნა გაზიარებული ათი წლის წინ და რომელიც დღემდეა განთავსებული კომპანიის ვებგვერდზე.
“ამას ჩვენ ოლიმპიური გუნდიდან გაძევებას ვადარებთ. და კი, ეს უაღრესად გულდასაწყვეტია. მთელი ცხოვრება ამისთვის ვარჯიშობდი, მერე კი გიშვებენ, გული გეტკინება, ცხადია, – ამბობს ჰასტინგსი, – მაგრამ ამაში სასირცხვილო არაფერია. ე.ი. გეყო გამბედაობა და სცადე“.
სპორტული მეტაფორა რომ განვავრცოთ, ამ ელიტური მოთამაშეების გუნდი, ერთიმეორის განსაკუთრებულ უნარებს რომ ენდობიან, შემდეგ განაგრძობენ კოლექტიურ კომუნიკაციას, რათა თამაში გააუმჯობესონ. ეს, ერთგვარად, რეი დალიოს ბრუტალური გამჭვირვალობის ერთობ რეკლამირებულ “პრინციპებს“ ჰგავს Bridgewater Associates-ში – მსოფლიოს უმსხვილეს ჰეჯ-ფონდში. მაგრამ ეს ყველასათვის როდია. ერთი ყოფილი აღმასრულებელი სამუშაო გარემოს “შიშის კულტურად“ ახასიათებს, სადაც “ყოველ წუთას, ყველა ერთმანეთს აკნინებს… იმიტომ რომ ამისთვის ჯილდოვდები“. ყოველწლიური განხილვის პროცესი, სახელად “360“, სადილებზე აღწევს კულმინაციას, რა დროსაც მცირე ჯგუფები იკრიბებიან, რათა კონსტრუქციული უკუკავშირი გაიღონ.
“თითოეული იძლევა უკუკავშირს ამა თუ იმ ადამიანზე – ცოცხალ რეჟიმში, ყველას თანდასწრებით, – ამბობს ზემოაღნიშნული ყოფილი აღმასრულებელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა. – დადიხარ მაგიდის გარშემო. ეს საათების მანძილზე გრძელდება. ხალხი ტირის. მერე კი უნდა თქვა, რომ მადლობელი ხარ, რადგან ვითომ ეს ყველაფერი უკეთეს ადამიანად გაქცევს“.
ჰასტინგსისთვის ეს “360“-ები აუცილებელი კომპონენტია “Netflix-ის სტილის“ კიდევ ერთი ელემენტის გამო. ავტონომიის დიდი ოდენობა იგულისხმება. როგორც მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონატებს იმით იგებს, რომ წააქეზებს ვარსკვლავებს, თამაშის გეგმა განახორციელონ, ნაცვლად ყოველი თამაშის კონტროლისა. ჰასტინგსიც აგულიანებს თავისუფლებას, იმოქმედო კომპანიის საუკეთესო ინტერესებში.
და კვლავაც – ეს, შესაძლოა, დამაბნეველი ან ნერვების მომშლელი იყოს. ტენდ სარანდოსი, ჰასტინგსის მსგავსად თანააღმასრულებელი დირექტორი, ჰასტინგსთან ერთად გატარებულ ყავის შესვენებაზე ლაპარაკობს, სტრიმინგამდელ დღეებში რომ ჰქონდა ადგილი, თავად რომ კონტენტის დირექტორი იყო და უნდა გადაეწყვიტა, უცხოპლანეტელებზე ახალი ფილმის 60 ასლი შეეკვეთა თუ 600. სარანდოსმა სასხვათაშორისოდ ჰკითხა ჰასტინგს, რამდენი შევუკვეთოო, ამ უკანასკნელმა კი უპასუხა, არა მგონია, ეს პოპულარული გამოდგეს. რამდენიმეც ეყოფაო.
