ფინკა ბანკმა საქართველოში პირველი სესხი ზუსტად 22 წლის წინ, 1998 წლის ივლისში გასცა. დღეს კი უკვე ბანკის სტატუსით, 100 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. მათი რიცხვი “ფინკასთან“ ერთად წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ეს რისკების სწორად მართვის შედეგია. „ფინკა ბანკის“ რისკების მართვის დირექტორი თინათინ იამანიძეა, რომელიც უკვე წლებია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევრაზიის რეგიონში “ფინკას“ ფილიალებს რისკების გაანალიზებასა და რისკების მართვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში ეხმარება. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქალბატონო თინათინ, თქვენ საბანკო სექტორში 22-წლიანი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობები გააჩინა პანდემიამ სექტორისთვის, მათ შორის “ფინკა ბანკისთვისაც“?
პანდემიამ სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და, ბუნებრივია, ჩვენც. პანდემიის დაფიქსირებისთანავე ჩვენ პროაქტიურად გავაანალიზეთ სიტუაცია და სხვადასხვა სცენარის დაგეგმვა დავიწყეთ, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სიტუაცია და ბიზნესმოდელში რა ცვლილებების შეტანა დაგვჭირდებოდა. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბიზნესის უწყვეტობა, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველა საჭირო სერვისის უწყვეტად მიწოდებას. ამ სცენარების მიხედვით შევიმუშავეთ კრიზისის მართვის გეგმა და ჩვენი თანამშრომლები მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადავიყვანეთ.
საქართველოში ერთ- ერთი პირველი ბანკი ვიყავით, რომელმაც შეძლო, 1 კვირაზე ნაკლებ ვადაში 100%-ით დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო. ასევე აღვჭურვეთ ფილიალები უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით და დავაწესეთ მორიგეობები, რათა ვირუსის გადადების რისკი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. დიდი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მომხმარებლები მაქსიმალურად ონლაინპროდუქტების მოხმარებაზე გადაგვეყვანა. შესაბამისად, შიდა პროცესები გადავაწყვეთ ისე, რომ მომხმარებლების მომსახურება არ შეფერხებულიყო. თუმცა ახალმა რეალობამ ასევე სხვა თვალით დაგვანახვა მომავალი და მოგვიწია საჭიროებებისა და პრიორიტეტების გადახედვა. ვფიქრობ, რომ Covid-19-ის კრიზისმა ზოგადად მსოფლიოში დააჩქარა დიგიტალიზაცია და ჩვენი სტრატეგიაც ზუსტად ეს არის: „ფინკა ბანკი საქართველოს“ და ასევე FINCA Impact Finance-ის (რომლის წარმომადგენლობა ვართ საქართველოში) მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას ინოვაციები და დიგიტალიზაცია წარმოადგენს.
მთავარი შესაძლებლობა, რაც ამ კრიზისმა უფრო აქტუალური და მიღწევადი გახადა, ის არის, რომ გავხდეთ უფრო ციფრული ბანკი. დიდ ინვესტიციებს ვდებთ ონლაინუსაფრთხოების სისტემების განვითარებაში და მომავალშიც ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ მუშაობას ამ მიმართულებით. ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები მაქსიმალურად გადავიყვანოთ ონლაინმომსახურებაზე. მეორე მიმართულება თანამშრომლებისთვის უფრო მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნაა. პანდემიამ დაგვანახვა, რომ არ არის აუცილებელი, სათავო ოფისის თანამშრომლები ოფისში მოიყვანო, ისინი სახლიდანაც საკმაოდ კარგად და ეფექტიანად მუშაობენ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სახლიდან მუშაობა. ეს, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის მოქნილ სამუშაო გარემოს შექმნის, რითაც მათი კმაყოფილება გაიზრდება.
შესაძლებლობები ერთია და რისკები – მეორე… თქვენი დაკვირვებით, რა პრობლემები წარმოშვა მიმდინარე კრიზისმა საფინანსო სექტორში?
სწორედ პანდემიის შემდეგ შეიცვალა რისკების სურათიც. ტრადიციული რისკების პარალელურად, წამოიწია საოპერაციო, IT, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებმა. ასევე გაციფრულებასთან ერთად გაიზარდა ბანკის ისეთ მესამე მხარეზე დამოკიდებულების რისკები, როგორებიც არიან, მაგალითად, სხვადასხვა IT სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ინტერნეტის პროვაიდერები. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მესამე მხარეების, ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერრისკების მართვა.
პანდემიის დროს ზოგადად მთელ მსოფლიოში მოიმატა კიბერშეტევებმა, “ფიშინგმა“, ყალბი ელ- ფოსტის დაგზავნის შემთხვევებმა და ა.შ. გარდა ამისა, ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა გაუთვალისწინებელი მოვლენების დაგეგმვა და კრიზისული სიტუაციების მართვა. ჩვენი ბანკისთვის როგორც ინფორმაციული, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რაშიც ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვდებთ.
თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ რამდენიმე ქალს შორის, რომლებიც საქართველოს საბანკო სივრცეში დირექტორთა საბჭოს წევრები არიან რისკების მართვის მიმართულებით. როგორია საბანკო სექტორში რისკების მართვის თქვენეული ხედვა?
