რამდენიმე თვის წინ ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში ესტონეთის სახალხო კონსერვატორულმა პარტიამ საგრძნობ წარმატებას მიაღწია და კოალიციურ მთავრობაში რამდენიმე მინისტრის პორტფელი მიიღო. საქმე ისაა, რომ ეს პარტია რადიკალურ- მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელია და ამ პლატფორმისთვის დამახასიათებელი აგრესიულობით გამოირჩევა, მათ შორის – რუსეთის მიმართ, თუმცა რუსეთის მიმართ უნდობლობა ესტონეთს ისედაც არ აკლდა.
ამის მიუხედავად, ესტონეთის ექსპორტის მიმართულებებში რუსეთს ერთ- ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ყველაზე მეტი ესტონური პროდუქცია ფინეთში იყიდება, შემდეგ შვედეთსა და რუსეთში, ამ სამეულს მოსდევენ მისი მეზობლები ლატვია და ლიეტუვა.
ესტონეთსა და რუსეთს შორის სტაბილურად დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა იმის გამო, რომ ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია, ეს რიტორიკასა და დიპლომატიას არ სცდება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზარი ესტონეთისთვის, ისევე როგორც დანარჩენი ორი ბალტიისპირეთის რესპუბლიკისთვის, რეალური საფრთხის შემცველია, რუსეთი ლატვიის ექსპორტის სიდიდით მეორე გასაღების ბაზარია, ხოლო ლიეტუვასთვის – მთავარი საექსპორტო მიმართულება.
რუსულ ბაზარზე უარს არ ამბობენ, მაგრამ რუსული ბაზრის წილი ცალკეული ინდუსტრიების მიხედვით, როგორც წესი, 25 პროცენტს არ აჭარბებს. ამ ქვეყნებმა იციან, რას შეიძლება მოელოდნენ. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისთვის რუსული სავაჭრო სანქციები სიახლეს არ წარმოადგენს. ასე მაგალითად, 2014 წელს რუსეთმა ევროპული თევზის, რძის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალა. ეს ლიეტუვას ეკონომიკას დაახ. მშპ-ის 1 პროცენტი დაუჯდა, შედარებით მცირე – ესტონეთსა და ლატვიას. განსაკუთრებით საგრძნობი დარტყმა მიიღეს ესტონეთისა და ლიეტუვას რძის პროდუქტების მწარმოებლებმა, ასევე ლატვიის თევზის პროდუქტების ინდუსტრიამ.
საქართველოსაგან განსხვავებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათი ეკონომიკები განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ ძლიერ ევროპულ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, შვედეთი და ფინეთი. თუმცა, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ რუსული ბაზარი არ მიუტოვებიათ.
ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი მეწარმეები რუსოფილები არ არიან, ისევე როგორც – ქართველი ბიზნესმენები. რუსულ ბაზარს ვერ ელევიან კონკრეტული მიზეზების გამო, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში მოსახლეობის სიდიდით, ხოლო ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა – გერმანია რუსეთზე 2-ჯერ მცირეა; მართალია, ამ მილიონობით რუსის მსყიდველობითი უნარი დაბალია, მაგრამ მზარდია, ამასთან ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ექსპორტს რუსეთში ძირითადად საბაზისო მოხმარების სასოფლო- სამეურნეო პროდუქცია წარმოადგენს, რომელსაც, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც ყიდულობს.
თუმცა, მარტო ბაზრის სიდიდე არ არის.
პოლიტიკური ეკონომიკის დამფუძნებლის, შოტლანდიელი ადამ სმიტის “აბსოლუტური უპირატესობის თეორიის” მიხედვით, პორტუგალიას ინგლისისთვის ღვინო უნდა მიეყიდა, ხოლო ინგლისს პორტუგალიაში ტანსაცმელი გაეგზავნა. ვინაიდან პორტუგალიაში ღვინის წარმოება უფრო იაფი ჯდებოდა, ხოლო ინგლისში – ტანსაცმლის, ორივე ქვეყანა საკუთარ კონკურენტუნარიან უპირატესობას გამოიყენებდა, ნაწარმოებ პროდუქციას ერთმანეთში გაცვლიდა და საბოლოო ჯამში ორივე მოგებული რჩებოდა.
მართალია, თანამედროვე მსოფლიოში ვაჭრობა ასე მარტივი აღარ არის, მაგრამ “აბსოლუტური უპირატესობის თეორია” მაინც მუშაობს და ქვეყნები ყიდიან იმას, რაც უკეთესად გამოსდით და იქ, სადაც ამის დეფიციტია. ამგვარად, ის, რომ ქართული ღვინო ან ლატვიური თევზის კონსერვი რუსეთში იყიდება, გასაკვირი არაა.
საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე სტრუქტურა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს ჩამოყალიბდა და მასში წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობამ დაიკავა, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს ეს დარგი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამ გადაწყვეტილების უკან იდგა ორივე ფაქტორი: როგორც რაციონალური, ისე “კოლონიალური”. მათი გადმოსახედიდან და იმ იმპერიულ სტრუქტურაში საქართველო რაციონალურად იყო ინტეგრირებული. რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილში კონტინენტური ცივი ჰავის, ტუნდრისა და უდაბნოს პირობებში, ცხადია, მანდარინი ვერ მოვიდოდა, ისევე როგორც ვერც საქართველოს შავიზღვისპირეთში მოაშენებდნენ ირემს.
ეს “რაციონალური” ფაქტორი ითვალისწინებდა საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ თავისებურებებს, რაც მას გარკვეული კატეგორიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის ძალზე ხელსაყრელს ხდიდა. მიუხედავად რუსული იმპერიის სიდიდისა, მაგალითისთვის, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა პრაქტიკულად მხოლოდ საქართველოში იყო, ასევე მცირე იყო მთის საძოვრები და ხილ- ბოსტნეულისა და ვენახებისთვის ვარგისი მიწები, თან იმგვარად, რომ არ შეზღუდულიყო ძირითადი საკვები კულტურების მასიური საწარმოო ზონები.
პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ფაქტორებს ევროკავშირის წევრობა და თავისუფალი ვაჭრობა არ შველის. ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბალკანეთის ქვეყნები – ყოველი მათგანი საქართველოს ტიპის ბუნებრივ- კლიმატურ სარტყელებში მდებარეობს. ყველა ამ ქვეყანაში სოფლის მეოურნეობა ტრადიციულად განვითარებული დარგია. ამ ქვეყნების პროდუქციას ევროპაში საუკუნეებია, იცნობენ და რამ შეიძლება აიძულოს ავსტრიელი პენსიონერი, სუპერმარკეტში პროდუქციის შერჩევისას ესპანურ პომიდორს ჭოპორტის პომიდორი ამჯობინოს?!
ასეთი რამ ძალზე რთული მისაღწევია და ამ ტიპის “აბსოლუტური უპირატესობა” საქართველოს ძალიან მცირე პროდუქციას ახასიათებს. ამას ემატება “ცნობადობის” ფაქტორი. სწორედ იმ ცნობადობის გამო რუს მყიდველს მაინც ქართული ღვინისკენ მიუწევს გული, ხოლო ევროპელს – ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პროდუქციისკენ. ამ ტიპის სამომხმარებლო ჩვევები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, ისინი “კულტურული ნორმის” ნაწილია, რისი შეცვლაც ძალზე რთულია და დიდი დრო სჭირდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ექსპორტის კალათა არცთუ ცუდად გამოიყურება, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: აზერბაიჯანი (500 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (436 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (280 მლნ აშშ დოლარი), ბულგარეთი (260 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (234 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (200 მლნ აშშდოლარი); სხვა ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობას 2018 წელს 200 მლნ აშშ დოლარისათვის არ გადაუჭარბებია.
ეს საკმაოდ ახლოს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების საექსპორტო პორტფელთან, თუმცა ქართული ექსპორტის ზრდის დინამიკა მაინც საფრთხეების შემცველია. ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საექსპორტო კავშირები ასე გამოიყურება: დსთ (1 მლრდ 670 მლნ აშშ დოლარი), დანარჩენი ქვეყნები (955 მლნ აშშ დოლარი) და ევროკავშირი (730 მლნ აშშ დოლარი), თუმცა ევროკავშირი რომ სწორად აღვიქვათ, უნდა გავიაზროთ, რომ გერმანიაში სულ რაღაც 51 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, იგივე მაჩვენებელი 2013 წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამდე 73 მილიონი იყო, 2007 წელს – 56 მილიონი. 2009 წლიდან დსთ-ში ექსპორტი 4-ჯერ გაიზარდა, ევროკავშირში – 3-ჯერ და სხვა დანარჩენთან – 2-ჯერ.
ამ დინამიკის უკან სხვა გაცილებით დიდი პრობლემა დგას. საქართველო ვერ ახერხებს ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლას, ანუ იმ სტრუქტურის, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც რუსეთის იმპერიის ინტეგრირებული ნაწილი, შესაბამისად, ეკონომიკა ბუნებრივად მიისწრაფვის თავისი “კომფორტული ზონისაკენ”, რომელიც ამ შემთხვევაში დსთ-ის სივრცეა. თანაც ამ ზონისკენ მიილტვის სწორედ ის პროდუქცია, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის – სასოფლო- სამურნეო.