სულ რაღაც ერთ თვეში აღნიშნულ ფილმზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, Netflix-ს კი ის აღარ ჰქონდა. ჰასტინსგმა სარანდოსს ჰკითხა, მეტი DVD რატომ არ შეუკვეთეო. “იმიტომ რომ, შენ მითხარი ასე!“ – გააპროტესტა სარანდოსმა, ჰასტინგსმა კი სიტყვა უმალ გააწყვეტინა: „შენ არ გაქვს უფლება, ნება მომცე, კლდიდან გადავიჩეხოთ“.
“და ჩემთვის ეს პირდაპირი გაკვეთილი იყო – ამბობს ახლა სარანდოსი. გადაწყვეტილების მიღების მთელ ამ ძალაუფლებას პასუხისმგებლობა ახლავს. … რიდი ამას გამუდმებით აჩვენებს და გაძლევს საშუალებას, გამარჯვებაზეც აიღო პასუხისმგებლობა და მარცხზეც“.
“როგორც წესი, კომპანიები ეფექტიანობისა და შეცდომის მინიმუმამდე დაყვანის გარშემო ორგანიზდებიან, მაგრამ ამას სიხისტემდე მივყავართ, – ამბობს ჰასტინგსი. – ჩვენ შემოქმედებითი კომპანია ვართ. უმჯობესია, მოქნილობის გარშემო ვორგანიზდეთ და ქაოსიც ავიტანოთ“.
ჰასტინგსის წარსული გამოცდილება იმგვარია, რომ საშუალებას აძლევს, არ დააფრთხოს წარუმატებლობებმა. მისი დიდი ბაბუა დედის მხრიდან, ალფრედ ლი ლუმისი, Wall Street-ის ბობოლა იყო, რომელმაც საფონდო ბირჟის 1929 წლის მოახლოებული კოლაფსი იწინასწარმეტყველა, მერე კი ყურადღება მეცნიერებაზე გადაიტანა და ისეთი მეგავარსკვლავების დაფინანსებას შეუდგა, როგორებიც ალბერტ აინშტაინი, ენრიკო ფერმი და ერნესტ ლოურენსი იყვნენ. ჰასტინსგი ბოსტონის მდიდრულ გარეუბანში გაიზარდა (მისმა მშობლებმა მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, როცა მამა Harvard-ში სწავლობდა, დედა კი Wellesley-ში) და კერძო სკოლებში და შემდეგ Bowdoin College-ში ისწავლა. მოგვიანებით Stanford-ში კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მიიღო და ორი წელი ესვატინიში, Peace Corps-ში გაატარა, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიდა.
1991-ში ჰასტინგსმა თავისი პირველი კომპანია, Pure Software-ი დააფუძნა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შესაფასებელ პროგრამებში სპეციალიზდებოდა. მაშინ ის „ასოციალურობის განსახიერებად“ ითვლებოდა – მშრომელ ენთუზიასტად, რომელიც პროგრამირების დამღლელი ეპიზოდების შემდეგ ოფისის იატაკზე იძინებდა. „დილით მოვიდოდი და ვეტყოდი, იატაკზე დაძინებას თუ აპირებ, დილით კბილები მაინც გაიხეხე და წვერიდან საბნის ბუნძღლები მოიცილე- მეთქი“, – იხსენებს მაკქორდი, რომელიც Pure-შიც მასთან ერთად იყო, ვიდრე Netflix-ის კულტურის ფორმალიზებაში დაეხმარებოდა.
მაკქორდის თვალწინ ანტრეპრენიორი ლიდერად ყალიბდებოდა. იხსენებს, როგორ შეხვდა ჰასტინგსს ერთ გვიან საღამოს ოფისში, ეს უკანასკნელი კი, ნაცვლად იმისა, მომდევნო დღეს დაგეგმილი კომპანიის შეხვედრისათვის ჩანაწერები მოემზადებინა, კომპიუტერის მკრთალ განათებაში მოქცეული, პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობდა. „სერიოზულად, რიდ… თუ გინდა, რომ მაგალითი იყო მათთვის…“ – იგონებს მაქკროდი ჰასტინგსისთვის ნათქვამ სიტყვებს. – „და კარი გამოვიჯახუნე. მეორე დღეს სიტყვით გამოვიდა. … ფეხზე წამომდგრები უკრავდნენ ტაშს. მგონი, არც იცოდა, რომ ეს შეეძლო. მიხვდა, რომ მისი საქმე მათი შთაგონება იყო და არა ამ რუტინული სამუშაოს კეთება“.