უკვე 15 წელზე მეტია, რისკების მართვის მიმართულებით ვმუშაობ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა რისკების მართვის კულტურა და მექანიზმები. მაგალითად 6-7 წლის წინ რა რისკებიც იყო მნიშვნელოვანი, ზოგიერთი მათგანი დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგანაც დაიხვეწა მათი მართვისა და მიტიგაციის მექანიზმები, თუმცა ბიზნესის განვითარებასთან ერთად ახალი რისკები იჩენს თავს. მაგალითად, თუ ადრე ადამიანური შეცდომები იყო ის მნიშვნელოვანი რისკი, რასაც შესაძლოა, ბანკისთვის დანაკარგი მოეტანა, ახლა უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები.
ზოგადად რისკების მართვა ძალიან დინამიკური პროცესია. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, რაც ახალ მიდგომებსა და ახლებურ რეაგირებას საჭიროებს. რისკების მართვისთვის მნიშვნელოვანია ასევე სცენარების დაგეგმვა და ანალიზი, რაც გულისხმობს მაკროეკონომიკური და სხვა უარყოფითი ფაქტორების შეფასებას. აქ კრიტიკულია, სწორად გააანალიზო და დაგეგმო, რა შეიძლება წავიდეს ცუდად და ამან რა მატერიალური გავლენა შეიძლება იქონიოს ბანკზე. ჩემი ხედვით, რისკის ფუნქცია ბიზნესის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რათა ბიზნესმა დასახულ მიზანს მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, ერთ მხარეს არის რისკები, საშიშროება, რომ რაღაც შეიძლება ცუდად წავიდეს და მეორე მხარეს არის ბიზნესის განვითარება, მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობების გამოყენება, პროგნოზებისა და გათვლების კრიტიკულად შეფასება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რისკების მართვა არის შესაძლებლობების მართვა და მათი სწორად გამოყენება.
ჩემთვის, როგორც რისკების დირექტორისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბანკში სწორი რისკების კულტურის ჩამოყალიბება. პრიორიტეტულია რისკების ცნობიერების ამაღლება არა მხოლოდ თანამშრომლებში, არამედ ასევე ჩვენს მომხმარებლებში. მომხმარებლებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რა რისკებთან შეიძლება მოუწიოთ შეხება და როგორ შეიძლება ამ რისკებისგან თავის დაცვა. მაგალითად, რა საშიშროება შეიძლება შეუქმნას კიბერრისკებმა და სხვა გარეშე ფაქტორებმა და როგორ შეუძლიათ ამ რისკებისგან თავის დაცვა.
“ფინკას“ მომხმარებლების 80% მიკრომეწარმეა, რომლებიც პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისით მნიშვნელოვნად ზარალდებიან. რა მხარდაჭერას ელოდებიან ისინი თქვენგან?
პანდემიის გამოცხადებისთანავე დავიწყეთ მომხმარებლების კვლევა, რაც დღესაც გრძელდება. მათ ვუკავშირდებით, ვეკითხებით, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მათზე, რა დახმარება ესაჭიროებათ და სჭირდებათ თუ არა სესხის გადავადება. შედეგად, ჩვენთან სესხების პორტფელის 44% გადავავადეთ. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ, რომ ყველასთვის აგვეხსნა, რას გამოიწვევდა გადავადება, ვინაიდან გადავადება აღიქვეს როგორც პატიება და სესხის პროცენტის არდარიცხვა. ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლების დიდმა რაოდენობამ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება შეძლო, სწორედ პასუხისმგებლობიანი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის შედეგია. მათ, ვის საქმიანობაზეც Covid-19-მა პირდაპირი გავლენა იქონია, “ფინკა ბანკმა“ ინდივიდუალური გადაწყვეტილება შესთავაზა, გამომდინარე იმ ზარალიდან, რაც ვირუსმა მათ ბიზნესსა და შემოსავალს მიაყენა.
მაგალითად, სასტუმრო ბიზნესის მქონე პირებს სპეციალური შეღავათები შევთავაზეთ, მაგრამ ფერმერების დიდ ნაწილს გადავადება ძირითადად არ დასჭირდათ. ამას გარდა, ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არაფინანსური დახმარებაც გავუწიოთ.
რას გულისხმობთ არაფინანსურ დახმარებაში?
ჩვენ მუდმივად ვახდენთ ჩვენი მომხმარებლების ინფორმირებას, თუნდაც, როგორ გაანაწილონ უკეთ შემოსავლები, გამოიმუშაონ დაზოგვის ჩვევა. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ვცდილობთ, გავუზარდოთ ცნობიერება ბიზნესის შესაძლებლობების უკეთ შეფასებისა და განვითარების კუთხით. ჩვენ მათთვის ვმუშაობთ ონლაინ და ციფრული პროდუქტების მორგებაზე. ერთი არის მომხმარებლებისთვის ფინანსური მხარდაჭერა და მეორეა დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბება. ჩვენი სადეპოზიტო პროდუქტები მომხმარებელთა ინტერესებსა და შემოსავლებზეა მორგებული. ვცდილობთ, ვასწავლოთ და დავანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაზოგვა და დაზოგვა რამდენად დაეხმარება ასეთ კრიზისულ სიტუაციებში.