საქართველომ გასულ წელს სულ რაღაც 200 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა, ეს მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5 პროცენტია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა სხვა დიდი წმინდა საექსპორტო პოზიციები მხოლოდ რამდენიმე კომპანიის შემოსავალსა და მონოპოლიებს წარმოადგენს. ასე მაგალითად, ქართული წმინდა ექსპორტის ლიდერია სპილენძის მადნები, რომელთაც ფეროშენადნობები მოსდევს.
ამიტომ არის, რომ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო შეზღუდვები. ამიტომაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთავარი პრობლემა მისი საექსპორტო სტრუქტურაა, რომელსაც ვერც ხვალვე ევროკავშირში გაწევრიანება უშველის.
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არსებული ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში პრაგმატული მოსაზრებებით გვიბიძგებს დსთ-ის ბაზრისკენ და ეს არ გახლავთ ქართველი ბიზნესმენების პოლიტიკური არჩევანი.
თბილისიდან მოსკოვამდე საგზაო მანძილი 1975 კილომეტრია. სხვა დედაქალაქები და მნიშვნელოვანი ქალაქები 2000 კილომეტრის რადიუსში შემდეგია: თეირანი (1156 კმ), ბაქო (580 კმ), ერევანი (276 კმ), ბაღდადი (1600 კმ), ერბილი (1225 კმ), დამასკო (1642 კმ), ბეირუთი (1650 კმ), ამანი (1850 კმ), იერუსალიმი (1972 კმ), ანკარა (1400 კმ), სტამბული (1640 კმ), და კიევი (1888 კმ). სანქციებისა და ომების გამო შუა აღმოსავლეთი ჩვენთვის მიუწვდომელია, ეს კი უკვე ჩვენი გეოგრაფიული არეალის ნახევარია. ევროკავშირის დედაქალაქებიდან საქართველოსთან ყველაზე ახლოს სოფიაა (2190 კმ) და, შესაბამისად, ბულგარეთთან სავაჭრო ურთიერთობები მზარდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრია. ბერლინი, რომელიც თავისი ბაზრით შეიძლება მოსკოვს შეადარო, საქართველოდან 3600 კილომეტრით არის დაშორებული.
საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდება. მისი ნაირსახეობა და რაოდენობა ისეთია, რომ, ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, სწორედ საგზაო ტრანსპორტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ექსპორტში, თუ, რასაკვირველია, სპილენძისა და მარგანეცის მადნებს არ ჩავთვლით.
ბიზნესმენები ვერ ჩამოაყალიბებენ საგარეო პოლიტიკას, მათი საქმე ეკონომიკური უპირატესობების გამოყენებით მეტი შემოსავლისა და დასაქმების შექმნაა და როდესაც დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ვაჭრობენ, სწორედ ამ საქმეს ემსახურებიან.
თუ ქართველი ხალხის არჩევანია, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, მაშინ უნდა ვაწარმოოთ იმგვარი პროდუქცია, რომელიც ბუნებრივ გეოგრაფიულ არეალს გასცდება და, ყველა სხვა ფაქტორის მიუხედავად, მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირში, მოთხოვნადი იქნება. ანუ, “აბსოლუტური უპირატესობის თეორია” მხოლოდ ქართულ ღვინოზე არ გავრცელდება.
ეს არ გახლავთ უტოპია. ამის მაგალითები არსებობს. კუბური სიგარები მთელ მსოფლიოში იყიდება. მართალია, კუბამ მისთვის ყველაზე მიმზიდველი ამერიკის ბაზარი დაკარგა, მაგრამ კუბური სიგარისთვის და კუბური რომისთვის ამას ხელი არ შეუშლია, მსოფლიოში მოთხოვნადი გამხდარიყო.
ფინურ “ნოკიას” ასევე მთელ მსოფლიოში იცნობენ და ის არ გახლავთ ფინეთის “ტრადიციული” პროდუქცია. ფინეთს რუსეთის იმპერიაში საქართველოს მსგავსად თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი და ძირითადად ხე-ტყის ნედლეული უნდა დაემზადებინა. ფინელებს, როგორც ჩანს, ეს როლი მოჰბეზრდათ და “ნოკიას” გამოშვება დაიწყეს.
შვეიცარია მთელ მსოფლიოში ყიდის დამუშავებულ ძვირფას თვლებს, საათებს, დანებს, მედიკამენტებსა და სხვა. ისიც ძირითადად აგრარული ქვეყანა იყო, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ რძის პროდუქციით სამეზობლოს ვერ გასცდებოდა, ამიტომ სხვა დარგების განვითარებაზე იზრუნა.
იმ კალათით, რა კალათასაც ჩვენ დღეს მყიდველს ვთავაზობთ, ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ვართ და მცირე გადახრების გარდა ამის ძირეული ცვლილება ვერ მოხდება, თუ კალათაში არსებული პროდუქცია არ გადავახალისეთ.