Pure Software-ი საჯარო ბაზარზე 1995-ში გავიდა, 1996-ში ნაკლებად ცნობილ მასაჩუსეტსურ კომპანია Atria Software- თან გაერთიანდა და, საბოლოო ჯამში, PitchBook-ის მიერ $700 მილიონად შეფასებული Rational Software-ის მიერ გადაისანსლა. ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო, მაგრამ წარმატება, რომელიც მტკივნეულად დააწვა მის ქორწინებას. ფსიქოკუნსულტირება კონფლიქტების ამრიდებელ ჰასტინგს გულის გადაშლაში დაეხმარა… და, რაღაც მომენტში, მან ღიაობის ფასი Netflix-ის კულტურის ფუნდამენტადაც აქცია. „ხალხი სიმართლეს გაურბის, არადა სიმართლე არც ისე ცუდია“, – ამბობს ის.
სილიკონის ხეობის სტანდარტებით, Pure Software-მა წარმატებით ამოიღო საკუთარ თავში დაბანდებული ფული. მაგრამ ჰასტინგსი გულის გამაწვრილებელი უკმაყოფილებით დატოვა. პირველ დღეებში ამ კომპანიამ ინოვაცია განიცადა. როცა მომწიფდა, როგორც ლამის ყველა კომპანიამ, შეცდომებისგან დამცავი სტრატეგიები შეიმუშავა, ნაცვლად იმისა, ჭკვიანურ რისკებზე წასულიყო. საბოლოოდ კი Pure-ი, ჰასტინგსის თქმით, იმ ხალხის პოპულარიზებას ახდენდა, „ვისაც დადგენილ ჩარჩოებში მოქმედება კარგად გამოსდიოდა“, ხოლო შემოქმედებითი მავერიკები ფრუსტრაციას განიცდიდნენ და სხვაგან მიდიოდნენ სამუშაოდ.
ასეთი იყო ჰასტინგსის განწყობა, როცა, პოპულარული ლეგენდის თანახმად, ეპიფანიის მომენტი ეწვია მას მერე, რაც Blockbuster-ში ნაქირავები „აპოლო 13-ის“ დაგვიანებით დაბრუნების გამო $40-ის გადახდა მოუხდა. „რომ არ არსებობდეს საერთოდ მსგავსი ჯარიმები?“ – ჩაფიქრდა ის და, ესეც ასე! Netflix-ის სრულად ჩამოყალიბებული იდეაც გაჩნდა!
“კარგი ისტორიაა, – ამბობს Netflix-ის თანადამფუძნებელი მარკ რენდოლფი, რომელიც ჰასტინგსთან ერთად Pure-შიც მუშაობდა. – და არაერთი თვალსაზრისით, Netflix-ის არსიც სწორედ კარგი ისტორიების გაყიდვაა“.
Netflix-ის დაბადების ისტორია უფრო ჩახლართულია, ვიდრე ეს მოხდენილი ნარატივი. კომპანიას უთვალავი ბრეინსტორმინგის ჩატარება მოუხდა, ჰასტინგსსა და რენდოლფს კი რუტინული მგზავრობა სანტა- კრუზის მთებიდან სანივეილში (კალიფორნია) – Pure-ის სათავო ოფისში.