ასე რომ, მომხმარებელთან ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება სესხის გაცემით, ჩვენი მიზანია, შევუქმნათ ყველა პირობა მომხმარებლებს, რომ მათ ახალი რეალობის ფონზე უზრუნველყონ საქმიანობის მდგრადი განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ნდობა გვაქვს მომხმარებლის მხრიდან, მაგალითად, პანდემიის დროს გვქონდა მოლოდინი, რომ ხალხი დაიწყებდა დეპოზიტების გატანას. თუმცა ვნახეთ, რომ პირიქით, ამ კუთხით ზრდა გვქონდა და ეს სწორედ ნდობის ფაქტორის შედეგია.
“ფინკა ბანკის“ მომხმარებლების 79% სოფლად მცხოვრებია, ძირითადად რა არის მა თი მოთხოვნები?
ფერმერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადახდის მოქნილი გრაფიკები. ჩვენ მათ ვთავაზობთ კიდეც გრძელვადიან, მათ ბიზნესშემოსავლებზე ორიენტირებულ, საშეღავათო პერიოდს, იმის მიხედვით, თუ როდის იღებენ, მაგალითად, მოსავალს. ვითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. ასევე მნიშვნელოვანია დაზღვევის პროდუქტით სარგებლობა, რაშიც ხელს ვუწყობთ და ვაფინანსებთ, რომ მოსავალი და მეურნეობა დაზღვეული ჰქონდეთ. ასევე მათ ესაჭიროებათ ციფრული პროდუქტები, რათა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ ყველა იმ მომსახურების მიღება, რაც სჭირდებათ და, შესაბამისად, მათ ასევე სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების ცოდნაც. ფერმერებისთვის სპეციალურ შეხვედრებს ვაწყობთ, შეხვედრების ფორმატის განვრცობასაც ვგეგმავთ, რომ გავაცნოთ ახალი აგროტექნოლოგიები, უფრო მეტი ცოდნა მიიღონ და სწორად მართონ მეურნეობა ამ ახალ რეალობაში.
თქვენ 30 ქალაქში 100 000-ზე მეტ მომხმარებელს მოიცავთ. “ფინკა ბანკის“ მიზანია, კიდევ უფრო მეტ მცირე ბიზნესს დაუჭიროს მხარი. რა დაბრკოლებებსა და რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ გზაზე?
“ფინკა“ უკვე 22 წელზე მეტია, ამ ბაზარზე მუშაობს. საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ძალიან კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს საქართველოს შვიდ რეგიონში და ისინიც გვიცნობენ. ჩვენ გამოვირჩევით ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით და მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, სწორად შევაფასოთ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჭარბვალიანობის თავიდან აცილებისათვის. როდესაც ვამბობთ, რომ ვაპირებთ, უფრო მეტ მომხმარებელს მივწვდეთ, ამაში უპირველესად ვგულისხმობთ ციფრული არხების განვითარებას და, მეორე მხრივ, ადგილობრივი პარტნიორების ქსელის გაფართოებას, რომლებიც აგროსფეროს მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები და გეგმები გვაქვს საქართველოს ბაზარზე.
“ფინკა ბანკი“ FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია, რომელიც ოც ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ექვსი ქვეყანა ევრაზიაში მდებარეობს. საინტერესოა, რა მსგავსებებია საქართველოსა და რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს შორის რისკების თვალსაზრისით?
“ფინკას“ გლობალურად აქვს მისია, რომ მოემსახუროს მიკრობიზნესს და დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს, შექმნას მათი ფინანსური გაჯანსაღების პირობები, ამიტომ მსგავსება ძალიან ბევრია. ჩვენ გლობალურად ვმუშაობთ ამ სეგმენტზე, ერთი ტიპის მომხმარებლებზე, რომელთაც მსგავსი საჭიროებები აქვთ, თუმცა კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ახდენს ბიზნესზე. ჩვენ ხშირად გვაქვს გლობალური შეხვედრები, სადაც ოცი ქვეყნიდან რისკ- მენეჯერები ვიკრიბებით და განვიხილავთ, რა რისკები და შესაძლებლობებია თითოეული ქვეყნის ჭრილში.
ამ შეხვედრებზე კარგად ჩანს, რომ რისკები და პროდუქტების შინაარსი დაახლოებით მსგავსი გვაქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც და ეს ქვეყნების სპეციფიკიდან და მაკროეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეობს. საქართველოში კარგი ის არის, რომ რეგულაციები ხელს გვიწყობს პროდუქტების გაციფრულებაში. სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით განსხვავებული მდგომარეობაა. ჩვენ ვუზიარებთ „ფინკას“ გლობალურ ქსელს ჩვენს გამოცდილებას. შეიძლება ითქვას, რომ “ფინკა ბანკი საქართველო“ ერთგვარი წარმატებული მოდელია ევრაზიის და არა მარტო ევრაზიის, არამედ “ფინკას“ დანარჩენი 19 ქვეყნისათვის.