როგორ აფასებენ კორუფციას საქართველოში?

როგორ აფასებენ კორუფციას საქართველოში?

ძველი ფრანგული, უფრო მანამდე კი ლათინური წარმოშობის სიტყვა “კორუფცია” საუკუნეებია, აღნიშნავს “პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით”.

ასეთ დეფინიციას აძლევს კორუფციას “საერთაშორისო გამჭვირვალობაც”, რომელიც მის შედეგებსა და გავლენებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში ითვლის. კორუფცია კვლავ რჩება მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად, რომელიც ზღუდავს როგორც მოქალაქეების კეთილდღეობას, ასევე ქვეყნის მისწრაფებას ინკლუზიური განვითარებისკენ. გაერომ კორუფციასთან საბრძოლველად სპეციალური დღეც დააწესა და ბოლო 15 წელია, 9 დეკემბერი ანტიკორუფციულ თარიღად გამოაცხადა. ბოლო პერიოდში, საქართველოში ელიტარულ თუ დაბალ ეშელონებში არსებულ კორუფციაზე საუბრები გააქტიურდა (თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც არასდროს შეწყვეტილა) როგორც პოლიტიკოსების და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისე ბიზნესის ნაწილის მხრიდან. ის, რომ კორუფცია ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს. საქართველოში კორუფციის აღქმის შესაფასებლად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგი გამოვიყენეთ.

კორუფციის გაზომვის მათემატიკურად ზუსტი მეთოდი თავისთავად არ არსებობს, თუმცა ზოგადი სურათი გვაჩვენებს, რომ ქვეყნის უცხოელი პარტნიორებისთვის თუ ინვესტორებისთვის საქართველოს პოზიციები ზემოთ მოყვანილ რეიტინგებში არცთუ ისე სახარბიელოა. ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ ნელა იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია კვლავ რჩება ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად სტაბილური განვითარებისთვის.

კორუფციის აღქმის ინდექსი

დავიწყოთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით. ამ უკანასკნელში, ბოლო მონაცემებით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილს იკავებს. კორუფციის აღქმის ინდექსი ემყარება ექსპერტების შეფასებებსა და მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. კვლევაში ფასდება სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობა, გამოძიებებთან დაკავშირებული პრობლემები და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული ფაქტები. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

კორუფციის გლობალური ბარომეტრი

ეს საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ფართო კვლევაა, რომელიც კორუფციის მხრივ მოქალაქეთა გამოცდილებას ეხება და პერიოდულად ქვეყნდება ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ. რიგითი მოქალაქეები კორუფციასთან ბრძოლის პროცესში ხშირად წინა ხაზზე დგანან. სწორედ ისინი აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ქრთამის ირიბი თუ პირდაპირი მოთხოვნა, მაგალითად, შვილის სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით. კვლევა საზოგადოების იმ ჯგუფის აზრს გამოავლენს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვს მატერიალური შესაძლებლობა ქრთამის გადახდისთვის.  

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციას ზომავს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. კერძოდ, ყოველწლიურ “გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში” გვხვდება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა “კორუფცია” და “სასამართლოს დამოუკიდებლობა”. გასულ წელს კრიტერიუმში “ეთიკა და კორუფცია” ქვეყანა 42-ე ადგილზე იყო 135 ქვეყანას შორის 7 სარეიტინგო ქულიდან 4.1 ქულით (კვლევაში 7 – საუკეთესო, 0 კი ყველაზე ცუდ შედეგზე მიუთითებს).

კორუფციის აღქმის რისკი

Trace International-ის კორუფციის აღქმის რისკის ბოლო მონაცემების მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. ზემოთ ნახსენები კვლევებისგან მას ის გამოარჩევს, რომ რეიტინგი სპეციალურად ბიზნესისა და ინვესტორებისთვის დგება. რაც უფრო დაბალია ქვეყნის სარეიტინგო ქულა, მით უფრო დაბალია ბიზნესის რისკები. წინა წლებთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ჩამოქვეითდა (კვლევაში მოხვედრილი ქვეყნების რაოდენობის ზრდის გამო), თუმცა რისკების შეფასებისას გამოყენებულ კრიტერიუმებში ქვეყნის პოზიცია გაუმჯობესებულია.

მსოფლიო სამართლის პროექტი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობას სწავლობს “მსოფლიო სამართლის პროექტიც”. კვლევის მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად ამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა კორუფციასა და სიღარიბეს, ასევე რამდენად ზრდის ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას. კვლევის ერთ-ერთი კრიტერიუმი კორუფციაა, რომელიც სამი სახის კორუფციას ზომავს: ქრთამის აღების ფაქტებს, არასათანადო და არაშესაფერის გავლენას საჯარო ან კერძო ინტერესებისთვის და საზოგადოებრივი სახსრების ან სხვა რესურსების მითვისებას.