ასე იყო თუ ისე, Netflix-ი 1997-ში ჩაეშვა და სახელი მაშინ ფოსტით დაგზავნილი წითელი კონვერტებით გაითქვა – რაღაც ისეთით, რაც Blockbuster-ის ტრადიციული გაქირავების მოდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. რენდოლფის თქმით, სტარტაპი ფულს, თავიდან, მეტწილად, DVD-ების გაყიდვით აკეთებდა. ამან ახალგაზრდა Netflix-ი, რაღაც მომენტში, Amazon-ის ბეზოსთან კონფლიქტურ გზაზე დააყენა.
ამ გზის არჩევის მაგივრად, Netflix-მა 1999 წელს გამოწერების მოდელი ჩაუშვა (და დიდი ყურადღებაც მიიპყრო): მომხმარებლებს ერთ ჯერზე სამამდე ფილმის ქირაობა შეეძლოთ და არც მათი დაბრუნების კონკრეტულ თარიღსა თუ დაგვიანებისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე უნდა ედარდათ. კიდევ უფრო კარგი ხაფანგიც მოიგონეს, თუმცა რაღაც ისეთი, რაც პოტენციურად დიდ ფინანსურ ზარალს გულისხმობდა: ჰასტინგსი მომხმარებლებს ერთთვიანი უფასო სერვისით აცდუნებდა. რენდოლფი იხსენებს, როგორ გაფრინდნენ ის და ჰასტინგსი დალასში, რათა Blockbuster-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ანტიოკო დაერწმუნებინათ, რომ Netflix-ი $50 მილიონად ეყიდა. შინ გართობის $6-მილიარდიანი გიგანტის ხელმძღვანელმა წინადადებაზე ახსნა- განმარტებების გარეშე თქვა უარი.
“ისეთი რა უნდა შეგვეთავაზებინა, რასაც ჩვენზე ეფექტურად ვერ გააკეთებდნენ?“ – შენიშნავს ჰასტინგსი.
2001 წლის გადატვირთვის შემდეგ, Netflix-ის ბიზნესმა მარტომ დაიწყო ზრდა და 2002-ში, პირველადი სააქციო შეთავაზების მეშვეობით, $82.5 მილიონიც მოიზიდა. Netflix-ის ყოვლისმომცველი ბიბლიოთეკიდან გამომწერებმა DVD- ების არჩევა აქტიურად დაიწყეს და, საბოლოო ჯამში, კომპანია ძალიან კარგ ბიზნესად ჩამოყალიბდა.
შემდეგ, 2007-ში, ფართოხაზოვანმა ტრანსმისიამ (იმავე ბროუდბენდმა) სტრიმინგის შესაძლებლობა გააჩინა. ჰასტინგსს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ არავინ უზამდა Netflix-ს იმას, რაც თავად უქნა Blockbuster-ს, ჰოდა, დაიწყო ფულისა და ინჟინრული რესურსების ჩაღვრა იმაში, რაც, ფაქტობრივად, უფასო სერვისს წარმოადგენდა DVD-ის არსებული გამომწერებისთვის. ეს საბედისწერო მომენტი იყო. Netflix-ის ძველმოდური ბიზნესი ლამის უსასრულო არჩევანის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა ინვენტარის ხელმისაწვდომობისა და ადგილზე მიტანის შეყოვნებათა ფარგლებში. სტრიმინგი მყისიერ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა, მაგრამ Netflix-ს, Hollywood-ის სატელევიზიო კონტრაქტების გამო, არ შეეძლო კონტენტის სრულად მოცვა. თავიდან ჰასტინგსს ხალხის გემოვნების წვდომა და მათთვის შთამბეჭდავი რამეების შეთავაზება მოუხდა.
“როცა ვიღაცა ტელევიზორის წინაა მოკალათებული Netflix-ის საყურებლად, ჭეშმარიტების მომენტი დგება… რამდენიმე წუთი, შესაძლოა, სულაც 30 წამი, [რა დროსაც] მათი ყურადღება რაღაც საინტერესოთი უნდა დავატყვევოთ“, – ამბობს პროდუქტის დირექტორი ნილ ჰანტი, რომელმაც ამ თავსატეხის ამოსახსნელად თავისი 2,000-წევრიანი გუნდი გამოიყენა (უმეტესი მათგანი, კომპანიის კულტურის შესაბამისად, დამოუკიდებლად მუშაობს).
ამასთანავე, Netflix-ს უნდა მოეძებნა გზა, რითაც ე.წ. მყისიერი მოთხოვნის სერვისში მომხმარებელს ფულს გამოართმევდა… განსაკუთრებით მას მერე, რაც მან ისეთივე აქტიური ხარჯვა დაიწყო სტრიმინგ- კონტენტის ლიცენზირებისთვის, როგორსაც DVD-ების შესაძენად ეწეოდა.
სტრიმინგის მომავალზე კაპიტალიზაციისთვის რბოლამ საფუძველი დაუდო იმას, რასაც ჰასტინგსი კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებს. იგულისხმება კომპანიის 2011-ის გადაწყვეტილება, DVD-ების ასაკშეპარული ბიზნესი დამოუკიდებელი სერვისის, Qwikster-ის სახით, გამოეცალკევებინათ. კრიტიკოსებმა მასხრად აიგდეს ეს იდეა, თავად ჰასტინგსი კი კომედიის საკვებად იქცა Saturday Night Live-ისთვის, რომელმაც პაროდია გააკეთა მის YouTube-ის ვიდეოზე, სადაც ის ბოდიშს იხდის ამ არასწორი ნაბიჯისთვის. ეს ფიასკო Netflix-ს მილიონობით გამომწერად დაუჯდა, მისი აქციების ფასი კი, სულ ცოტა, 75%-ით დავარდა.
ჰასტინგსს თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი, როცა თვეების შემდეგ, შაბათ- კვირას გამართულ მენეჯმენტის არაფორმალურ შეხვედრაზე, ბოდიშს იხდიდა კომპანიის დაზარალებისთვის. როგორც ირკვევა, ათობით მენეჯერი სკეპტიკურად იყო განწყობილი Qwikster-ის მიმართ, თუმცა თავიანთი ეჭვები თავისთვის შეინახეს. სწორედ ამან უბიძგა ჰასტინგსს, დაენერგა ისეთი პრაქტიკა, სადაც თანამშრომლები ნებისმიერი ახალი ინიციატივის ჩაშვებამდე თავიანთ კრიტიკულ აზრს თამამად გამოთქვამდნენ.
ამ არასწორ ნაბიჯამდეც კი სტუდიათა ზოგიერთი აღმასრულებელი აბუჩად იგდებდა Netflix-ის კონკურენტული საფრთხის პოტენციალს. “ცოტა იმას ჰგავს, რომ აი, აბა, ეს ალბანური ჯარი ხომ არ დაეპატრონება მსოფლიოს, – ნათქვამი აქვს Time Warner-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბიუკესს 2010 წლის ინტერვიუში. – რაღაც არა მგონია“.
„მთელი ამ კრიტიკული წლების განმავლობაში, 2010-დან 2015-ის ჩათვლით, [ბიუკესს] ინტერნეტი სისულელე ეგონა და ფასები – ბრიყვული, – ამბობს ჰასტინგსი და აღნიშნავს, რომ კვლავაც აქვს ალბანური ჯარის საიდენტიფიკაციო მედლები, მოტივაციის ასამაღლებლად რომ ეკიდა კისერზე. – ამ დამოკიდებულების გამო მანამდე უკეთებდა იგნორირებას ინტერნეტს… სანამ ძალიან გვიანი არ აღმოჩნდა“.
იმ დროისთვის, როცა Hollywood-მა დაბრძენება დაიწყო, Netflix-ი თავისი ორიგინალი სერიების დაფინანსებას შეუდგა… დაწყებული სარანდოსის $100-მილიონიანი ფსონით რეჟისორ დევიდ ფინჩერის პოლიტიკურ ტრილერ „ბანქოს სახლზე“ 2011-ში… „ზოგი თვლიდა, რომ ამ პროდუქტისთვის გაუმართლებლად ბევრი ფული იხარჯებოდა, მაგრამ Netflix- მა ძალიან კარგად იცოდა მისი ფასი და ისიც, თუ საით მიდიოდნენ“, – ამბობს Tinder-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ლანზონი – ინტერნეტის სტაჟიანი ანტრეპრენიორი, რომელიც იმხანად CBS-ის ციფრული დირექტორი იყო.
“კურსის ცვლილება ინვესტიციასა და რისკს გულისხმობს, რამაც, შესაძლოა, მიმდინარე წლის მოგების მარჟა შეამციროს, – წერს ჰასტინგსი “წესები წესების გარეშე“ – ში.- აქციათა ფასიც შეიძლება, მიჰყვეს ამას. რას გააკეთებდა აღმასრულებელი?“ Hollywood-ის აღმასრულებლებისგან განსხვავებით, რომელთა ბონუსები ოპერაციულ მოგებათა უზრუნველყოფაზეა მიბმული, ჰასტინგს სურს, დარწმუნდეს, რომ მის აღმასრულებლებს არ შეაშინებთ რისკზე წასვლის შედეგად მიღებული ფინანსური დარტყმები.
კოვიდ- 19-ის პანდემიამ Netflix-ში ინოვაციური კულტურა გააჩინა. თუ ამ გაზაფხულს კინო-და სატელევიზიო წარმოება ნიუ-იორკსა და Hollywood-ში გაიყინა, Netflix-ის გლობალურ კონტენტ- მანქანას ახალი სუნთქვა გაეხსნა. როგორც არაერთ კომპანიაში საოფისე შეხვედრები მისაღები და საძინებელი ოთახებიდან ან, სულაც, სამზარეულოდან იმართებოდა, Netflix-შიც აქტიურად იკრიბებოდნენ მწერლებისა თუ ანიმატორების ვირტუალურ ოთახებში. დისტანციური ავტონომიური მუშაობა ნამდვილად არ წარმოადგენდა Netflix- ის გუნდისთვის ისეთ სიახლეს, რომლის სწავლაც სჭირდებოდათ. და რადგანაც ჰასტინგსს ბოლო ათწლეულის დიდი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებაში აქვს გატარებული, კონტენტის წარმოება შედარებით სწრაფად მოხერხდა ისლანდიასა და სამხრეთ კორეაში, რომელთაც აგრესიული პოლიტიკა აქვთ ვირუსის ტესტირებისა და მისთვის თვალის მიდევნების მიმართულებით.
ამასობაში, მანამ მეტოქეებმა დაკარგეს მთავარი შოუების გაშვების შანსი, – მაგალითად, Friends-ის ხელახალი საგანგებო შეკრებისა HBO Max-ზე და ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისა NBCUniversal-ის Peacock-ზე, – Netflix-მა მშვიდად განაგრძო მოღვაწეობა კულტურული სულისკვეთებით გაჯერებული ისეთი შოუებით, როგორიცაა, ვთქვათ, ყოვლად არაინტელექტუალური და ჩამთრევი „მეფე ვეფხვი: მკვლელობა, აურზაური და სიგიჟე“ (Tiger King: Murder, Mayhem and Madness) – თამაშ Floor Is Lava-ზე დაფუძნებული სულელური რეალიტი- შოუ, ან კი ადრენალინით სავსე სათავგადასავლო ტრილერი „დახსნა” (Extraction), რომელშიც კრის ჰემსუერტი თამაშობს.
დიახ, ამ შოუებს გაუმართლათ. მაგრამ Netflix-ს აქვს იმგვარი მოცულობა და მონაცემები, გამართლებას რომ შეუწყოს ხელი. „ერთი რამ, რაც, როგორც წესი, არ ესმით, ისაა, რომ ჩვენ ინდუსტრიასთან შედარებით გაცილებით არაკონვენციურად ვმუშაობთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენს შოუს, ყველა ჩვენს ეპიზოდს ერთდროულად ვუშვებთ, – უთხრა სარანდოსმა ინვესტორებს აპრილში. – და ჩვენ მთელ მსოფლიოში ვმუშაობთ“.
მსოფლიო მიმღები გამოდგა. ახლა, როცა კინოთეატრები დაკოჭლებულები არიან, სპორტმა მხოლოდ ბოლო დროს თუ გამოიღვიძა და ტრადიციული და საკაბელო ტელევიზიები მაყურებელს გაცხელებული ნარჩენი საკვების ეკვივალენტს სთავაზობენ, Netflix-მა აშშ- სა და კანადაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 1 მილიონი ახალი ყოველთვიური გამომწერი შეიძინა, გლობალურად კი 2 მილიონი. კორონავირუსი, რომელმაც არაერთი წამოწყება ააჩქარა, გარდაუვლად დარჩება იმ მომენტის სიმბოლოდ, როცა სტრიმინგი მოძრავი გართობის დომინანტ პლატფორმად იქცა.
თუ Netflix-ი თავის სივრცეში ბატონობს (Parks Associates-ის თანახმად, ის ბროუდბენდთან წვდომის მქონე ამერიკული ოჯახების 56%-ში აღწევს), Disney, კონკრეტულად, საკუთარ სასურველობას ადასტურებს: მას 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს თავისი სამი სერვისის – Disney+-ის, ESPN+-ისა და Hulu-ს – მასშტაბით. Disney-ს შეფმა, ბობ აიგერმა ყველა ფსონი მომხმარებელთან პირდაპირ ურთიერთობაზე დადო და თავი მოუყარა თავის მძლავრ გართობის ბრენდებს, – Disney-ს, Pixar Animation-ს, Marvel Entertainment-სა და Star Wars-ს, – რათა Disney+-ისთვის გამომწერები მოეზიდა. სხვა სიტყვებით, ის ისეთივე თამამ ფსონებს ჩამოდის, როგორსაც Netflix-ი, მათგან ყველაზე აღსანიშნავი კი $75-მილიონიანი ინვესტიციაა Broadway-ს ჰიტ მიუზიკლ “ჰამილტონის“ კინოვერსიაში.
ჰასტინგსი აღიარებს Disney-ს ექსტრაორდინარულ გამარჯვებას, პირველ ხუთ თვეში 50 მილიონი გამომწერის მოხვეჭას რომ უკავშირდება – საეტაპო მონენტს, რის მისაღწევადაც Netflix-ს შვიდი წელი დასჭირდა. თუმცა, ამასობაში, ის თავის მომდევნო მნიშვნელოვანი საეტაპო ხაზის გადაბიჯებაზეა ფოკუსირებული. 200 მილიონ და მეტ გამომწერს ვგულისხმობთ. ეს უფრო მეტ ინვესტიციას ნიშნავს ადგილობრივ კონტენტში მსოფლიო მასშტაბით… მათ შორის, $400 მილიონს წლის ბოლოსათვის ინდოეთში. და ეს ნიშნავს ტალანტის იმგვარ შეფასებასაც, რომ შეძლოს და განაგრძოს მათი შეგულიანება გადაწყვეტილებათა მიღების მიმართულებით.
“დარწმუნებული ვარ, [ჩვენი კულტურა] დაგვეხმარება, ჩვენს წევრებს ახლა საუკეთესო სამსახური გაუწიოს და გვაპოვნინოს გზები, უკეთ ვემსახუროთ მათ, ვიდრე ამას HBO ან, სულაც, Disney აკეთებს, – ამბობს ჰასტინგსი. – იმიტომ რომ ახლა უამრავი შიდა პროცესი აქვთ სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, რაც მათ ანელებთ“.